ვახტანგ ჯაშიაშვილი



ვახტანგ ჯაშიაშვილი

ვახტანგ ჯაშიაშვილი ვახტანგ ჯაშიაშვილმა თელავის სამუსიკო სკოლა გიტარის სპეციალობით 1997 წელს დაამთავრა. პარალელურად იგი ფოლკლორული ანსამბლის წევრიც იყო და ხშირად მონაწილეობდა კონცერტებში. თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სასწავლებლის ვოკალის განყოფილების დამთავრების შემდეგ, 2003-2007 წლებში სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში- ვოკალის სპეციალობაზე პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასში.

2007-2008 წლებში სტაჟირება გაიარა იტალიაში, რომის სანტა ჩეჩილიას ეროვნულ აკადემიაში, პროფესორ კარლო დეზიდერის ხელმძღვანელობით. ვახტანგ ჯაშიაშვილი აგრეთვე ესწრებოდა მასტერკლასებს ოზიმოს მუსიკალურ აკადემიაში (იტალია) და კონცერტებში იღებდა მონაწილეობას.

2010 წელს ლადო ათანელის ფონდ „თანადგომის“ მუსიკალური კონკურსის ლაურეატი გახდა. ამავე წლიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია.

მომღერლის რეპერტუარში შემდეგი პარტიებია: ალკადე (ჯუზეპე ვერდის „ბედის ძალა“), მარულო („რიგოლეტო“), სილვიო (რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“), კიაზო (ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“), თავადი ლევანი (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“).