მარიკა მაჩიტიძე



მარიკა მაჩიტიძე

მარიკა მაჩიტიძე მარიკა მაჩიტიძემ თავდაპირველი მუსიკალური განათლება ქუთაისის სამუსიკო სკოლაში, ჯერ ვიოლინოს, შემდეგ კი ვოკალის განხრით მიიღო. 2002-2008 წლებში იგი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორ მედეა ამირანაშვილის კლასში სწავლობდა. 2010-11 წლებში, იტალიაში, „როდოლფო ჩელეტის“ ბელ კანტოს აკადემიაში და მილანის ლა სკალას აკადემიაში მასტერკლასები ისეთი გამოჩენილ პედაგოგებისგან მიიღო, როგორებიც არიან ალბერტო ძედა, ტიციანა ფაბრიჩი, ლუჩანა სერა და ვინჩენცო სკალერა.

2013 წელს მარიკა მაჩიტიძემ ფრანგული სასიმღერო ხელოვნების სპეციალური კურსი გაიარა ფრანგული სიმღერისა და ოპერის აკადემიაში, ფლორანს დაგერ დე ჰიუროსთან და კეროლაინ დაუდლთან; მომდევნო წელს კი, მასტერკლასებს მარია მალიბრანის საერთაშორისო აკადემიაში ცნობილ ქართველ მომღერალთან იანო თამართან (ალიბეგაშვილი) იღებდა.

2009 წლიდან მარიკა მაჩიტიძე თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. სოპრანოს მრავალ პარტიას შორის მის რეპერტუარშია ვიოლეტას (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“), ჯილდას (ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“), ლუჩიას (გაეტანო დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“) პარტიები. 2012 წელს მომღერალი მონაწილეობდა მინსკის საოპერო თეატრში გამართულ დსთ-ს ქვეყნების ახალგაზრდა საოპერო მომღერლების ფორუმში, სადაც „რიგოლეტოში“ ჯილდას პარტია შეასრულა. ამავე წელს იმღერა ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალებზე (2012-2014წ.) და თბილისის კამერული მუსიკის VIII ფესტივალზე სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიან კვარტეტთან ერთად.

2013 წელს მარიკა მაჩიტიძემ, ჯილდას პარტია (ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“) ესტონეთში, ფესტივალ „საარემაას საოპერო დღეებზე“ შეასრულა, სადაც ის  თბილისის საოპერო თეატრთან ერთად იმყოფებოდა. მომდევნო წელს, პოლონეთში, ვროცლავის Hala Stulecia-ში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მომღერალი საახალწლო კონცერტში მონაწილეობდა.

სოპრანო საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა მეოთხე რესპუბლიკური კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი და ლადო ათანელის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.