ირინა თაბორიძე



ირინა თაბორიძე

ირინა თაბორიძე თავდაპირველი განათლებით პიანისტი ირინა თაბორიძის საოპერო დებიუტი 2007-2008 წლებში, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სტაჟირებისას შედგა. მან მზიასა (ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“) და ნედას (რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“) პარტიები შეასრულა. 2009 წლიდან იგი თბილისის ამავე თეატრის სოლისტია. ამავე წელს იგი გამოდიოდა დონა ანას როლში (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „დონ ჯოვანი“); 2010 წლის ოქტომბერში კი მაყურებლის წინაშე წარსდგა სოლო კონცერტით თელავის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, რომლის დამფუძნებელია მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ელისო ვირსალაძე.

2011 წელს ირინა თაბორიძემ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მაგისტრატურა სოლო სიმღერის განხრით დაამთავრა (საქართველოს სახალხო არტისტის, პროფესორ ელდარ გეწაძის კლასი). ამავე წელს კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში შეასრულა ვიოლეტას პარტია (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“); მონაწილეობა მიიღო ალ ბუსტანის საერთაშორისო საოპერო ფესტივალში (ბეირუთი, ლიბანი), სადაც იმღერა სიფარე (მოცარტი, „მითრიდატე, პონტოს მეფე“) და სოპრანოს პარტია ანტონინ დვორჟაკის Stabat Mater-ში. 2011-2012 წლებში ირინა თაბორიძე ინსბრუკის საოპერო თეატრში (ავსტრია) მიიწვიეს, სადაც შეასრულა ელექტრას პარტია მოცარტის ოპერაში„იდომენეო, კრეტის მეფე“. ამავე სეზონზე თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე იმღერა ზენობია (გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი. „რადამისტო“). 2013 წელს ირინა თაბორიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საოპერო ფესტივალში „საარემას საოპერო დღეები“ (ესტონეთი), სადაც შეასრულა ჩო-ჩო სანის პარტია (ჯაკომო პუჩინი. „მადამ ბატერფლაი“). 2014 წლის ივლისში გრეის ბამბრისთან მასტერკლასი გაიარა თემაზე „ოპერა და გერმანული სიმღერა“ (Opera and German Lied). 2014 წლის ოქტომბერში ირინა თაბორიძემ არმელის საერთაშორისო საოპერო ფესტივალზე (უნგრეთი) სიფარეს პარტია შეასრულა (მოცარტი. „მითრიდატე, პონტოს მეფე“).

2005 წლიდან მომღერალი საკონცერტო ცხოვრებას ეწევა. მის რეპერტუარშია ბახის, ჰენდელის, მოცარტის, როსინის, შუმანის, შუბერტის, ვაგნერის, შტრაუსის, ბიზეს, ჩაიკოვსკის, რახმანინოვისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.