ირინე რატიანი



ირინე რატიანი

ირინე რატიანი ირინე რატიანმა 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ მედეა ამირანაშვილის კლასი). 1995-98 წლებში სწავლობდა ოზიმოს Academia d’arte Lirica e Corale-ში (იტალია). მისი პედაგოგები იყვნენ: სერჯო სეგალინი, მარიო მელანი, რაინა კაბაივანსკა. 1996 წელს, იტალიაშივე, მაესტრო ალბერტო ძედას ხელმძღვანელობით გაიარა „სპონტინის აკადემია“ მაიოლატი სპონტინიში და „როსინის აკადემია“ პეზაროში.

1997 წელს ბუსეტოში გაიმარჯვა საერთაშორისო კონკურსზე „ვერდის ხმები“. ამავდროულად, როგორც კონკურსის საუკეთესო სოპრანო, დაჯილდოვდა როზა პონსელის ამერიკული ფონდის პრიზით და ვერცხლის მედლით, შედგა მისი ამერიკული დებიუტი ვაშინგტონში, ბოსტონსა და ბალტიმორში გამართული კონცერტებით.

1997-98 წლებში გაიმარჯვა სპონტინის სახელობის მეორე, და რომის ვოკალისტთა მეოთხე საერთაშორისო კონკურსებში. 1998 წელს გახდა ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მომღერალი და დაჯილდოვდა იტალიელ კრიტიკოსთა და Opera – CD Classica-ს პრიზით
1996-2000 წლებში მონაწილეობდა მარტინა ფრანკას საოპერო ფესტივალებში (იტალია). 2000 წელს ჯოაკინო როსინის ოპერაში „ოტელო“ შეასრულა ოტელოს პარტია, რაც სოპრანოს მიერ ამ პარტიის შესრულების I შემთხვევაა მეოცე საუკუნეში.

2001 წელს, როსინის სახელობის საოპერო ფესტივალზე მისი დებიუტი მადამ კორტეზეს პარტიით შედგა როსინის ოპერაში „მოგზაურობა რეიმსში“, 2002-2003 წლებში კი, სპოლეტოს საოპერო მუსიკის ფესტივალზე (იტალია), ჯუზეპე ვერდის „მაკბეთში“ ლედი მაკბეთის პარტია შეასრულა.

2003-2004 წლებში თბილისის ოპერის თეატრში მღეროდა აიდას პარტიას (ვერდის „აიდა“). 2003 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის დიდ თეატრში გამართულ ქართული კულტურის ფესტივალში და იმღერა საზეიმო გალა-კონცერტზე. 2005-2006 წლებში ირინე რატიანმა, ფლორენციაში, ფიეზოლეს ორკესტრთან და გუნდთან ერთად შეასრულა სოპრანოს პარტია ჯუზეპე ვერდის „რეკვიემში“; წარმატებით განასახიერა მედეას როლი ლუიჯი კერუბინის ამავე სახელწოდების ოპერაში (შატელეს საოპერო თეატრი, პარიზი); შვედეთში, დალჰალას საოპერო ფესტივალზე თბილისის საოპერო დასთან ერთად ვერდის „ტრუბადურში“ ლეონორა იმღერა.

2007-2008 სეზონზე თბილისის ოპერის სცენაზე ასახიერებდა დონა ანას (მოცარტის „დონ ჯოვანი“), ოდაბელას (ვერდის „ატილა“), აბიგაილს (ვერდის „ნაბუკოს“ საკონცერტო შესრულება).

2011 წელს, სლოვენიაში, მარიბორის საოპერო სცენაზე, ვერდის „ბედის ძალაში“ ლეონორას, ხოლო 2013 წელს, ესტონეთში, საარემაას საოპერო ფესტივალზე ოდაბელას პარტია იმღერა.
მას თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: ალბერტო ძედა, ეველინო პიდო, პაოლო არივაბენი, დანიელე კალეგარი, რიკარდო ფრიცა, მარკო ბალდერი, რობერტო მოლინელი, ზაზა აზმაიფარაშვილი, გოგი ჭიჭინაძე.
მომღერლის ჩანაწერებს შორისაა ბორონის „რეკვიემი“, როსინის „ოტელო“,
მოლინელის „მონტესორიანა“.