გია მახარაძე



გია მახარაძე

გია მახარაძე გია მახარაძე ვოკალურ ხელოვნებას თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა. 1997 წელს ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტ-სტაჟიორი იყო, ხოლო 1998 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია, სადაც სადებიუტოდ კოტეს როლი განასახიერა ვიქტორ დოლიძის ოპერაში „ქეთო და კოტე“.

მომღერლის რეპერტუარში ტენორის მრავალი წამყვანი პარტიაა, მათ შორის: მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“), აბესალომი (ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“), მაკდაფი (ჯუზეპე ვერდის „მაკბეთი“), ფორესტო (ვერდის „ატილა“), მანტუის ჰერცოგი (ვერდის „რიგოლეტო“), რიკარდო (ვერდის „ბალ-მასკარადი“), ისმაელი (ვერდის „ნაბუკო“), ერნესტო (გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“), გრაფი ალმავივა (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“). 2002 წელს, ლუქსემბურგელმა დირიჟორმა, ჟან პიერ ფაბერმა მომღერალი პასაუში (გერმანია) მიიწვია, ვერდის რეკვიემში ტენორის პარტიის შესასრულებლად, რომელიც 2008 წელს, დირიჟორ დან ეტინგერის ინიციატივით, თელ ავივის საოპერო თეატრშიც იმღერა.

2004 წელს გია მახარაძე მიწვეული იყო ბაქოს ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში (აზერბაიჯანი), სადაც, როსინის „სევილიელ დალაქში“, გრაფი ალმავივა განასახიერა. გარდა ამისა, მომღერალი კონცერტებითაც გამოდიოდა ისრაელში და ევროპის ქვეყნებში.

გია მახარაძის რეპერტუარში შედის იოჰან სებასტიან ბახის კანტატები, მოცარტის „მცირე მესა“ (რომელიც, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, საერთაშორისო ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“ შეასრულა), მისივე რეკვიემი და სხვ.
 
მომღერალს შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს მრავალ ქართველ და უცხოელ დირიჟორთან, როგორებიც არიან: ჯანსუღ კახიძე, ჟან პიერ ფაბერი, დან ეტინგერი, რევაზ ტაკიძე, შავლეგ შილაკაძე, ვახტანგ კახიძე, თამას ჯაფარიძე, ზაზა აზმაიფარაშვილი, დავით მუქერია, ზაზა კალმახელიძე, ჯანლუკა მარჩანო.