ირინა ალექსიძე



ირინა ალექსიძე

ირინა ალექსიძე

ირინა ალექსიძემ 2001 წელს დაამთავრა სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი. 2002-3 წლებში სწავლობდა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2004 წელს, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, პიეტრო მასკანის ოპერაში „სოფლის ღირსება“ იგი პირველად გამოჩნდა ლუჩიასა და ლოლას როლებში. ამავე თეატრში, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მომღერალი ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ასრულებდა ნათელას („აბესალომ და ეთერი“), ნანოს („დაისი“); აგრეთვე ნანოს  ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტეში“;  ჯუზეპე ვერდის ოპერებში ფლორას („ტრავიატა“), ფენენას („ნაბუქო“), ამნერისის („აიდა“) პარტიებს.

მოგვიანებით, ვოკალურ ხელოვნებას იტალიაში და საფრანგეთში ეუფლებოდა: 2009-2010 წლებში ოზიმოს აკადემიაში (ოზიმო, იტალია), ხოლო 2010-2012 წლებში CNIPAL-ის აკადემიაში (მარსელი, საფრანგეთი). მასტერკლასებს იღებდა რაინა კაბაივანსკასთან, უილიამ მატეუცისთან, ლელა კუბერლისთან, მარიო მელანისთან. 

2010 წელს იტალიაში, ფაენცას ფესტივალზე, ვერდის ოპერაში „ტრუბადური“ ირინა ალექსიძე მაყურებელს აზუჩენას როლში წარუდგა.

2011-2012 წლებში ირინა ალექსიძე CNIPAL-ის აკადემიის სოლისტი იყო (მარსელი, საფრანგეთი). 2011 წელს მიწვეული იყო Festival de Radio France-ზე. 

2012 წლიდან იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია.

მომღერალი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მის ჯილდოებს შორისაა: პირველი ადგილი პეზაროს მე-7 ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე (იტალია), პირველი ადგილი სიმღერის 26-ე საერთაშორისო კონკურსზე (ბეზიე, საფრანგეთი) და სხვ. აღსანიშნავია ქართველი მეცო-სოპრანოს კონცერტები საფრანგეთის მრავალ საოპერო თეატრში (მარსელი, ნიცა, მონპელიე, პარიზი და სხვა). 

ირინა ალექსიძის რეპერტუარი მეტად მრავალფეროვანია. ზემოთ ჩამოთვლილი პარტიების გარდა, იგი ასრულებს კარმენის პარტიას ჟორჟ ბიზეს ამავე სახელწოდების ოპერაში, სუზუკის _ ჯაკომო პუჩინის „მადამ ბატერფლაიში“; ალს –  ანტონინ დვორჟაკის ოპერაში „ალი“; დალილას –  კამილ სენ-სანსის „სამსონ და დალილაში“ და სხვა მრავალს.

თანამშრომლობს ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: გოგი ჭიჭინაძე, ზაზა აზმაიფარაშვილი, ჯანლუკა მარჩანო, რევაზ ტაკიძე, ვახტანგ მაჭავარიანი და სხვები.