მანანა იორდანიშვილი



მანანა იორდანიშვილი

მანანა იორდანიშვილი მანანა იორდანიშვილმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1993 წელს დაამთავრა. 1994-1995 წლებში სტაჟირება გაიარა პროფესორ ნოდარ ანდღულაძის ხელმძღვანელობით. 1994-1997 წლებში სოლო კონცერტებით გამოდიოდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კამერულ დარბაზში. 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი).

მომღერალი საქალაქო და რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატია. 2000-2002 წლებში იგი ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი იყო. 2000-2002 წლებში თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში სოლო კონცერტებს მართავდა. ამავე წლიდან იგი თბილისის ოპერის თეატრის სოლისტია. 2003-2009 წლებში მანანა იორდანიშვილი ასრულებდა ნაანას (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), ქალბატონის (ჯუზეპე ვერდის „მაკბეთი“),ოსკარის და ამელიას („ბალ-მასკარადი“), დონა ელვირას (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „დონ ჯოვანი“), მაროს (ფალიაშვილის „დაისი“), ნედას (რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ეთერის (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), ანინას (ვერდის „ტრავიატა“) პარტიებს.
2009 წელს ვერდის „ნაბუქოს“ პრემიერაზე მანანა იორდანიშვილი მსმენელის წინაშე ანას პარტიით წარსდგა, ხოლო 2011 წელს გოგი ჩლაიძის „დარისპანის გასაჭირის“ პრემიერაზე ნატალიას როლი განასახიერა.

მომღერლის რეპერტუარში შედის სუზანას (მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“), დეზდემონას (ვერდის „ოტელო“), ლეონორას და ინესის („ტრუბადური“), ელიზაბეტა დი ვალუას („დონ კარლოსი“), ოდაბელას („ატილა“), მიმის (ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“), მიქაელას (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“) პარტიები; ასევე, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები.

მანანა იორდანიშვილი თანამშრომლობდა შემდეგ დირიჟორებთან: თამაზ ჯაფარიძე, ზაზა აზმაიფარაშვილი, დავით მუქერია, მანლიო ბენცი, გოგი ჭიჭინაძე, გიორგი ჟორდანია, ჯანლუკა მარჩანო, რევაზ ტაკიძე, დავით კინწურაშვილი.

წლების მანძილზე, მანანა იორდანიშვილი საოპერო სცენაზე პარტნიორობას უწევდა ისეთ ცნობილ მომღერლებს, როგორებიც არიან: ნოდარ ანდღულაძე, ალექსანდრე ხომერიკი, პაატა ბურჭულაძე, თეიმურაზ გუგუშვილი, მზია დავითაშვილი, მარიცა მაღლაფერიძე, ვალერიანო გამგებელი, ლიანა კალმახელიძე, ზურაბ სოტკილავა, გეღამ გრიგორიანი, გიორგი ონიანი, ლადო ათანელი.