GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ჯუზეპე ვერდი

ოტელო

ოპერა ოთხ მოქმედებად
ლიბრეტოს ავტორი არიგო ბოიტო
დაფუძნებულია უილიამ შექსპირის ტრაგედიაზე „ოტელო“

პრემიერა: 1887 წლის 5 თებერვალი, მილანი, Teatro alla Scala
პრემიერა საქართველოში: 1888 წლის 3 ოქტომბერი, თბილისის ოპერის თეატრი 

 

ოტელო მარკო ბერტი (იტალია)
დეზდემონა ალესანდრა დი ჯორჯო (იტალია)
იაგო  ალბერტო გაძალე  (იტალია)   
ემილია მარიამ ბარათაშვილი
კასიო გურამ პაატიშვილი
როდერიგო გიორგი ხოფერია
ლოდოვიკო ლევან მაკარიძე
მონტანო ვალერიან რობანიშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, გუნდი

 

დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი ფაბრიციო კარმინატი (იტალია)
მთავარი ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი

დამდგმელი რეჟისორი ალექს აგილერა
სცენოგრაფი ბრუნო დე ლავენერი
კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი
განათება ლორან კასტენი

განათების მხატვრის ასისტენტი სტეფანო გორერი

სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი მარინა ბურჭულაძე

 

მონტე-კარლოს ოპერის თეატრის პროდუქცია

პროდუქციის პრემიერა საქართველოში:
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, 19 აპრილი, 2024

სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე

 

შინაარსი

ვრცლად

შინაარსი

პირველი მოქმედება

ქარიშხლიან ღამეს კვიპროსელები ზღვის ნაპირას შეკრებილან. ისინი ახალ მმართველს, ოტელოს ელიან, რომელიც თურქებთან ბრძოლის შემდეგ ბრუნდება.  ელვის შუქზე წამით ეჩვენებათ, ოტელოს გემი იძირება, მაგრამ გემი  უსაფრთხოდ აღწევს ნაპირზე. გადმოსული ოტელო შეკრებილებს თურქების ფლოტის განადგურებას ახარებს. კვიპროსელები ზეიმობენ, ნაპირზე კოცონებთან სასმელით აღნიშნავენ გამარჯვებას, თუმცა მათ სიხარულს არ იზიარებს ოტელოს მედროშე, იაგო. მას გულში ღალატი უდევს, რადგან მისი წარმატების შურს და მის განადგურებას ესწრაფვის. ამასთანავე, ოტელომ ფლოტის კაპიტნად ახალგაზრდა, ლამაზი ოფიცერი კასიო დანიშნა, არადა, ამ თანამდებობის დაკავების იმედი იაგოს ჰქონდა.

იაგო თავისი გეგმის განხორციელებას იწყებს. იგი  ახალგაზრდა ვენეციელს როდერიგოს, ოტელოს ცოლის, დეზდემონას შეცდენაში დახმარებას ჰპირდება. ამასთან, იცის რა მისი გარემოცვის სისუსტეები, სწორედ მათ გამოყენებას აპირებს. მოზეიმეებს უერთდება და ოტელოს და მის მეუღლეს ადღეგრძელებს. კასიო აქებს დეზდემონას, თავის ძველ ნაცნობს.  იაგო მუდმივად აძალებს ღვინოს კასიოს, რომელიც, თავდაპირველი უარის შემდეგ ნებდება და ძალიან თვრება.

შემოდის კვიპროსის ყოფილი გუბერნატორი მონტანო, რათა კასიოს თავისი ცვლის დასაწყისი შეახსენოს, კასიო უგონოდ მთვრალია. იაგო ცილს სწამებს, ეს ყოველ ღამით ასეთ დღეშიაო. როდრიგო გამოაჯავრებს მთვრალს, ეს უკანასკნელი კი ხმალს იშიშვლებს. მონტანო მოჩხუბართა გაშველებას ცდილობს და კასიო ახლა მას შეუტევს. მონტანო დაიჭრება. ბრძოლას ოტელოს გამოჩენა წყვეტს.

