მარიამ ქობალიანი



მარიამ ქობალიანი

მარიამ ქობალიანი მარიამ ქობალიანმა 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი პროფესორ ნოდარ ანდღულაძის ხელმძღვანელობით. 2005-2006 წლებში სტაჟირება გაიარა აუგსბურგის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში ბრიგიტ ფასბენდერთან, 2006-2007 წლებში კი სტაჟირებას გადიოდა ზალცბურგის „მოცარტეუმში“. 2000 წლიდან მარიამ ქობალიანი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. მისი დებიუტი ამ თეატრის სცენაზე 2001 წელს, ფლორია ტოსკას პარტიით შედგა პუჩინის ოპერაში „ტოსკა“ (სპექტაკლს ჯანსუღ კახიძე დირიჟორობდა).

თავისი კარიერის განმავლობაში მარიამ ქობალიანი თანამშრომლობდა ლადო ათანელთან, ნუგზარ გამგებელთან, თეიმურაზ გუგუშვილთან, პიტერ მარშთან, მარია შერემეტთან, ზბიგნევ გრუგიელსკისთან; მიუნხენის, პასაუს, კრაკოვის სიმფონიურ ორკესტრებთან, მანჰაიმის ფილარმონიულ ორკესტრთან, ზალცბურგის სტუდენტურ ორკესტრთან, ლვოვისა და ბავარიის კამერულ ორკესტრთან; დირიჟორებთან: ოდისეი დიმიტრიადისთან, ჯანსუღ კახიძესთან, დან ეტინგერთან, ბოიან ვედენოფთას, ჰეიკო ფოსტართან, სტანისლავ გალონსკისთან, კორნელია ფონ კერსენბროკთან. მომღერლის რეპერტუარი მოიცავს სოპრანოს პარტიებს შემდეგი ოპერებიდან: ბელინის „ნორმა“ (ნორმა), ბიზეს „კარმენი“ (მიქაელა), ლეონკავალოს „ჯამბაზები“ (ნედა), მოცარტის „დონ ჟუანი“ (დონა ანა, დონა ელვირა), „ფიგაროს ქორწინება“ (გრაფინია), „ჯადოსნური ფლეიტა“ (პირველი ქალი), ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (ეთერი), პუჩინის „ტოსკა“ (ტოსკა), „ბოჰემა“ (მიმი), ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ (ტატიანა), შტრაუსის „ღამურა“ (როზალინდა), ვერდის „ფალსტაფი“ (ნანეტა), „ბალ-მასკარადი“ (ამელია), „ტრუბადური“ (ლეონორა), „ოტელო“ (დეზდემონა), „დონ კარლოსი“ (ელისაბედი), „ბედის ძალა“ (ლეონორა) და სხვა. მარიამ ქობალიანის რეპერტუარშია აგრეთვე ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, ბრამსის „რეკვიემი“, მოცარტის „რეკვიემი“, ვერდის „რეკვიემი“, ბრუკნერის Te Deum, პერგოლეზის Stabat Mater და მრავალი სხვა.
2014 წლიდან ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ Musikerlebnis-eine Marke der Tonicale Musik&Event მიიწვია მარიამ ქობალიანი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის შესასრულებლად მანჰაიმში, მიუნხენსა და ნიურნბერგში.

მარიამ ქობალიანი მრავალ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს. მათ შორის აღსანიშნავია „შემოდგომის თბილისი“ (საქართველო), გუტ იმლინგის საოპერო ფესტივალი (გერმანია), „მუსიკა ძველ კრაკოვში“ (პოლონეთი), პასაუს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი და ა.შ.