მაყვალა ასპანიძე



მაყვალა ასპანიძე

მაყვალა ასპანიძე მაყვალა ასპანიძემ თავისი პირველი საოპერო პარტია –  ზემფირა, სერგეი რახმანინოვის ოპერაში „ალეკო“ –  ჯერ კიდევ სტუდენტობისას (2002), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში შეასრულა. 2003-2004 წლებში კონსერვატორიის მცირე დარბაზში გამართულ სოლო კონცერტებზე ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის და სხვადასხვა ეპოქის იტალიელი კომპოზიტორების საოპერო არიებით გამოდიოდა.

2004 წლიდან იგი, როგორც სოლისტი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასს შეუერთდა. დღემდე მაყვალა ასპანიძე სოპრანოს წამყვან პარტიებს ასრულებს თეატრის მიერ განხორციელებულ სპექტაკლებში. მათ შორისაა ვერდის ოპერები: „აიდა“ (აიდა) „ტრავიატა“ (ვიოლეტა), „ბედის ძალა“ (ლეონორა), „ბალ-მასკარადი“ (ამელია), „ატილა“ (ოდაბელა), „დონ კარლოსი“ (ელიზაბეტი); აგრეთვე, მოცარტის „დონ ჯოვანი“ (დონა ელვირა), მთავარი პარტიები ჯაკომო პუჩინის „ტოსკასა“ და „მადამ ბატერფლაიში“; ეთერი  ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერში“, შუშანიკი – ბიძინა კვერნაძის ოპერაში „იყო მერვესა წელსა“, მზია –  ოთარ თაქთაქიშვილის „მინდიაში“, ნედა –  რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზებში“ და სხვ.

გარდა ამისა, მაყვალა ასპანიძე, ხშირად გამოდის საზღვარგარეთ გამართულ გალა-კონცერტებსა და სპექტაკლებში. თბილისის საოპერო თეატრის დასთან ერთად იგი მღეროდა გალა-კონცერტებზე: ასტანაში (ყაზახეთი), საერთაშორისო ფესტივალზე Et Vogue L'Opera (ხორვატია); მაალოთსა და რაანანაში (ისრაელი); თბილისში, სხვადასხვა საიუბილეო თუ საქველმოქმედო კონცერტებზე. სხვადასხვა წლებში იგი ასრულებდა აიდას, ლედი მაკბეთისა და ლედი მაკდაფის, ნედას, მარგარიტას (შარლ გუნოს „ფაუსტი“) პარტიებს ლიეჟში, ვალონიის სამეფო ოპერაში, ბელარუსის ოპერისა და ბალეტის დიდ ეროვნულ აკადემიურ თეატრში; მონტე-კარლოს ოპერაში, ხორვატიაში, დუბროვნიკის სასახლეში; ისრაელში: იერუსალიმში, კირიათ ჰაიმში, ჰერცელიაში და სხვ.

საოპერო სცენაზე მაყვალა ასპანიძე პარტნიორობას უწევდა: რუჯერო რაიმონდის, პაატა ბურჭულაძეს, ლადო ათანელს, ბადრი მაისურაძეს, მარია გულეგინას, მიკელე პერტუზის, ჯოვანი მეონის, ჯუზეპე ჯიპალის, მარკო ბერტის, პიერო ჯულიაჩის, ანიტა რაჭველიშვილს, რიკარდო მასის, ფრანცისკო ნეგრინს, ლუის დეზირეს, ნაიჯელ სმითს და ა.შ.

მომღერალი თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: პაოლო არივაბენი, ანტონელო ალემანდი, რენატო პალომბო, დანიელე აჯიმანი, ჯანლუკა მარჩანო, ჯულიან გალანტი, დავით კინწურაშვილი, ზაზა აზმაიფარაშვილი, გიორგი ჟორდანია, რევაზ ტაკიძე, გოგი ჭიჭინაძე, თამაზ ჯაფარიძე, ნიკოლოზ რაჭველი. ზაზა კალმახელიძე, ილია ინაიშვილი, რევაზ ჯავახიშვილი და სხვ.