ზაალ ხელაია



ზაალ ხელაია

ზაალ ხელაია ზაალ ხელაიამ დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილის კლასი) და მიიღო ბაკალავრის (2000 წ.) და მაგისტრის (2008 წ.) ხარისხი აკადემიურ სიმღერაში.
მისი დებიუტი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 2000 წელს ლეპორელოს პარტიით შედგა (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „დონ ჯოვანი“). 2001-2002 წლებში, ამავე თეატრში მომღერალი ასრულებდა მაზეტოს („დონ ჯოვანი“), დულკამარას (გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“), ექიმ ბარტოლოს (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“), ესკამილიოს (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“) პარტიებს; 2003-2006 წლებში, როგორც კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სოლისტი, ჟერმონის (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“) და ონეგინის (პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“) როლებში გამოდიოდა.
2004 წელს ზაალ ხელაიამ ამავე სტუდიის ახალ სპექტაკლში, დონიცეტის „დონ პასკუალეში“ მიიღო მონაწილეობა და მთავარი პარტია შეასრულა, რაც, მოგვიანებით, ქუთაისის საოპერო თეატრშიც იმღერა. როლი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2005 წელს მისი შესრულება მომღერალს თბილისის ოპერის ახალ პროექტშიც შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ აქ იგი არა მხოლოდ დონ პასკუალეს, არამედ მალატესტასაც ასახიერებდა.
მომდევნო ორი წლის განმავლობაში ზაალ ხელაია გამოდიოდა როგორც: როდრიგო (ვერდის „დონ კარლოსი“), ქურუმი (კამილ სენ-სანსის „სამსონ და დალილა“), კლავდიუსი (ალექსი მაჭავარიანის „ჰამლეტი“), რენატო (ვერდის „ბალ-მასკარადი“), ამონასრო (ვერდის „აიდა“) და სხვ.
2008 წელს, თბილისის საოპერო დასთან ერთად, იერუსალიმის ოპერის თეატრში განხორციელებულ საგასტროლო სპექტაკლში (რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ზაალ ხელაიამ სილვიოს პარტია შეასრულა და გალა კონცერტზე გამოვიდა. მის  გამოსვლებს შორისა აგრეთვე აღსანიშნავია სოლო კონცერტი პარიზის Le Théâtre Adyar-ში (საფრანგეთი).
2014 წლის სექტემბერში ზაალ ხელაია მიწვეული პროფესორის რანგში იმყოფებოდა შვედეთში, სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ოპერის კოლეჯში, და სამი კვირის განმავლობაში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ვოკალური ტექნიკის მასტერკლასებს ატარებდა.
მომღერალს საკმაოდ აქტიური პროფესიული ცხოვრება აქვს. 24 საოპერო პარტიის გარდა მის რეპერტუარშია ბახის, ჰენდელის, შუბერტის, შიუტცის, ორფის კანტატები, მესები და ორატორიები; აგრეთვე, ბრამსის, მალერის, მუსორგსკის ვოკალური ციკლები და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებები.
ზაალ ხელაია საოპერო სპექტაკლებში ისეთ ცნობილ მომღერლებთან ერთად მონაწილეობდა, როგორებიც არიან: ნინო მაჩაიძე, გიუნთერ ფონ კანენი, ბადრი მაისურაძე, იოჰანეს მარტინ კრენცლე, პეტერ მარში, ბეა რობეინი. თანამშრომლობდა დირიჟორებთან: გოგი ჭიჭინაძე, ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე, ვახტანგ მაჭავარიანი, შავლეგ შილაკაძე, ჯანლუკა მარჩანო, ვახტანგ კახიძე, ვინსენტ მონტეი.