ოტელო იაგოს სთხოვს, გარემოებაში გაარკვიოს, მაგრამ იაგო თავს იკატუნებს, რომ არაფერი იცის. თავის მართლებას ვერც შერცხვენილი კასიო ახერხებს, ხოლო მონტანო დაჭრილია. ხმაური აღვიძებს დეზდემონას, რომელიც ასევე შემთხვევის ადგილას მოდის. ამ ყველაფრით გააფთრებული ოტელო კასიოს კაპიტნობას ართმევს და ქალაქში წესრიგის აღდგენას იაგოს ავალებს. ამის შემდეგ, ბრძანებს მონტანოს დაეხმარონ და თავშეყრილ ხალხს დაშლისაკენ მოუწოდებს.

ოტელო და დეზდემონა მარტო რჩებიან. ნეტარების მწვერვალზე მყოფი ოტელო მზადაა, ამ სიყვარულისა და ბედნიერებისთვის მოკვდეს კიდეც, დეზდემონა კი ღმერთს შესთხოვს, მათი სიყვარული არასოდეს შეირყეს.

 

მეორე მოქმედება

იაგო ხვდება კასიოს და, ვითომდა დახმარების სურვილით, ურჩევს, დეზდემონას ათხოვნინოს ქმრისათვის მისი კაპიტნის პოსტზე აღდგენა და გამოიყენოს შემთხვევა ახლავე, როცა დეზდემონა და ემილია ბაღში სეირნობენ. კასიო უჯერებს დეზდემონას უახლოვდება. მარტო დარჩენილი იაგო თავის ნამდვილ სახეს და „მრწამსს“ აჩენს.

შემოდის ოტელო. იაგო თავს იკატუნებს, თითქოს ვერ ხედავს მას და ოხვრას მოჰყვება. ოტელოს კითხვებზე, იაგო მიკიბ-მოკიბავს, ბოლოს კი გადაუკრავს,  დეზდემონა მას კასიოსთან ღალატობს.  ოტელოს გულში ეჭვი იღვიძებს, მაგრამ  დეზდემონას ღალატის დამადასტურებელი სჭირდება. იაგო აფრთხილებს მას, ერიდოს ეჭვებს, მაგრამ, ამასთან, ფხიზლადაც იყოს.

კვიპროსელთა გუნდი დეზდემონას საქებარ სიმღერებს უმღერის, საჩუქრებს გადასცემს და ბედნიერებას უსურვებს.

დეზდემონა ოტელოს კასიოს სინანულს აღდგენის სურვილს გადასცემს. ოტელო არ სურს ამის მოსმენა, მაგრამ დეზდემონა მაინც განაგრძობს. ოტელო ამბობს, რომ თავი სტკივა. დეზდემონა სთავაზობს, რომ თავს მისივე ნაჩუქარი, მარწყვებით მოქარგული ხელსახოცით შეუკრავს, ოტელო მიუგებს, არ მჭირდებაო და ხელსახოცს აგდებს. ხელსახოცს დეზდემონას მსახური ემილია იღებს. დეზდემონა ოტელოს პატიებას სთხოვს. იაგო ემილიასგან ჩუმად, მაგრამ დაჟინებით მოითხოვს ხელსახოცს და საბოლოოდ, ძალით წაართმევს.

ოტელომ დაიჯერა დეზდემონას ღალატი, მაგრამ დამადასტურებელი საბუთი მაინც სურს. გამოჩნდება იაგო და ოტელოს უამბობს, ერთხელ, შემთხვევით, როგორ მოისმინა მძინარე კასიოს ლაპარაკი, სადაც, თითქოს, ის სიზმარში დეზდემონას მიმართავდა, თავიანთი სიყვარულის დამალვის გაფრთხილებით, ხოლო წინა დღით კასიო დეზდემონას მარწყვებიანი ხელსახოცით დაინახა. ოტელო და იაგო შურისძიების ფიცს დებენ.

 

მესამე მოქმედება

სასახლის დიდ დარბაზში მაცნეს ვენეციელი ელჩების მოახლოების შესახებ ცნობა შემოაქვს. იაგო ოტელოს შესთავაზებს, კასიოს დარბაზში შემოვიტყუებ და ვალაპარაკებ, შენ კი დაიმალე და უსმინეო.

კასიოს მოსვლამდე დარბაზში დეზდემონა შემოდის და ოტელოს კასიოს თხოვნის შესახებ შეახსენებს. ოტელო სთხოვს, ტკივილის დასაამებლად თავი მარწყვებიანი ხელსახოცით შეუხვიოს. დეზდემონას თან არა აქვს ეს ხელსახოცი, ოტელო კი აფრთხილებს, რომ ის მათი სიყვარულის თილისმაა და მისი დაკარგვა კარგს არაფერს მოიტანს. დეზდემონა ისევ და ისევ უბრუნდება კასიოს საკითხს. ამავე დაჟინებით მოითხოვს ოტელო ხელსახოცს და თანდათან ღალატზეც აპარებს სიტყვას. გაოგნებული დეზდემონა უმტკიცებს, რომ მისი ერთგულია, ოტელოს კი არაფრის გაგონება არ უნდა და თავიდან იშორებს მას.

ამასობაში, კასიოს იაგო მოჰყავს. ოტელო იმალება. კასიო ამბობს, რომ აქ დეზდემონასთან შეხვედრის იმედი ჰქონდა, რათა ეკითხა, მიაღწია თუ არა წარმატებას ოტელოსთან. იაგო მოშორებით გაიყვანს მას, საიდანაც საუბარი ოტელომდე ცუდად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღწევს და ხმადაბლა ეკითხება ამბებს კასიოს საყვარელზე, ბიანკაზე. კასიო მხიარულად პასუხობს, ოტელო კი ასკვნის, რომ საუბარი დეზდემონაზეა. სხვათა შორის, ძნელად გასაგებ საუბარში კასიო ხელსახოცს ახსენებს, რომელიც, თითქოს იდუმალმა თაყვანისმცემელმა დაუტოვა და ნათქვამის დასამტკიცებლად იაგოსაც უჩვენებს. იაგო უცებ წაგლეჯს და ისე დაიჭერს, ოტელოს დაანახოს, შემდეგ უკან უბრუნებს და ლაზღანდარობას განაგრძობს, მაშინ, როცა დამამცირებლად დამალული ოტელო მარტო მძვინვარებს.

ჩამოდის ვენეციელი ელჩი, ლოდოვიკო. იაგო კასიოს დარბაზიდან უშვებს, ხოლო ოტელოსთან ერთად დეზდემონას მკვლელობის ვერსიებს განიხილავს. არჩევანი საწოლში დახრჩობაზე შეჩერდება. კასიოს კაპიტნობას ოტელო იაგოს ანიჭებს.

დეზდემონას, ემილიას, როდერიგოსა და სხვა დიდებულების თანხლებით შემოსული ლოდოვიკო კასიოს მოიკითხავს. იაგოს თქმით, ის აქ სასურველი სტუმარი აღარ არის. დეზდემონა იმედოვნებს, რომ ეს მალე დასრულდება და რომ კასიოს მალე აღადგენენ. მისი ეს რეპლიკა აშმაგებს ოტელოს, რომელიც ცოლს დემონს უწოდებს და, გაუთავებელი შეურაცხყოფის თანხლებით დასარტყმელად იწევს. დარბაზში კასიოს შემოსვლა იმ დროს ემთხვევა, როცა ნათელი ხდება, რომ ვენეციის დოჟის წერილი თანახმადაც ოტელოს ვენეციაში იძახებენ, ხოლო კვიპროსის მმართველად კასიო ინიშნება. ეს უკანასკნელი წვეთია ოტელოს მოთმინების ფიალაში. გაცოფებული ის დეზდემონას იატაკზე აგდებს. ემილია და ლოდოვიკო ცდილობენ, დეზდემონა ანუგეშონ. როდერიგო ძალიან წუხს, რომ დეზდემონა ვენეციაში უნდა დაბრუნდეს. იაგო ჩურჩულით აჩქარებს ოტელოს, რაც შეიძლება მალე იძიოს შური, ხოლო თავად კასიოს მიხედავს. მოგვიანებით, ის შეწუხებულ როდერიგოს ხვდება და მიახვედრებს, რომ თუ დეზდემონას წასვლა არ უნდა, აუცილებლად უნდა მოკლას კასიო.

