თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კამილ სენ-სანსის ყველაზე პოპულარული ოპერის „სამსონ და დალილა“ პრემიერა გაიმართება. საპრემიერო ჩვენებები 17, 18, 23, 24, 25 თებერვალს და 1, 2, 3 მარტს შედგება. მონტე-კარლოს ოპერის თეატრის ეს ულამაზესი სპექტაკლი გამოჩენილმა ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლუი გრინდამ დადგა.
„ოპერა ჩემთვის არა მარტო გატაცებაა, არამედ დიდი სიყვარული, “- ამბობს ჟან-ლუი გრინდა, რომელმაც 40 წლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე მრავალი საინტერესო სპექტაკლი დადგა.
აგოსტინო არივაბენეს მიერ შექმნილი „სამსონ და დალილას“ მდიდრული დეკორაციები, ტაძრის იდუმალი ატმოსფერო, მრავალფეროვანი და ძვირფასი კოსტიუმები, ლორან კასტენის თვალისმომჭრელი განათება და შუქის ეფექტები, ეჟენი ანდრენის ქორეოგრაფია, ვნებიანი ცეკვები, აღმოსავლეთს სიურეალისტური, ზღაპრული სახით გვანახებს.
სპექტაკლში „სამსონ და დალილა“ მონაწილეობენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი. დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დირიჟორები - ლევან ჯაგაევი და კახი სოლომნიშვილი.
თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე „სამსონ და დალილა“ პირველად 1894 წელს, ზუსტად 130 წლის წინ დაიდგა, ბოლოს კი 80 წლის წინ შესრულდა (1944 წ).