უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის - ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალი, რომელიც ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ყოველწლიურად ტარდება, მილიონობით მელომანს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
2018 წლის 23 აგვისტოს, ვერდის ფესტივალსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს შორის 3 წლიანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, თეატრს ვერდის ფესტივალის ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა. 2019 წელს კი უპრეცედენტო მოვლენას ჩაეყარა საფუძველი: ვერდის ფესტივალი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და ჩატარდა საქართველოში.
ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კულტურულ ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, მხარი დაუჭირა იტალიის სენატმა და მთავრობამ. ფესტივალი გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროგრამის „საქართველო, ევროპა“ ფარგლებში.
ფესტივალის პარტნიორი იყო ევროპის უდიდესი კერძო მედიაკომპანია Mediaset S.p.A რომელიც ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. მრავალი პრიზის მფლობელი გადამღები ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა სრული ტექნიკური აღჭურვილობით და უზრუნველყო ფესტივალის გაშუქება და ქვეყნის წარმოჩენა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. Mediaset-მა გააშუქა არა მხოლოდ ფესტივალი, არამედ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა: ისტორიული ძეგლები, არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრები, რითაც მაქსიმალურად წარმოჩინდა ჩვენი ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალი.
პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს კულტურის რეგიონალურ ცენტრად ჩამოყალიბება, ხელს უწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში, საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას მსოფლიოში, Black Sea Arena - ს პოპულარიზაციას, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კი შესაძლებლობას აძლევს, იხილონ მსოფლიოს წამყვანი თეატრების მაღალი ხარისხის პროდუქცია.