ასე ეხმაურებოდა ამერიკული პრესა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის გასტროლს, რომელიც 12 აპრილიდან 2 მაისამდე მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გასტროლის დაწყების წინ ქართული ბალეტის ამერიკაში ჩასვლას ვრცელი სტატია მიუძღვნა „ნიუ-იორკ თაიმსმა“, რომლის არტ განყოფილების პირველ გვერდზე დაიბეჭდა გია ქორლასის (Gia Kourlas) ინტერვიუ ნინო ანანიაშვილთან - „ისინი მე გავზარდე“. ნინო ანანიაშვილის ქართველი მოცეკვავეები ქალაქში ჩამოდიან“.
საგასტროლო სპექტაკლები ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრში გაიმართა - ნიუ-იორკში (Lehman Centre sor the Performing Arts), ვაშინგტონში (George Mason University’s Center for the Arts, ფერფაქსი, ვირჯინია), ნიუ-ორლეანში (Mahalia Jackson Theater), მინეაპოლისსა (Northrop at the University of Minnesota) და დეტროიტში (Detroit Opera) გაიმართება.
საბალეტო დასმა წარმოადგინა ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტები - „სერენადა“, „მოცარტიანა“ და „კონჩერტო ბაროკო“.
პროგრამაში წარმოდგენილი იყო იური პოსოხოვის ერთმოქმედებიანი ბალეტი „საგალობელი“.
„ეს ბალეტი ნეოკლასიკური ბალეტისა და ტრადიციული ცეკვის სტილის შერწყმის ძლიერი არგუმენტის დადასტურებაა. თხუთმეტი წლის შემდეგაც, კვლავ სრულიად ახალი „საგალობელი“ - მათი საკუთარი „სერენადა“, საქართველოს სახელმწიფო ბალეტისთვის სავიზიტო ბარათად იქცა“ - წერდა ჯეინ კუმბსი ‘the New Criterion’- ზე გამოქვეყნებულ რევიუში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს საბალეტო დასის მეექვსე გასტროლია, მას შემდეგ რაც საბალეტო დასს ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობს.