ნატალია ვოლჩენკო



ნატალია ვოლჩენკო

ნატალია ვოლჩენკო ნატალია ვოლჩენკომ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის სრული კურსი და ასპირანტურა პროფესორ სვეტლანა ეგოროვას ხელმძღვანელობით დაამთავრა. ამასთანავე, მასტერკლასებს იღებდა გალინა ვიშნევსკაიასთან, ელენა ობრაზცოვასთან, მაყვალა ქასრაშვილისთან, ზურაბ სოტკილავასთან, გეღამ გრიგორიანთან, თემურ გუგუშვილთან.  1993 წელს, მესამე კურსის სტუდენტი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი გახდა. მისი დებიუტი ჯუზეპე ვერდის „აიდაში“, ამნერისის პარტიით შედგა, რომელიც, მისი შემდგომი პარტიების მსგავსად, მაესტრო ჯანსუღ კახიძის ხელმძღვანელობით მოამზადა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი დირიჟორის ინიციატივით, ნატალია ვოლჩენკომ სოპრანოს რამდენიმე პარტიაც შეისწავლა და წარმატებით შეასრულა.

მომღერლის ფართო რეპერტუარში, რომელსაც იგი თბილისის გარდა რუსეთისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების საოპერო სცენებზე ასრულებდა, შედის მეცო-სოპრანოს პარტიები ვერდის ოპერებში: ებოლი („დონ კარლოსი“), აზუჩენა („ტრუბადური“), მადალენა („რიგოლეტო“), ულრიკა („ბალ-მასკარადი“). რიხარდ ვაგნერის ოპერებიდან ნატალია ვოლჩენკოს რეპერტუარშია ადრიანოს („რიენცი“), ფრიკას („ვალკირია“),  სენტას („მფრინავი ჰოლანდიელი“) პარტიებს.  გარდა ამისა, მომღერალი ასრულებს სანტუცას (პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“), კარმენის (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“), დალილას (კამილ სენ-სანსის „სამსონ და დალილა“); პრინცესა დე ბუიონის (ჩილეას „ადრიანა ლეკუვრერი“) ნათელას (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), ნანოს (ფალიაშვილის „დაისი“), ბარბალეს (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“), მედეას (ბიძინა კვერნაძის „კოლხთა ასული“); როზინას (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“), შარლოტეს (ჟიულ მასნეს „ვერთერი“); პოლინას, ლიზას, გრაფინიას (პიოტრ ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ოლგას (ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“), მარინა მნიშეკის (მოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), მარფას („ხოვანშჩინა“); ლიუბაშას (ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლე“) და სხვა პარტიებს.

არანაკლები მრავალფეროვნებით გამოირჩევა ნატალია ვოლჩენკოს საკონცერტო რეპერტუარი, რომელიც მოიცავს მოცარტის, ვერდის, ბრუკნერის „რეკვიემებს“; მალერის მეორე სიმფონიას; მიხეილ ოძელის ციკლს მეცო სოპრანოსა და ორკესტრისთვის. სოლო კონცერტებზე იგი ასრულებდა დასავლეთევროპელი, რუსი და ქართველი კომპოზიტორების ვოკალურ მუსიკას; ჩაიკოვსკისა და რახმანინოვის კამერულ-ვოკალურ შემოქმედებას, შუმანის, ვაგნერის, დე ფალიას, მალერის, მუსორგსკის, შოსტაკოვიჩის ვოკალურ ციკლებს, არიებს ბახის კანტატებიდან და ორატორიებიდან.

ნატალია ვოლჩენკო ვანო სარაჯიშვილის პრემიის ლაურეატი, 1994 წლის ტულუზის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის და 1996 წლის „ვერდის ხმების“ პრიზიორი და ფინალისტია. 1995 წელს მან პირველი პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე. 2011 წელს, მან, ელდარ გეწაძის ხელმძღვანელობით, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და მუსიკოლოგიის დოქტორის წოდება მიიღო. მომღერალი რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორია, რომელიც საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა. იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია და, ასევე, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში ვოკალს ასწავლის.