გამძვინვარებული ოტელო ყველას გასვლას უბრძანებს. ამაოდ ცდილობს დეზდემონა დამშვიდებას, პირიქით, ოტელოს სიშმაგე მატულობს და დეზდემონა ლოდოვიკოს გაჰყავს. ოტელოს გონება ებინდება და საბოლოოდ, გული მისდის. იაგო უახლოვდება, ძლევის ნიშნად თავზე ფეხს დაადგამს, თითქოს მისი ქუსლით გასრესა უნდაო, და შემდეგ თავადაც გადის.

 

მეოთხე მოქმედება

უკიდურესად დამწუხრებული დეზდემონა დასაძინებლად ემზადება. იგი სთხოვს ემილიას, გამოიტანოს მისი საქორწინო სამოსი და უბარებს, თუ მოვკვდები ამ სამოსით დამმარხეთო. შემდეგ, იხსენებს, თუ როგორ მღეროდა მწუხარე სიმღერას ტირიფზე და როგორ მოკვდა დედამისის მსახური ბარბარა, რომელიც საყვარელმა მიატოვა. ემილია გადის. დეზდემონა ლოცულობს და იძინებს.

ხმლით ხელში ჩუმად შემოდის ოტელო და მძინარე ცოლის დანახვაზე, წამიერი სინაზით შეპყრობილი,  სამჯერ კოცნის მას; დეზდემონა იღვიძებს. ოტელო ეკითხება, ილოცა თუ არა ძილის წინ, რადგან აპირებს, სიცოცხლეს გამოასალმოს და არ უნდა, მისი უკვდავი სულიც დაიღუპოს. დეზდემონა ხვდება, რომ ყოველგვარი თხოვნა ამაოა და ღმერთს წყალობას შესთხოვს თავისთვის და თავისი ქმრისთვის. ოტელო ბრალს სდებს კასიოსთან ღალატში. დეზდემონა უარყოფს ბრალდებას და, მისი უმანკოობის დასამტკიცებლად, სთხოვს, კასიო მოიყვანოს. ოტელოს კასიო უკვე მკვდარი ჰგონია. დეზდემონას უკანასკნელი მცდელობა, ქმრის სიბრალული მოიპოვოს, უშედეგოა. ოტელო, იაგოს რჩევისამებრ, საწოლში ახრჩობს მას.

კარებზე დაჟინებით აკაკუნებს ემილია, რომელსაც ახალი ამბავი მოაქვს: კასიომ როდრიგო მოკლა. მომაკვდავი დეზდემონა ჩურჩულებს, რომ უდანაშაულოდ დასაჯეს, მაგრამ ოტელოს არაფერს საყვედურობს. ემილია ოტელოს მკვლელს უწოდებს, ოტელო კი პასუხობს, რომ დეზდემონას ღალატის დაჯერების საფუძველი აქვს, ხელსახოცი, რომელი იაგომ მიუტანა.  ემილია ყვირილს ტეხს. შემოდიან იაგო, კასიო და ლოდოვიკო. ოტელო ამბობს, რომ მარწყვებიანი ხელსახოცი, რომელიც დეზდემონამ კასიოს აჩუქა, ღალატის დამადასტურებელია. შეძრწუნებული ემილია ყველაფერს ხვდება და ოტელოს უხსნის, რომ ხელსახოცი მას ჰქონდა და იაგომ წაართვა, კასიოს კი წარმოდგენა არა აქვს, საიდან მოხვდა ეს ხელსახოცი მასთან. მონტანო მათ ნათქვამს ამყარებს, აცხადებს რა, რომ მომაკვდავმა როდერიგომ სიკვდილის წინ იაგოს გეგმებს ნათელი მოჰფინა. იაგო გარბის.

ოტელო საბოლოოდ ერკვევა მომხდარში. ის გლოვობს დეზდემონას სიკვდილს და სურს, რაც შეიძლება მალე შეუერთდეს მას. ამისათვის, ხმლით ცდილობს თავის მოკვლას, მაგრამ იქ მყოფნი წაართმევენ. ოტელო განზრახვას დანით დაასრულებს. სიკვდილამდე ოტელო ცოლთან მიფორთხდება, ჰკოცნის ისე, როგორც კვიპროსზე ჩამოსვლის ღამეს და დეზდემონას გვერდით მწოლიარე კვდება.