თამაზ საგინაძე



თამაზ საგინაძე

თამაზ საგინაძე თამაზ საგინაძე ვოკალურ ხელოვნებას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პროფესორების, ლამარა ჭყონიას, ნოდარ ანდღულაძის და თეიმურაზ გუგუშვილის კლასში ეუფლებოდა. მისი დებიუტი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 1995 წელს თანდარუხის პარტიით (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“) შედგა. სპექტაკლს მაესტრო ჯანსუღ კახიძე დირიჟორობდა. მას შემდეგ, მომღერალი, ოპერის თეატრსა და კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში ასახიერებდა დონ ოტავიოს (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „დონ ჯოვანი“); კოტეს, სიკოს, (ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“); რინუჩოს (ჯაკომო პუჩინის „ჯანი სკიკი“), სპოლეტას (პუჩინის „ტოსკა“); მალხაზის, ტიტოს (ფალიაშვილის „დაისი“); ალმავივას (ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“); ალფრედს, გასტონს (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“), ულდინოს (ვერდის „ატილა“), რუისს (ვერდის „ტრუბადური“), აბდალოს (ვერდის „ნაბუკო“), ბარდოლფოს (ვერდის „ფალსტაფი“); ნოშრევანს (ოთარ თაქთაქიშვილის „პირველი სიყვარული“), ერნესტოს (გაეტანო დონიცეტის „დონ პასკუალე“), პეპეს (რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“).

გარდა ამისა, მომღერლის რეპერტუარშია იოჰან სებასტიან ბახის კანტატები, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ორატორია „მესია“; როსინის „მცირე საზეიმო მესა“; გოგი ჩლაიძის ვოკალური ციკლი „სიყვარულო ძალსა შენსა“, ჯუმბერ ჯანდიერის, ვაჟა დურგლიშვილის, თინა ბირკაძის სიმღერები და სხვ.

თამაზ საგინაძე მონაწილეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საგასტროლო სპექტაკლებში შვედეთში, ისრაელში, ესტონეთში. მას შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს პაატა ბურჭულაძესთან, მიშელ კრაიდერთან, გიუნთერ ფონ კანენთან, ბადრი მაისურაძესთან, ლადო ათანელთან, ზურაბ სოტკილავასთან, ჯანსუღ კახიძესთან, ოდისეი დიმიტრიადისთან, დიდიმ მირცხულავასთან, ზაქარია ხუროძესთან, რევაზ ტაკიძესთან, თამაზ ჯაფარიძესთან, ვახტანგ მაჭავარიანთან.

დაარსების დღიდან, მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ანსამბლის, „სულიკოს“ წევრია, რომელიც კლასიკურ რეპერტუართან ერთად ქართულ ფოლკლორულ მუსიკას ასრულებს და რეგულარულად გამოდის კონცერტებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.