სულხან გველესიანი



სულხან გველესიანი

სულხან გველესიანი სულხან გველესიანმა 1993 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1998 წელს კი  თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. თ. მუშკუდიანის კლასი). 1999-2000 წლებში არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსის დიპლომანტი და პრიზიორი გახდა.

2002 წლიდან სულხან გველესიანი ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია. მშობლიური თეატრის სცენაზე მას შესრულებული აქვს ბარიტონის შემდეგი პარტიები ჯუზეპე ვერდის ოპერებიდან: ჟერმონი „ტრავიატაში“, ამონასრო „აიდაში“, რიგოლეტო „რიგოლეტოში“, ნაბუკო „ნაბუკოში“, რენატო „ბალ-მასკარადში“, ეციო „ატილაში“, როდრიგო „დონ კარლოსში“, გრაფი დი ლუნა „ტრუბადურში“. მის მიერ შესრულებული პარტიებიდან აგრეთვე აღსანიშნავია მალატესტა (გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“), ალფიო (პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“)და სხვ.         

სულხან გველესიანი შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. 2007 წელს მან სოლო კონცერტი გამართა მოსკოვის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში; 2008 წელს ისრაელში, რიშონ ლეციონის ფესტივალზე წარმოდგენილ რუჯერო ლეონკავალოს ოპერაში „ჯამბაზები“ ტონიოს პარტია შეასრულა, ხოლო მომდევნო წელს ყაზანში (რუსეთი) შალიაპინის ფესტივალზე ამონასროს პარტია იმღერა.

2009 წელს ნიუ-იორკის კაუფმან-ცენტრში სულხან გველესიანი სოლო პროგრამით გამოვიდა. ორი წლის შემდეგ იგი მონაწილეობდა პარიზში, ინვალიდების სასახლეში გამართულ ვოკალური მუსიკის კონცერტში.

საოპერო სცენაზე სულხან გველესიანი ისეთ ცნობილ საოპერო მომღერლებთან ერთად გამოდიოდა, როგორებიც არიან: პაატა ბურჭულაძე, მიშელ კრაიდერი, დოლორა ზაჯიკი, ბადრი მაისურაძე, ვალერიან გამგებელი, გია ონიანი, გეღამ გრიგორიანი, ალექსანდრე ხომერიკი, თემურ გუგუშვილი და სხვ. იგი მუშაობდა დირიჟორებთან: დანიელე აჯიმანი, ზაზა აზმაიფარაშვილი, ჯანლუკა მარჩანო, ვიაჩესლავ ბარტოვსკი, კარენ დურგარიანი, რევაზ ტაკიძე, ჯულიო გალანდი, გივი აზმაიფარაშვილი, შუია ოკაცუ.