თეიმურაზ გუგუშვილი



თეიმურაზ გუგუშვილი

თეიმურაზ გუგუშვილი გამოჩენილმა ქართველმა ტენორმა, თეიმურაზ გუგუშვილმა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი 1976 წელს დაამთავრა; ორი წლის შემდეგ კი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი გახდა. 1980-83 წლებში იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ასპირანტურაში სწავლობდა და პარალელურად,
1982-83 წლებში ­–  მილანის „ლა სკალაში“ ასპირანტურა-სტაჟირებას გადიოდა.
წარმატებული არტისტული კარიერის განმავლობაში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომღერალს შესრულებული აქვს ტენორის ოცდაათზე მეტი წამყვანი პარტია ქართულ და უცხოურ ოპერებში. მათ შორისაა მთავარი როლები ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“; ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტეში“, ოთარ თაქთაქიშვილის „მინდიაში,“ „მთვარის მოტაცებაში“, „პირველ სიყვარულსა“ და „მუსუსში“; მერი დავითაშვილის „ნაცარქექიაში“; გია ყანჩელის „და არს მუსიკაში“.

ძალზე მრავალფეროვანია თეიმურაზ გუგუშვილის არაქართული რეპერტუარიც, რომელშიც შედის: ჯუზეპე ვერდის „აიდა“, „დონ კარლოსი“, „ოტელო“, „რიგოლეტო“; ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“, „ბოჰემა“, „მადამ ბატერფლაი“; შარლ გუნოს „ფაუსტი“, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“, გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“, ჯოაკინო როსინის „სევილიელი დალაქი“, მოდესტ მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“, პიოტრ ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“ და „პიკის ქალი“; სერგეი პროკოფიევის „დუენია“ და „სამი ფორთოხლის სიყვარული“; ტენორის პარტიები მოცარტისა და ვერდის რეკვიემებში, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაში და სხვ.

თეიმურაზ გუგუშვილი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია და აკადემიური სიმღერის კათედრას ხელმძღვანელობს. ასევე, 2007 წლიდან დღემდე ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის, ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედის“ ვოკალური განყოფილების გამგეა.

შემოქმედებითი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში მომღერალი წარმატებით გამოდიოდა ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალი ქვეყნის საოპერო სცენაზე. 2003-2005 წლებში იგი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო.
1989 წელს თეიმურაზ გუგუშვილი საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, 1992 წელს კი  საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა. მას მიღებული აქვს ასევე, ზურაბ ანჯაფარიძის (1998) და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის (2003) პრემიები, ღირსების ორდენი (1994), მოსკოვის მენდელეევის სახელობის ქიმიის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება; UNESCO-ს ასოცირებული ცენტრის საპატიო პროფესორის წოდება და დიპლომი, მინსკის საერთაშორისო საშობაო საოპერო ფორუმის საპატიო დიპლომი; ირინა არხიპოვას ფონდის ვერცხლის მედალი.


2016 წელს, განახლებულ ოპერის თეატრში განხორციელებულ „აბესალომ და ეთერის“ პრემიერაში თეიმურაზ გუგუშვილმა აბესალომის პარტია შეასრულა.