ნინო ანანიაშვილი
ნინო ანანიაშვილი
ნინო ანანიაშვილმა საბალეტო ხელოვნების შესწავლა ათი წლის ასაკში, თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, თამარა ვიხოდცევას კლასში დაიწყო. 1977 წელს კი სწავლა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, ცნობილ პედაგოგთან ნატალია ზოლოტოვასთან გააგრძელა.
1981-2004 წლებში იგი მოსკოვის „ბოლშოი“ თეატრის პრიმა-ბალერინა იყო და ამ თეატრის გამოჩენილი ბალერინას რაისა სტრუჩკოვას ხელმძღვანელობით, კლასიკური საბალეტო მემკვიდრეობის ყველა პარტია მოამზადა და იცეკვა. პირველივე სეზონში ნინო ანანიაშვილს წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ოდეტა-ოდილიას პარტიაში („გედების ტბაში“) გერმანიაში, ჰამბურგში, „ბოლშოი“ თეატრის გასტროლის დროს. სპექტაკლის შემდეგ მაყურებლის ოვაციები 30 წუთის განმავლობაში არ წყდებოდა.
ნინო ანანიაშვილი ოთხი საერთაშორისო საბალეტო კონკურსის უმაღლეს ჯილდოს ფლობს: ვარნის (ბულგარეთი) X საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს (1980), მოსკოვის IV საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1981), მოსკოვის V საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს (1985), ჯექსონის (აშშ) III საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1986).
მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჯორჯ ბალანჩინის თეატრში - „ნიუ იორკ სიტი ბალეში” ანდრის ლიეპასთან ერთად გამოსვლას 1988 წელს. ის იყო პირველი მოცეკვავე ყოფილი სსრკ-დან, რომელიც მიიწვიეს ამ თეატრში და მისცეს მთავარი პარტიები ბალანჩინის ბალეტებში „სიმფონია დო მაჟორი“, „რაიმონდა ვარიაციები“ და „აპოლო“. პრიმა-ბალერინა ასევე გამოდიოდა ინგლისის სამეფო ბალეტში („კოვენტ გარდენი“), დანიის სამეფო თეატრში, სანკტ-პეტერბურგის „მარიინსკი“ თეატრში. 1993-2009 წწ. ნინო ანანიაშვილი ამერიკის ბალეტის თეატრის (ABT) მიწვეული პრიმა-ბალერინა იყო. ცეკვავდა შვედეთის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის, მონტე-კარლოს, ბირმინგემის, ბოსტონის, ტოკიოს და სხვა საბალეტო თეატრებში; როგორც მიწვეული სოლისტი გამოდიოდა რომის ოპერის, ლა სკალას და გენუის კარლო ფენიჩეს თეატრის საბალეტო დასებთან.
2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია, პარალელურად ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელს ხელმძღვანელობს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით სამოცდათზე მეტი სპექტაკლი და საბალეტო მინიატურა დაიდგა. თეატრის რეპერტუარში წარმოდგენილია როგორც კლასიკური ბალეტების ახალი რედაქციები, ასევე ჯორჯ ბალანჩინის, ავგუსტ ბურნონვილის, მიხაილ ფოკინის, ფრედერიკ ეშტონის, ირჟი კილიანის დადგმები. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ ქორეოგრაფები ალექსეი რატმანსკი, ალექსეი ფადეეჩევი, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, სტენტონ უელში, იორმა ელო, მედი ვალერსკი, პერ ისბერგი, ტეტ კასკი და სხვები. საბალეტო დასის გამოსვლებს დიდი წარმატებები ჰქონდა გასტროლებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ისრაელში, ეგვიპტეში, იტალიაში, ესპანეთში, ესტონეთში, ტაივანში, ეკვადორში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში, ფინეთში, ლიბანში, ეკვადორში, პორტუგალიაში, რუსეთში, ისრაელში, ჩინეთში, დუბაიში, ომანში, ბელარუსში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში. 2008 წელს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა ჰერალდ ენჯელსის პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. 2022 წელს, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, განხორციელდა სასცენო კანტატის და ერთმოქმედებიანი ბალეტის კარლ ორფის „კარმინა ბურანას“ (ქორეოგრაფი ილია ჟივოი) დადგმა, რომელშიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოპერის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი მონაწილეობდა. პროექტი შემდეგ ტურინის Teatro Regio Torino-ში იქნა წარმოდგენილი. ამ საერთაშორისო კოპროდუქციაში მონაწილეობდნენ ტურინის ოპერის გუნდი და ორკესტრი, ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები და საქართველოს სახელმწიფო ბალეტი. 2024 წელს, თეატრის ისტორიაში პირველად, საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, გასტროლზე იმყოფებოდა ლონდონში. „ლონდონის კოლისეუმის” პრესტიჟულ დარბაზში საბალეტო დასმა 15-ჯერ წარმოადგინა ჩაიკოვსკის ბალეტი „გედების ტბა“.
