თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ,,დაისის“ წარმატებული საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, რომელიც მისი დადგმიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა კატანიაში ,,მუსიკის საერთაშორისო დღის“ აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში წარმოადგინეს. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე ესწრებოდნენ. პრემიერის დღეს მასიმო ბელინის თეატრზე საქართველოს დროშა გადმოფინეს, რაც მანამდე მსოფლიოს არც ერთ საოპერო თეატრს არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ამ უპრეცედენტო პროექტით, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის, ინიციატივით განხორციელდა,ბელინის სახელობის ოპერის თეატრმა შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან - ღირებულებების გაცვლისა და მუსიკალურ-კულტურული სფეროების უკეთ გასაცნობად. მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოსა და დირექტორატის გადაწყვეტილებით, ,,დაისი” თეატრის რეპერტუარში დარჩება და მას რეგულარულად წარმოადგენენ საოპერო თეატრის სცენაზე, რაც ასევე ისტორიული მოვლენაა.
,,დაისის“ დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; სცენოგრაფიაზე, განათებაზე და კოსტიუმებზე კი გიორგი ალექსი-მესხიშვილმა იმუშავა. მონაწილეობდნენ: „ტეატრო მასიმო ბელინის“ გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო), ორკესტრი და იტალიაში მცხოვრები საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი თუ იტალიელი მომღერლები; მათ შორის: მატეო ფალჩერი, დომენიკო ბალცანი, ევა კორბეტა, ანასტასია ბოლდირევა, რობერტო კრესკა; ხოლო ცანგალას პარტია იტალიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ბანმა - გიორგი ანდღულაძემ - შეასრულა.