ლიანა კალმახელიძე



ლიანა კალმახელიძე

ლიანა კალმახელიძე ლიანა კალმახელიძემ თავისი პირველი საოპერო პარტია – მარო, ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში „დაისი“ – 17 წლის ასაკში, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის მეორე კურსზე სწავლისას შეასრულა. მას პარტნიორობას ცნობილი მომღერალი ბათუ კრავეიშვილი უწევდა.

ამ სპექტაკლის შემდეგ, კომპოზიტორ სულხან ცინცაძის რეკომენდაციით, მან სწავლა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ იულია ფალიაშვილის კლასში განაგრძო. სტუდენტობისას, კონსერვატორიის საოპერო სტუდიის დადგმებში, იგი ასრულებდა ადინას (გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“), ვიოლეტას (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“), ჯილდას (ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“), მიუზეტას (ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“), მაროს (ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“) პარტიებს.

ლიანა კალმახელიძის დებიუტი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 1975 წელს მაროს პარტიით შედგა. 1976-1977 წლებში მომღერალი სტაჟირებას მილანის „ლა სკალაში“ გადიოდა, სადაც ეტორე კამპოგალიანის, რენატო პასტორინოს და ანტონიო ბელტრანის ხელმძღვანელობით რამდენიმე პარტია მოამზადა. გარდა ამისა, კონცერტებზე გამოდიოდა მილანის ვერდის დარბაზში, პიკოლა სკალასა და სან ფედელეს დარბაზებში. პარმასა და ბუსეტოში დადგმულ პუჩინის „ბოჰემაში“ კი მიუზეტას პარტიას ასრულებდა.

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ მომღერალმა კვლავ განაგრძო თბილისის საოპერო თეატრში მოღვაწეობა; პარალელურად, სოლო კონცერტებსაც მართავდა. მათ შორის იყო ქართული და იტალიური მუსიკის კონცერტი ვისბადენში, ვისბადენის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი ზიგფრიდ კიოლერი, 1978), სოლო კონცერტები 1983 წელს, მოსკოვის დიდ თეატრსა და სვეტებიან დარბაზში; 1985-1989 წლებში ყოველწლიურად გამოდიოდა სანკტ პეტერბურგში, მარიას თეატრში და გლინკას სახელობის კამერულ დარბაზში; 1989 წელს მოსკოვში, რახმანინოვის სახელობის დარბაზში; 1995 წელს კაიროს საოპერო თეატრში. კაიროშივე ლიანა კალმახელიძემ სოლისტებისათვის მასტერკლასები ჩაატარა. სანკტ პეტერბურგსა და თბილისში მომღერალს გამართული აქვს მოცარტის, როსინის, დიმიტრი არაყიშვილის მონოგრაფიული კონცერტები.

1984 წელს ლიანა კალმახელიძე მონაწილეობდა ჯანსუღ კახიძის, მიხეილ თუმანიშვილისა და რობერტ სტურუას მიერ ორგანიზებულ გასტროლებში მოსკოვის დიდ თეატრში, სადაც მომღერალი მაროს (ფალიაშვილის „დაისი“) და ცერლინას (მოცარტის „დონ ჯოვანი“) პარტიებში გამოვიდა.

აღსანიშნავია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 2003 წლის გასტროლები ისრაელში, სადაც მომღერალმა ქეთოს პარტია შეასრულა (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“) და გალა კონცერტზე იმღერა.

ლიანა კალმახელიძე საშემსრულებლო და პედაგოგიურ მოღვაწეობას უთავსებს ერთმანეთს. იგი ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში დამწყებ მომღერლებს ვოკალურ ხელოვნებას ასწავლის.