ირა იოსებიძე



ირა იოსებიძე

ირა იოსებიძე ირა იოსებიძემ დაამთავრა თბილისის  ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი ფორტეპიანოს და ვოკალის სპეციალობით, მაგისტრატურა და ასპირანტურა სოლო სიმღერის სპეციალობით (2006 წ.).

2012 წელს დაამთავრა მილანის ჯუზეპე ვერდის კონსერვატორიის ასპირანტურა.

2012 წლიდან იგი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია.                                            

ჯერ კიდევ სტუდენტობისას თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლებში ნორინას (გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“) და ვიოლეტას (ვერდის „ტრავიატა“) პარტიები შეასრულა. 2008-2009 წლებში მღეროდა მიუზეტას (ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“) პარტიას მილანის ვერდის დარბაზში, სხვადასხვა თეატრსა (Rosetum, Circolo Volta) თუ ფესტივალზე (საზაფხულო ფესტივალი La bella estate di  Milano Teatro dell opera di Milano). ქართველი სოპრანოს მიერ შესრულებული ეს პარტია დადებითი რეცენზიით აღინიშნა ავტორიტეტულ იტალიურ ჟურნალში Corriere del Teatro (2009 წ.). გარდა ამისა,  მილანშივე მომღერალი ასრულებდა სოფიას როლს ჯოაკინო როსინის ოპერაში  „ბატონი ბრუსკინო“ (2009 წ. ვერდის დარბაზი); ცერლინას – მოცარტის ოპერაში „დონ ჯოვანი“ (2009 წ. თეატრი Rosetum); ვიოლეტას – ვერდის „ტრავიატაში“ (2010 წ.  ვერდის დარბაზი). 2009-2010 წლებში კონცერტებით გამოდიოდა მილანში,  რომში,  პავიაში და სხვ.
მომღერლის რეპერტუარშია ასევე ადინას (დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“), ეთერის (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), მაროს (ფალიაშვილის „დაისი“), ოსკარის (ვერდის „ბალ-მასკარადი“) პარტიები.

ირა იოსებიძე საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა III კონკურსის დიპლომანტი (2003 წ.) და ჯულიეტა სიმიონატოს სახელობის მეთხუთმეტე საერთაშორისო კონკურსის მეორე პრემიის მფლობელია (2009 წ. იტალია).