სალომე ჯიქია



სალომე ჯიქია

სალომე ჯიქია სალომე ჯიქიამ ფორტეპიანოს სპეციალობაში მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2010 წელს მიიღო. 2008-2011 წლებში იგი ვოკალის ხელოვნებას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო სამუსიკო სკოლაში პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილთან ეუფლებოდა, ხოლო 2013-2014 წლებში რომის სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში სწავლობდა.

2010 წელს სალომე ჯიქია პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ სტიპენდიანტი გახდა. 2012 წელს მან ორი გრან-პრი მოიპოვა თურქეთსა და სომხეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალსა და კონკურსზე, ლადო ათანელის საერთაშორისო კონკურსზე კი პირველი პრიზის მფლობელი გახდა. 2014 წელს, ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე მომღერალმა მაქს კლაინის და მადრონიტა ანდრეუს სახელობის სპეციალური პრიზი მიიღო მოცარტის საუკეთესო შესრულებისთვის.

2009 წლიდან მომღერალი აქტიურად მონაწილეობს კონცერტებსა და სპექტაკლებში. მათ შორისაა: სოლო კონცერტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (2009, 2011, 2012), ასპასიას პარტია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ დადგმულ მოცარტის ოპერაში „მითრიდატე, პონტოს მეფე“; 2012 წელს იმღერა საერთაშორისო ფესტივალზე „ღამის სერენადები“, თბილისის კამერული მუსიკის მეშვიდე ფესტივალზე, ნოდარ ანდღულაძის საიუბილეო კონცერტზე, მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალზე „აღდგომიდან ამაღლებამდე“; საერთაშორისო ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“ (საქართველო). 2013 წელს მან შეასრულა როზინას პარტია მოცარტის ოპერაში „ცრუ უბრალოება“ (კომო-კრემონა-პავია. იტალია). მომდევნო წელს გდანსკში (პოლონეთი) ბაროკოს მუსიკის გოლდბერგის ფესტივალზე და თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალზე გამოვიდა; ბუდაპეშტში, არმელის ფესტივალზე კი ისმენე („მითრიდატე, პონტოს მეფე“) განასახიერა.