თეა დემურიშვილი



თეა დემურიშვილი

თეა დემურიშვილი თეა დემურიშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი (ოლიმპ ხელაშვილის კლასი) დაამთავრა  და სწავლა ოზიმოს მუსიკალურ აკადემიაში განაგრძო სერჯო სეგალინის და მარიო მელანის ხელმძღვანელობით, შემდგომ სტაჟირებას, „ლა სკალას“ აკადემიაში, მაგდა ოლივეროსთან გადიოდა. ღირსშესანიშნავი იყო მომღერლის მილანში, ვერდის სახელობის დარბაზში გამართულ კონცერტში და ამავე დარბაზში კარუზოს ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობა ისეთ დიდ მუსიკოსებთან როგორც ფაბიო არმელიატო, პიეტრო კაპუჩილი, კარლო მარია ჯულინი. 2001 წელს თეა დემურიშვილმა ვერდის სახელობის ფესტივალზე შეასრულა აზუჩენას პარტია ჯუზეპე ვერდის ოპერაში „ტრუბადური“.

თეა დემურიშვილის არტისტული ბიოგრაფია მეტად შთამბეჭდავია. მომღერალი სხვადასხვა წლებში მსმენელის წინაშე წარსდგა იტალიის, შვეიცარიის, სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის, არგენტინის, მექსიკის, საფრანგეთის ცნობილ საოპერო და საკონცერტო სცენებზე. მომღერლის რეპერტუარი მოიცავს მეცო-სოპრანოს პარტიებს შემდეგ ოპერებში: ჯუზეპე ვერდის „აიდა“, „რიგოლეტო“, „ბედის ძალა“, „ტრუბადური“; ჟორჟ ბიზეს „კარმენი“; ჯაკომო პუჩინის „მადამ ბატერფლაი“; ვინჩენცო ბელინის „ნორმა“; გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“; პიეტრო მასკანის „პარიზინა“; კამილ სენ-სანსის „სამსონი და დალილა“; ჟიულ მასნეს „ვერთერი“; ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“; სერგეი პროკოფიევის „ალექსანდრე ნეველი“; მოდესტ მუსორგსკის „ქორწილი“ და სხვა. მრავალფეროვანია მომღერლის საკონცერტო რეპერტუარიც. გამოცემულია კომპაქტ-დისკები ქართველი მეცო-სოპრანოს შესრულებით.

თეა დემურიშვილმა მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო ფესტივალში, რომელთა შორის აღსანიშნავია უექსფორდის (ირლანდია), რადიო ფრანსის მონპელიეს და პარიზის სენ დენის (საფრანგეთი), სტრეზას და ვერდის სახელობის (იტალია) ფესტივალები და სხვ. თეა დემურიშვილს შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს ისეთ დირიჟორებთან როგორც ჟან-კლოდ კასადესუსი, დანიელე კალეგარი, ჯანანდრეა ნოსედა, რიკარდო ფრიცა, ისააკ კარაბჩევსკი და სხვ. მის პარტნიორებს შორის აღსანიშნავია მარია გულეგინა, ევა მარტონი, დენია მაცოლა, მარჩელო ალვარესი, ალბერტო კუპიდო, სალვატორე ლისიტრა, ჯუზეპე საბატინი, ლადო ათანელი, ილდარ აბდრაზაკოვი, პაატა ბურჭულაძე, რენე პაპე და სხვ.