ოთარ ჯორჯიკია



ოთარ ჯორჯიკია

ოთარ ჯორჯიკია ოთარ ჯორჯიკია 2003-2007 წლებში სწავლობდა ავსტრიაში, ვენის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში. ამავდროულად, ვენის მუსიკალური საზოგადოების (Singverein der Gesellschaft der Musikfreunde Wien, Musikverein) გუნდში ირიცხებოდა, რომელიც თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: ჟორჟ პრეტრი, ვლადიმირ აშკენაზი, მიხაელ ბოდერი, გერდალ ბრეხტი და მომღერლებთან: კრასიმირა სტოიანოვა, მიხაელ შადე, ნატალი სტუცმანი, მარიანა ლიპოვსეკი და სხვები.
 საქართველოში დაბრუნებული ახალგაზრდა მომღერალი სწავლას თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, ნოდარ ანდღულაძის კლასში აგრძელებს. სწავლის პერიოდში, კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში მან შემდეგი მთავარი როლები შეასრულა: ტამინო (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა“); ალფრედი (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“); ნემორინო (გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“); მანტუის ჰერცოგი (ვერდის „რიგოლეტო“); ლენსკი (პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“).

კონსერვატორიაში სწავლისას ოთარ ჯორჯიკია საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი გახლდათ  (2012), ხოლო შემდეგ ვ. სარაჯიშვილის სახელობითი სტიპენდია დაენიშნა (2013).
 2011 წელს ოთარი გახდა ლადო ათანელის საერთაშორისო ვოკალისტთა კონკურსის ლაურეატი. ამავე წელს იგი შვეიცარიაში, ოპერის საერთაშორისო მასტერკლასზე მიიწვიეს, სადაც, ამასთანავე, კონცერტებში მონაწილეობდა (თუნი, ბერნი, სიგრისვილი). 2012 წელს კი, საბიონეტაში (იტალია), ედა მოზერისა და რენატო ბრუზონის მასტერკლასი გაიარა.
 2011-2012 წლებში ოთარ ჯორჯიკია ასრულებდა კოტესა და სიკოს როლს ვახტანგ კახიძის წარმატებულ პროექტში „ბარბალე“ (მასთან ერთად მონაწილეობდნენ მიხეილ ქირია და მარიამ ნაჭყებია). მომდევნო წელს ჰაიდნის ორატორიაში „სამყაროს შექმნა“ ტენორის პარტია შეასრულა (ე. მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს დავით კინწურაშვილი დირიჟორობდა).
2013 წელს ოთარ ჯორჯიკია თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი გახდა. მისი დებიუტი დონ ალვაროს პარტიით შედგა (ვერდის „ბედის ძალა“, 2014 წ.).
 2014 წელს, მომღერალი ბუსეტოში (იტალია) ჯ. ვერდის სახელობის კონკურსის „ვერდის ხმები“ ფინალისტი გახდა და ამავე ქალაქში, ვერდის ფესტივალზე მიწვევა მიიღო. ოთარმა ბუსეტოს, პარმის და ბოლონიის თეატრების ერთობლივ პროექტში მიიღო მონაწილეობა და ვერდის „ტრავიატაში“ ალფრედის პარტია შეასრულა (რეჟისორი - ჰენინგ ბროკჰაუსი, დირიჟორი - სტეფანო რაბალია). 2015 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მის მიერ შესრულებულ პარტიებს შეემატა მალხაზი (ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“) და ხოზე (ჟორჟ ბიზეს „კარმენი“).