ირაკლი მურჯიკნელი



ირაკლი მურჯიკნელი

ირაკლი მურჯიკნელი ირაკლი მურჯიკნელი 2000-2004 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2009 წელს მან მიიღო მუსიკის ბაკალავრის, ხოლო 2011 წელს – მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (პროფ. თ. გუგუშვილის კლასი). ასევე იგი მუშაობდა ნოდარ ანდღულაძესთან, აქსელ ევერარტსთან, ვერენა კელერთან, ნილ ანდრიუ ბეიკერთან. ამჟამად მუშაობას განაგრძობს ალექსანდრე ხომერიკთან.
 
ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სპექტაკლებში ასრულებდა შემდეგ პარტიებს: ბასტიენი (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „ბასტიენი და ბასტიენა“, 2005), მანტუის ჰერცოგი (ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“, 2009), ერნესტო (გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“, რომელიც 2014 წელს ამავე სტუდიის სოლისტის ამპლუაშიც შეასრულა), ლენსკი (პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, 2008). ლენსკის პარტია მან ასევე იმღერა 2012-2013 წლებში ლატვიის ეროვნულ საოპერო თეატრში და პოლონეთში, შჩეცინის თეატრში „ოპერა ციხესიმაგრეში“ (2014).
 
2011 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მომღერალი მარციოს პარტიით გამოჩნდა მოცარტის ოპერაში „მითრიდატე, პონტოს მეფე“.
 
სტუდენტობის პერიოდში ირაკლი მურჯიკნელი საქართველოს პირველი ლედის, სანდრა რულოვსის (2006-2010 წწ.) და ვანო სარაჯიშვილის სახელობის (2011-2012 წწ.) სტიპენდიანტი იყო. 2010 წელს, ლადო ათანელის ვოკალისტთა კონკურსზე, მან სპეციალური სიგელი მიიღო და თბილისის ოპერის ორკესტრთან, ჯანლუკა მარჩანოს დირიჟორობით, გალა-კონცერტზე გამოვიდა.
 
2012 წელს ENOA-ს (საოპერო აკადემიების ევროპული ქსელი) ლატვიის ეროვნული ოპერის ვორკშოპში მონაწილეობდა, იმავე წელს ბიულბიულის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი გახდა (ბაქო, აზერბაიჯანი). მომდევნო წელს, შჩეცინში, საერთაშორისო კონკურსზე „ტენორთა ტურნირი“, სამი მთავარი პრიზიდან ორი, ორკესტრისა და თეატრის პრიზები მიიღო. 2013 წელსვე, ჯიტ პარკერის ახალგაზრდა არტისტების პროგრამის ფინალისტი გახდა ლონდონის სამეფო ოპერაში.
 
2012 წლიდან ირაკლი მურჯიკნელი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. აქ მან 2014 წელს იმღერა ალფრედოს პარტია ვერდის „ტრავიატაში“, ამავე წელს, კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში რუდოლფი განასახიერა (ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“).
მომღერლის მნიშვნელოვან გამოსვლებს შორისაა 2011 და 2014 წლების ალ ბუსტანის ფესტივალი (ლიბანი), სადაც მან იმღერა დვორჟაკის Stabat Mater-სა და ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაში ჯანლუკა მარჩანოს დირიჟორობით; ასევე მონაწილეობდა ბახის „მათეს პასიონის“ შესრულებაში, თბილისში, შავლეგ შილაკაძის ხელმძღვანელობით (2014); პოლონეთში, რჟეშოვის ფილარმონიის გალა კონცერტში ტომაშ ტოკარჩიკის დირიჟორობით და გალა-კონცერტში დმიტრი იუროვსკის დირიჟორობით (თბილისი, 2015).

016 წელს, აკადემია ბელკანტოს საერთაშორისო კონკურსზე მე 2 ადგილი მოიპოვა (ჯაკომო არაგალის პრემია). 2015-2016 წლებში იგი საერთაშორისო საოპერო სახელოსნოს მონაწილე იყო (კონცერტები ბაზელში, ბერნში, ციურიხში და ზიგრისვილში).

2017 წლიდან ირაკლი მურჯიკნელი შვეიცარიის ქალაქ ბილის და ზოლოტურნის სახელმწიფო თეატრების მოწვეული სოლისტია სადაც უკვე შეასრულა ჩაიკოვსკის ოპერა იოლანტაში ვოდემონის პარტია.

ირაკლი მურჯიკნელის რეპერტუარში აგრეთვე შედის: ტენორის პარტია როსინის Stabat Mater-ში, იტალიელი მომღერალი - რიხარდ შტრაუსის „ვარდის კავალერში“, ნემორინო და ედგარდო - დონიცეტის „სიყვარულის ნექტარსა“ და „ლუჩია დი ლამერმურში“ და სხვა მრავალი.