ნინო ჩაჩუა



ნინო ჩაჩუა

ნინო ჩაჩუა ნინო ჩაჩუამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო სიმღერის ფაკულტეტი.

მისი დებიუტი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 2004 წელს, მარიხის პარტიით შედგა ფალიაშვილის ოპერაში „აბესალომ და ეთერი“. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე მას შესრულებული აქვს: ცერლინა და დესპინა (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერებში „დონ ჯოვანი“ და „ასე იქცევა ყველა ქალი“); ნორინა (გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“), მარო და მარიხი (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერსა“ და „დაისში“); ქეთო (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“), მზია (ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“), კაროჟნა (გოგი ჩლაიძის „დარისპანის გასაჭირი“). მომღერალი წარმატებით გამოდის ჯუზეპე ვერდის ოპერებშიც: „რიგოლეტო“ (ჯილდა), „ტრავიატა“ (ვიოლეტა), „ბალ მასკარადი“ (ოსკარი), „დონ კარლოსი“ (ტიბო, ხმა ზეციდან), „აიდა“ (მლოცველი).

2002-2013 წლებში ნინო ჩაჩუა, ხშირად მღეროდა სპექტაკლებში, სხვადასხვა კონცერტსა თუ ფესტივალზე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ გამოსვლებს შორის აღსანიშნავია Gut-Immling-ის 45-ე საოპერო ფესტივალი  გერმანიაში; ინგოლშტადტში დადგმული „ასე იქცევა ყველა ქალი“ (დესპინას პარტია); გალა კონცერტები ისრაელში: თელ ავივში, იერუსალიმში, მაალოთსა და რაანანაში; ასევე ლიტვაში: კლაიპედაში, ბუტინგესში და პაკუტუვენაიში. აღსანიშნავია თბილისში ჩატარებული კონცერტი, სადაც ნინო ჩაჩუამ ინგოლშტადტის კამერულ ორკესტრთან, პიანისტ ალფრედო პერლთან და დირიჟორ არიელ ცუკერმანთან ერთად მოცარტის „რონდო“ შეასრულა. მან აგრეთვე იმღერა თამარის პარტია ლიდია უესტის ოპერაში „დემონი“. მომღერალი რეგულარულად გამოდიოდა თბილისის კამერულ ორკესტრთან „თბილისის კონცერტინო“ და ოპერის კამერულ ორკესტრთან. თბილისის ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიაში ნინო ჩაჩუა ბახის, ჰენდელის, ჰაიდნის, მოცარტის კანტატებს ასრულებდა; სამთავრობო კონცერტზე კი ხოსე კარერასთან ერთად იმღერა. ამ კონცერტს საშა გოეცელი დირიჟორობდა.

დიდი ესპანელი მომღერლის გარდა, ნინო ჩაჩუა სცენურ პარტნიორობას უწევდა ფერუჩო ფურლანეტოს, მარკო ბერტის, რობერტო არონიკას, პაატა ბურჭულაძეს, ზურაბ სოტკილავას და სხვებს. თანამშრომლობდა დირიჟორებთან: საშა გოეცელი, ჯანლუკა მარჩანო, უვე ბერკემერი, არიელ ცუკერმანი, ვახტანგ მაჭავარიანი, გიორგი ჟორდანია, გიორგი ჭიჭინაძე, ზაზა აზმაიფარაშვილი, რევაზ ტაკიძე, შავლეგ და გიორგი შილაკაძეები, დავით კინწურაშვილი და სხვ.