არმაზ დარაშვილი



არმაზ დარაშვილი

არმაზ დარაშვილი არმაზ დარაშვილმა 2005 წელს დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბაკალავრიატი (პროფესორ ლამარა გოგლიჩიძის კლასი), 2007 წელს მაგისტრატურა (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი). სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ვოკალური მუსიკის კონცერტებში.

2005 წელს პაატა ბურჭულაძის სახელობის სტიპენდიანტი გახდა. 2005-2007 წლებში თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში მსახიობად მუშაობდა და ასრულებდა ედუარდოს პარტიას ჯოაკინო როსინის ოპერაში „საქორწილო გარიგება“. 2006 წელს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დადგმაში „დაისი“ მაყურებლის წინაშე მალხაზის პარტიით წარსდგა.

2007 წელს, ბაქოში, ბიულბიულის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე არმაზ დარაშვილმა I პრემია და საუკეთესო ტენორის პრიზი მოიპოვა. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის „ნოვაია ოპერაში“ გამართულ ბიულბიულის საიუბილეო კონცერტში. 2008 წელს გახდა ხულიან გაიარეს სახელობის ვოკალისტთა კონკურსის დიპლომანტი (ესპანეთი, პამპლონა), 2010 წელს კი – ლადო ათანელის სახელობის კონკურსის ლაურეატი.

2008 წლიდან არმაზ დარაშვილი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტია. აქ მისი დებიუტი მალხაზის პარტიით შედგა (ზ. ფალიაშვილის „დაისი“), რომელსაც მოჰყვა კოტეს პარტია (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“). 2009 წელს კი იმღერა: ჯუზეპე ვერდის „ტრავიატაში“ (ალფრედი), ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“- ში (აბესალომი), ვერდის „რეკვიემში“(ტენორი); ასევე, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „საკორონაციო მესაში“ (ტენორი), რომელიც თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“ შესრულდა.

2010-2011 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ევროპის სხვადასხვა თეატრის სპექტაკლებსა თუ ფესტივალებში: იტალიაში ვერდის ფესტივალზე „სტიფელიოში“; ბოლონიის, რეჯო ემილიასა და მოდენას ოპერის თეატრების წარმოდგენებში (რიხარდ ვაგნერის „ტანჰოიზერი“, ლუიჯი დალაპიკოლას „ტყვე“). ასევე, ბოლონიისTeatro Manzoni-ში (ფერენც ლისტის Stabat Mater dall’Oratorio Christus, „ფაუსტ-სიმფონია“); კალიარის Teatro Lirico-ში (ნინო როტას „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“); ვარშავის ფილარმონიაში (ოტორინო რესპიგის „გაზაფხული“).

2012 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შეასრულა ისმაილის (ვერდის „ნაბუკო“) და პინკერტონის (ჯაკომო პუჩინის „მადამ ბატერფლაი“) პარტიები. 2013 წელს, საარემააში (ესტონეთი), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საგასტროლო სპექტაკლში „რიგოლეტო“, არმაზ დარაშვილმა ჰერცოგი განასახიერა. ამავე წელს მიწვეული იყო პარიზში, როსინის Stabat Mater-ის შესრულებაში მონაწილეობის მისაღებად. 2013 წლიდან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სოლისტია. მისი დებიუტი ბათუმში პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებაში“ (ტურიდუ) შედგა.
2014 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მონაწილეობა მიიღო ვერდის „ბალ-მასკარადსა“ და „ტრავიატაში“; ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ პრემიერაზე ხოზეს პარტია იმღერა. 2015 წელს, ამავე პარტიის შესასრულებლად, იგი ფლორენციაში, ვერდის სახელობის ოპერის თეატრში მიიწვიეს, რასაც თბილისური პრემიერაც მოჰყვა.

2016 წელს, განახლებულ ოპერის თეატრში განხორციელებულ „აბესალომ და ეთერის“ პრემიერაში არმაზ დარაშვილმა აბესალომის პარტია შეასრულა.