ვანო გალუაშვილი



ვანო გალუაშვილი

ვანო გალუაშვილი ვანო გალუაშვილი ვოკალურ ხელოვნებას ეუფლებოდა პროფესორ ნოდარ ანდღულაძის ხელმძღვანელობით, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც მან 2001 წელს დაამთავრა. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა კონცერტებსა თუ საოპერო სტუდიის სპექტაკლებში. 1999 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი იყო.

2005 წელს მომღერალმა მონაწილეობა მიიღო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მიერ განხორციელებულ, ჯუზეპე ვერდის „აიდას“ ახალ დადგმაში.

მისი რეპერტუარი მოიცავს პარტიებს შემდეგი ოპერებიდან: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „დონ ჯოვანი“ (დონ ჯოვანი); ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“ (ბარტოლო); ჟორჟ ბიზეს „კარმენი“ (ესკამილიო); ჯუზეპე ვერდის „აიდა“ (ამონასრო), „რიგოლეტო“ (მონტერონე) და „ბალ-მასკარადი“ (სამუელი); რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“ (ტონიო); ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“; გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“ (დონ პასკუალე) და „სიყვარულის ნექტარი“ (დულკამარა); პიოტრ ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“ (ტომსკი); სერგეი რახმანინოვის „ალეკო“ (ალეკო); ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (მურმანი) და „დაისი“ (კიაზო).

სხვადასხვა პერიოდში, ვანო გალუაშვილი პარტნიორობას უწევდა ცნობილ მომღერლებს: პაატა ბურჭულაძეს, ნუგზარ გამგებელს, ლადო ათანელს, თემურ გუგუშვილს, ელდარ გეწაძეს, მზია დავითაშვილს, მზია ნიორაძეს; თანამშრომლობდა დირიჟორებთან: ჯანსუღ კახიძესთან, ზაზა აზმაიფარაშვილთან, კორნელია ფონ კესენბროკთან და სხვებთან.