ისტორია 



საქართველოს სახელმწიფო ოპერის გუნდი საოპერო დასთან ერთად ჩამოყალიბდა XIX საუკუნის 50-იანი წლებში და დაარსების დღიდან აქტიურად მონაწილეობს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში. საოპერო სპეტაკლების გარდა გუნდი მუდამ მონაწილეობდა და მონაწილეობს გალა-კონცერტებში, ბენეფისებში და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებების შესრულებაში. საინტერესოა, რომ 1919 წელს, ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ რიგით მეორე საპრემიერო წარმოდგენა სწორედ გუნდის საბენეფისოდ გაიმართა.
XX საუკუნის 70-იანი წლებიდან გუნდის გამოსვლები საქართველოს ფარგლებს გასცდა და საოპერო დასთან ერთად მონაწილეობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის და ევროპის ქვეყნებში გამართულ სპექტაკლებსა და კონცერტებში (რუსეთი, ბელარუსი, იტალია, გერმანია, მალტა, ისრაელი, შვედეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, საფრანგეთი)
გუნდის მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს ქართული და საზღვარგარეთული ოპერების შესანიშნავ ნიმუშებს, აგრეთვე ვოკალურ-სიმფონიურ ნაწარმოებებს, მათ შორისაა: იოჰან სებასტიან ბახის მესა სი მინორი („მაღალი მესა“), „მათეს პასიონი“, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „რეკვიემი“, ჯუზეპე ვერდის „რეკვიემი“, გია ყანჩელის „სტიქსი“; იოზეფ ჰაიდნის ორატორია „სამყაროს შექმნა“, კარლ ორფის „კარმინა ბურანა“ და სხვები.
გუნდს მუდამ ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქორმაისტერები და დირიჟორები, მათ შორის განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით ქორმაისტერებს გივი მუნჯიშვილსა და თენგიზ სანაიას, რომლებიც XX საუკუნის 70-იან წლებში მოღვაწეობდნენ თეატრში, აგრეთვე დირიჟორსა და ქორმაისტერს იან დუმინს, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯანსუღ კახიძემ 1982 წლიდან მოიწვია რიგის საოპერო თეატრიდან. ამჟამად გუნდის მთავარი ქორმაისტერია ავთანდილ ჩხენკელი, ქორმაისტერი შალვა შაორშაძე.