GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ზაზა აზმაიფარაშვილი

მთავარი დირიჟორი

თეატრის მთავარი დირიჟორი

ზაზა აზმაიფარაშვილმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, 1991 წელს კი იური ტემირკანოვის ხელმძღვანელობით სანქტ-პეტერბურგის ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით.

1985-2004 წლებში მაესტრო საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა. 1991 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე მოღვაწეობს. 1997-1998 წლებში ზაზა აზმაიფარაშვილი მოსკოვის დიდ თეატრში მიიწვიეს, სადაც მან ჯუზეპე ვერდის „ტრავიატასა“ და „ტრუბადურს“ უდირიჟორა. 1992 წელს ის სტამბოლში  გამართულ მუსიკალურ ფესტივალში Yapi Kredi საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდა.

1992 წელს ამავე ორკესტრის კამერულ შემადგენლობასთან ერთად ზაზა აზმაიფარაშვილმა კონცერტები გამართა ვალენსიაშიც (ესპანეთი). 1995 წელს, სანქტ-პეტერბურგში, სერგეი პროკოფიევის სახელობის დირიჟორთა II საერთაშორისო კონკურსში დირიჟორმა II პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა (I პრემია არ გაცემულა). 1996 წელს ზაზა აზმაიფარაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამავე ქალაქში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „მუსიკალური ოლიმპი“.

1997 წლიდან მუსიკოსი პერიოდულად მართავს კონცერტებს საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. დირიჟორობდა 1998 წელს თბილისში გამართულ საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე „ბრავო“, რომელიც გამოჩენილმა ქართველმა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დააარსა. 2000 წელს, როგორც მიწვეულმა დირიჟორმა, ზაზა აზმაიფარაშვილმა კონცერტი გამართა სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, 2003-2004 წლებში კი მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის დიდ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

2001 წელს ზაზა აზმაიფარაშვილი მიიწვიეს ლეიდაში (ესპანეთი), სადაც Teatre Principal-ის სცენაზე იდირიჟორა პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“. 2002 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განახორციელა ჯუზეპე ვერდის „მაკბეთი“. 

2005 წელს დირიჟორობდა კონცერტს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რუსეთის დიდ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან და სოლისტთან – ელისო ვირსალაძესთან ერთად. ამავე წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ვერდის „აიდას“ დამდგმელ დირიჟორად მოგვევლინა. 2006 წელს მისი ხელმძღვანელობით დაიდგა ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“, ვერდის „ტრუბადური“, ლეონკავალოს „ჯამბაზები“. ამავე წელს, შვედეთში, დალჰალას ოპერის საერთასორისო ფესტივალზე დიდი წარმატებით იდირიჟორა „ტრუბადური“ და სენ-სანსის „სამსონ და დალილა“; ისრაელში: მაალოთსა და რანაანაში გამართა ორი კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერლების მონაწილეობით. 2007 წელს, მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, მოსკოვის დიდ სიმფონიურ ორკესტრთან და სოლისტებთან, ირინე რატიანთან და სულხან გველესიანთან ერთად კონცერტი გამართა. ამავე წელს, ისრაელის ქალაქ ეილათში, ისრაელის სახელმწიფო კამერული ორკესტრის მიწვევით, ზაზა აზმაიფარაშვილმა იდირიჟორა თბილისის ოპერის თეატრის ფოლკლორული ანსამბლის, „სულიკოს“ კონცერტი.

2004-2009 წლებში ზაზა აზმაიფარაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო; 2014-16 წლებში იგი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის საპატიო დირიჟორი იყო, 2016 წლიდან კი კვლავ მთავარი დირიჟორია.

მაესტროს შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ თუ უცხოელ შემსრულებლებთან, რომელთა შორის არიან: ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ელენა ობრაზცოვა, პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, ლადო ათანელი, თამარ ჯავახიშვილი (თამარ ივერი), ალესანდრა მარკი, ქრისტიან იოჰანსონი, ანდრეა როსტი, სამუელ ესტესი, მარინე იაშვილი, ელისო ვირსალაძე, მზია სიმონიშვილი, გიგლა ქაცარავა, მარინა მეშჩერიაკოვა, ანხელ ოდენა, ელისო ბოლქვაძე და სხვ.