GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

მთავარი ქორმაისტერი

ავთანდილ ჩხენკელი

ავთანდილ ჩხენკელი ქორმაისტერის სპეციალობას დაეუფლა სანკტ-პეტერბურგის გლინკას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ კაპელასთან არსებულ საგუნდო-სადირიჟორო სასწავლებელსა (ე. ემელინის კლასი) და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (სახალხო არტისტის, პროფესორ ვ. ფალიაშვილის კლასი). 1982-85 წლებში კი ამავე კონსერვატორიაში, ლატვიის სახალხო არტისტის, პროფესორ ი. დუმინშის ხელმძღვანელობით ასისტენტურა-სტაჟირება გაიარა.

მაესტრო ჩხენკელის მდიდარი პროფესიული გამოცდილება სათავეს 1975 წლიდან იღებს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ბათუმის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარ ქორმაისტერად, აჭარის სახელმწიფო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელად და მთავარ დირიჟორად, იყო ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და კონსულტანტი. 1983-1995 წლებში, აგრეთვე, 2004 წლიდან დღემდე - თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მთავარი ქორმაისტერია. 2007 წლიდან - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი.

მისი რეპერტუარი მოიცავს ორმოცამდე საოპერო სპექტაკლს, ასევე, კანტატებს, ორატორიებს, ვოკალურ-სიმფონიურ ნაწარმოებებს.

1984 წლიდან დღემდე, ავთანდილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო ოპერის გუნდი გასტროლებზე გამოდის არაერთ მნიშვნელოვან თეატრში თუ ფესტივალზე, ესენია: მოსკოვის დიდი თეატრი (რუსეთი), მინსკის საოპერო თეატრი (ბელარუსი), ერევნის ოპერის თეატრი (სომხეთი), პროკოფიევის სახელობის ოპერის საერთაშორისო ფესტივალი (გერმანია), ვერდის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი (ბუსეტო, იტალია), ასპენდოზის საერთაშორისო ფესტივალი (თურქეთი),საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დალჰალაში (შვედეთი), საარემაას ოპერის დღეები (ესტონეთი), არაერთი გამოსვლა ისრაელის სხვადასხვა ქალაქში და ა.შ.