გასტროლი ტორე დელ ლაგო პუჩინის ფესტივალზე და ტალიaკოცოს ფესტივალებზე (იტალია).


23 ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით, უდიდესი წარმატებით შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტების, გუნდის და ორკესტრის გასტროლი ტორე დელ ლაგო პუჩინისა და ტალიაკოცოს ფესტივალებზე (იტალია).  
 
პუჩინის ფესტივალი ტორე დელ ლაგოში ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც მთლიანად  ამ ერთი კომპოზიტორის შემოქმედებას ეძღვნება. ფესტივალი პირველად 1930 წელს დაფუძნდა და წლების განმავლობაში იქცა მზარდი პრესტიჟის მქონე მოვლენად, რომელიც ათიათასობით მაყურებელს იზიდავს მთელი მსოფლიოდან.
 
ტორე დელ ლაგო პუჩინის ფესტივალში, სადაც ყოველწლიურად თავს იყრიან მსოფლიოს საუკეთესო საოპერო ვარსკვლავები, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა თბილისის ოპერის თეატრის დასმა. წარმატებული გასტროლი 26 ივლისს  პუჩინის ოპერით „მანონ ლესკო“ დაიწყო, რომელშიც მთავალ პარტებს ასრულებდნენ მაყვალა ასპანიძე, გოჩა დათუსანი, გიორგი ონიანი, პაატა სუხიტაშვილი. სადირიჟორო პულტთან იდგა მარტინს ოზოლინსი. მეორე დღეს იტალიური პრესა წერდა ქართველების ბრწყინვალე შესრულებაზე და მაყურებელთა უწყვეტ ოვაციებზე.

28 ივლისს ტორე დელ ლაგოს სცენაზე „ბოჰემას“ პრემიერა გაიმართა. ალფონსო სინიორინის რეჟისურით დადგმულ სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. სპექტაკლს 3000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო, „ბოჰემას“ პირდაპირ ეთერში 25 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებდა თვალს. სპექტაკლს მაესტრო ალბერტო ვერონეზი დირიჟორობდა. „ბოჰემას“ მომდევნო სპექატკლში (3 აგვისტო) მიმის პარტიაში შედგა თბილისის ოპერის თეატრის სტაჟიორის თინათინ მამულაშვილის ბრწყინვალე დებიუტი. მას პარტნიორობას უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად გიორგი ონიანი უწევდა. სპექტაკლს დეჟან სავიჩი დირიჟორობდა.

28 ივლისს შესრულდა პუჩინის ფესტივალის და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი სპექტაკლი „ტურანდოტი“, რომელშიც მთავარ პარტიებს ასრულებდნენ მაყვალა ასპანიძე და ანზორ ხიდაშელი. საგასტროლო ტურნეს ბოლო სპექტაკლს წარმოადგენდა „ტოსკა“, რომელიც ასევე პუჩინის ფესტივალის და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქციაა. სახელგანთქმული იტალიელი რეჟისორის ჯანკარლო დელ მონაკოს მიერ დადგმულ სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად (მთავარ პარტიას ასრულებდა გიორგი ონიანი, დირიჟორი - სტეფანო რომანი). სულ მალე ამ დადგმას ქართველი მაყურებელიც ნახავს.

სპექტაკლების ამსახველი ფოტომასალის სანახავად მიჰყევით ბმულს.

ტალიაკოცოს ფესტივალზე თბილისის ოპერის თეატრის ორკესტრმა შეასრულა პუჩინის ოპერები „მონაზონი ანჯელიკა“, „მადამ პატერფლაი“; პაგანინის N2 სავიოლინო კონცერტი, ბრამსის კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსათვის, ბეთჰოვენის N3 სიმფონია, ბეთჰოვენის N3 საფორტეპიანო კონცერტი, რახმანინოვის N2 საფორტეპიანო კონცერტი, დვორჟაკის სიმფონია „ახალი სამყაროდან“, ჩაიკოვსკის სერენადა და სხვა.