GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

რევაზ ტაკიძე

რევაზ ტაკიძემ 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო 1973 წელს კი –  სადირიჟორო ფაკულტეტი, ცნობილი მაესტროს, ოდისეი დიმიტრიადის კლასი. 1967 წლიდან იგი ამავე კონსერვატორიის თანამშრომელია. 2000-2013 წლებში საოპერო მომზადების კათედრის გამგე იყო. მისი ხელმძღვანელობით დადგმულ სპექტაკლებში დაოსტატდნენ ახალგაზრდა მომღერლები, რომლებიც დღეს საყოველთაოდ აღიარებული არტისტები არიან: პაატა ბურჭულაძე, ნინო სურგულაძე, ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი გაგნიძე და სხვები. ამჟამად რევაზ ტაკიძე კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორია.

თბილისის საოპერო თეატრში დირიჟორი 1975 წლიდან მუშაობს. მის რეპერტუარში ორმოცდაათამდე საოპერო და საბალეტო სპექტაკლია. ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად დადგმული აქვს დავით თორაძის „გორდა“ და ლუდვიგ მინკუსის „ბაიადერა“, მიხაილ ლავროვსკისთან ერთად –  სერგეი პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“. 1991 წელს, გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად განხორციელებული „ქეთო და კოტესთვის“ რევაზ ტაკიძეს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

1985 წელს, ზურაბ ანჯაფარიძესთან ერთად დირიჟორმა ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“ ერევნის საოპერო თეატრში დადგა და ამავე ქალაქის ტელესტუდიაში, ელვირა უზუნიანის მონაწილეობით, ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი“ განახორციელა.

1991 და 1996 წლებში რევაზ ტაკიძემ ვიქტორ დოლიძისა და დავით ანდღულაძის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების დასკვნით ტურებში, ასევე, ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა ბაქოს კონკურსზე (1985წ.) და ჩელისტთა რესპუბლიკურ კონკურსზე იდირიჟორა. 

2010-2013 წლებში ის თბილისის კონსერვატორიის სტუდენტურ ორკესტრს ხელმძღვანელობდა, რომელთანაც, სტუდენტ-სოლისტების გარდა, სიამოვნებით თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიაა ლიანა ისაკაძე, ალექსანდრე კორსანტია, ხატია ბუნიათიშვილი და სხვ.

რევაზ ტაკიძე ხშირად გამოდის სიმფონიური მუსიკის კონცერტებით. მასთან უთანამშრომლიათ აღიარებულ მუსიკოსებს: ზ. ანჯაფარიძეს, ნ. ანდღულაძეს, ი. კავსაძეს, თ. გუგუშვილს, ე. გეწაძეს, შ. კიკნაძეს, ი. შუშანიას, თ. მუშკუდიანს, ლ. ჭყონიას, მ. ამირანაშვილს, ო. კუზნეცოვას, მ. ბიეშუს, ნ. მარტინუჩის, ე. მარკს, მ. იაშვილს, თ. გაბარაშვილს, ზ. სოტკილავას,  მ. ქასრაშვილს, ა. ტაკიძეს, თ. ამირეჯიბს, ა. ნიჟარაძეს, ს. დაიჩს, რ. თავაძეს, რ. გორელაშვილს, ე. მუჯირს, დ. შაფრანს, მ. პლეტნიოვს, ბ. ბერეზოვსკის და სხვებს.

რევაზ ტაკიძეს ჩატარებული აქვს ოთარ თაქთაქიშვილის, ნიკოლოზ გუდიაშვილის, ვაჟა აზარაშვილის, რამაზ ქარუხნიშვილის, ელიზბარ ლომდარიძის საავტორო კონცერტები, აგრეთვე, ქართველ კომპოზიტორთა სიმფონიური მუსიკის საღამოები. საგასტროლო კონცერტებსა და სპექტაკლებს დირიჟორობდა რუმინეთში, ისრაელში, მალტაზე, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ა.შ.