GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა

თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა ხალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა დაიწყო. ახალგაზრდა მომღერლების დახელოვნების, უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში დაიგეგმა პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან თეატრთან.

გაცვლითი პროგრამები იგეგმება შემდეგ თეატრებთან: ნიუ იორკის Metropolitan OperaLindemann Young Artist Development Program, ლოს ანჯელესის ოპერა - Placido Domingo-Thornton Young Artist Program, მიუნხენის ოპერა - Bayerische Staatsoper  - Opera Studio, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი -The Jette Parker Young Artists Programme, პარიზის Opera de Bastille-ს აკადემია, მილანის Accademia Teatro alla Scala,  პარმის Teatro Regio-ს ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა,   ბარსელონის მუსიკის საერთაშორისო აკადემია Concertante, პუჩინის ფესტივალის Torre del lago- ახალგაზრდული პროგრამა.

აღნიშნული პროექტის  ფარგლებში პირველი გაცვლითი პროგრამა  ბერლინის შტაატსოპერასთან ერთად განხორციელდა. Staatsoper Unter den Linden-ის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი გახლდათ ბორის ანიფანტაკისი, საოპერო სტუდიის შემოქმედებითი ნაწილის ხელმძღვანელი - მაესტრო დანიელ ბარენბოიმი.

პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა 2017 წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე და მასში მონაწილეობა მიიღეს Staatsoper Unter den Linden-ის საერთაშორისო საოპერო სტუდიის 4 მომღერალმა და პიანისტმა: სლავკა ზამეჩნიკოვამ (სოპრანო), კლარა კორინა შიურლემ (მეცოსოპრანო), ანდრეს მორენო გარსიამ (ტენორი), ადამ კუტნიმ (ბარიტონი), მარკუს ცუგეჰოერმა (კონცერტმაისტერ-რეპეტიტორი) და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის  6 სტაჟიორმა და პიანისტმა: ირინა შერაზადაშვილმა (სოპრანო), ნინო ზაქაიძემ (მეცოსოპრანო), პაატა სუხიტაშვილმა (ტენორი), გიორგი მჭედლიშვილმა (ბარიტონი), გიორგი ჭელიძემ (ბანი), გიორგი ცინცაძემ (ტენორი) და ნათია აზარაშვილმა (პიანისტი).

პირველი მასტერკლასი გაიმართა 1 ნოემბერს და მას კონცერტმაისტერ-რეპეტიტორი მარკუს ცუგეჰოერი გაუძღვა.

2 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრის დიდ დარბაზში მონაწილეთა ერთობლივი კონცერტი ჩატარდა. კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო.

3 ნოემბერს, 15:00 საათზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ პროექტში მონაწილე ახალგაზრდა მომღერლებისთვის  მასტერკლასს ჩაატარა.

ამავე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 27 ივნისს, დაიგეგმა ერთობლივი კონცერტი Staatsoper Unter den Linden-ის საკონცერტო დარბაზში Apollo-Saal. 28 ივნისს მომღერლებს მასტერკლას ცნობილმა ამერიკელმა საოპერო მომღერალმა, დებორა პოლასკიმ ჩაუტარა.

თბილისის ოპერის თეატრისა და  ბერლინის შტაატსოპერის პროგრამა განხორციელდა საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით. 

 

პროგრამის ფარგლებში 2022 წელს შესრულდა მონტე კარლოს ოპერის თეატრის პროდუქცია, ჯაკომო პუჩინის ოპერა „ბოჰემა“.

მოსმენის შედეგად შერჩეულმა 20-მდე ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდა მომღერალმა  ვოკალური და სცენური ხელოვნების მასტერკლასები გაიარეს სახელგანთქმულ იტალიელ მომღერალთან, კომპოზიტორთან და დირიჟორთან მაურო ტრომბეტასთან, რომელიც ხელმძღვანელობდა ტურინის, არენა დი ვერონას და რომის ოპერის თეატრებს.

„ბოჰემის“ დამდგმელი დირიჟორი იყო კატანიის, ვინჩენცო ბელინის სახელობის TEATRO MASSIMO-ს სამხატვრო ხელმძღვანელი - ფაბრიციო მარია კარმინატი; დამდგმელი რეჟისორი - ორანჟის ფესტივალისა და მონტე კარლოს თეატრის ხელმძღვანელი -  ჟან ლუი გრინდა.

პროექტში ასევე ჩართულები იყვნენ თეატრის ახალგაზრდა დირიჟორები; ლევან ჯაგაევი და კახი სოლომნიშვილი, რომლებთანაც ახალგაზრდა მომღერლებმა პროექტის საწყის ეტაპზე ინდივიდუალური გაკვეთილები და საორკესტრო რეპეტიციები გაიარეს.