2012 წელს თბილისში, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით, აღინიშნა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე. ნინო ანანიაშვილი მონაწილეობს საერთაშორისო საბალეტო კონკურსების ჟიურის მუშაობაში, დგამს სპექტაკლებს საბალეტო აკადემიებში. 2012 წელს მიწვეული იყო პეკინის ცეკვის აკადემიაში პიოტრ ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ სუიტასა და „შოპენიანას“, ლისაბონის საბალეტო სკოლაში ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტის“ სუიტის, 2019 წელს კი მიუნხენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში „ლაურენსიას“ პა დ’აქსიონის დასადგმელად. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მან რამდენიმე სპექტაკლი დადგა - ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტი“ და „ბაიადერა“, პიოტრ ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“, ფერდინანდ ჰეროლდის და პეტერ ლუდვიგ ჰერტელის „ამაო სიფრთხილე“, ალექსანდრ გლაზუნოვის „რაიმონდას“ მესამე მოქმედება (ალექსეი ფადეეჩევთან ერთად), პიოტრ ჩიკოვსკის „მაკნატუნა“; მერი დავითაშვილის „წუნა და წრუწუნა“; ვახტანგ ჭაბუკიანის სამი ბალეტი - დავით თორაძის „გორდა“ (2016), ალექსანდრ კრეინის „ლაურენსია“ (2017) და ალექსი მაჭავარიანის „ოტელო“ (2022) ახალი რედაქციით. 2014 წელს მინსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სცენაზე შედგა ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსიას“ პრემიერა, რომლის რედაქცია ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. 2017 წელს ნინო ანანიაშვილმა დააარსა თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
ნინო ანანიაშვილი საქართველოსა (1989) და რუსეთის სახალხო არტისტი (1995), რუსთაველის (1993), ზურაბ ანჯაფარიძის (2002) და ვერიკო ანჯაფარიძის (2018) პრემიების ლაურეატი, საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია (2010). ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, ვისაც ხელოვნების დარგში მიღწევებისათვის რუსეთის ეროვნული პრიზი „ტრიუმფი” გადაეცა (1992). ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება მიანიჭა (1997), გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის - პრინცესა მარია დე ბურბონის მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი” (1999). 2000 წელს მიენიჭა ლოურენს ოლივიეს პრემია, „ლონდონის კოლისეუმში“ „ბოლშოი“ თეატრის გასტროლის დროს გამოჩენილი საშემსრულებლო მიღწევებისათვის, ბალეტ „დონ კიხოტში“. დასახელებულია ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელად (2002). ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის საქართველოში არჩეულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად (2007). იტალიის პრეზიდენტმა პრიმა-ბალერინა დააჯილდოვა იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით (2011). 2017 წელს ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა იაპონიის იმპერატორის ჯილდოთი - ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით. 2019 წლის 19 აპრილს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების პან-ევროპული გაერთიანება „ევროპა ნოსტრას“ საქართველოს საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს.