ჯუზეპე ვერდი
დონ კარლოსი
ოპერა ოთხ მოქმედებად
ლიბრეტო: ჟოზეფ მერი, კამილ დიუ ლოკლი
ფრიდრიხ შილერის დრამატული პოემის, „დონ კარლოსი: ესპანეთის უფლისწული“ მიხედვით
მსოფლიო პრემიერა: 1867 წლის 11 მარტი, Salle Le Peletie, პარიზი (ხუთაქტიანი ვერსია)
1884 წლის 10 იანვარი, Teatro alla Scala, მილანი (ოთხაქტიანი ვერსია)
პრემიერა საქართველოში: 1869 წლის 24 იანვარი, თბილისის „ქარვასლის“ თეატრი
დამდგმელი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი
რეჟისორი: ჩეზარე ლიევი
სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი: მაურიციო ბალო
სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
პირველი მოქმედება
დონ კარლოსი, ესპანეთის უფლისწული, ფიქრობს ელიზაბეტაზე, რომელიც უყვარს და რომელზე დაქორწინებასაც აპირებდა, მაგრამ, სამეფოს ინტერესების გამო ახლა ის მამამისის, მეფე ფილიპე მეორის ცოლია. დონ კარლოსი თავის დარდებს უზიარებს როდრიგოს, პოზას მარკიზს, რომელიც არწმუნებს პრინცს, მთელი ძალისხმევა ჩაგრული ფლანდრიელი ხალხის დაცვას მოახმაროს.
პრინცესა ებოლი და დედოფლის სხვა ფრეილინები თავისუფალ დროს სიმღერაში ატარებენ. მათი მხიარულება მთავრდება დედოფალ ელიზაბეტას გამოჩენით, რომელიც თავისი სევდის დაფარვას ვერ ახერხებს. როდრიგო დაარწმუნებს მას დათანხმდეს და მიიღოს დონ კარლოსი.
მოგვიანებით, მეფესთან პირადი აუდიენციისას როდრიგო აფრთხილებს მას, შეარბილოს მმართველობის სისასტიკე. მეფეზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს როდრიგოს გულწრფელობა, მაგრამ ყველაზე მეტად აღელვებს ეჭვი, რომ შესაძლოა მის შვილსა და დედოფალს შორის სასიყვარულო ურთიერთობა არსებობდეს, ამიტომ, როდრიგოს სთხოვს, თვალი ეჭიროს მათზე.
მეორე მოქმედება
დონ კარლოსის სიყვარულში დარწმუნებული პრინცესა ებოლი მას ანონიმურ ბარათს უგზავნის და საღამოს, დედოფლის ბაღში საიდუმლოდ შესახვედრად იწვევს. დონ კარლოსს ჰგონია, რომ ბარათი ელიზაბეტასგანაა და შესახვედრად მიიჩქარის, მაგრამ, გაუგებრობა მალევე ირკვევა. სასტიკად შელახული სიამაყე პრინცესას შურისძიებისკენ უბიძგებს.
როდრიგო სთავაზობს დონ კარლოსს, ნებისმიერი საიდუმლო დოკუმენტი, რაც გააჩნია, მას მიაბაროს შესანახად.
ატოჩის ღვთისმშობლის ტაძრის მოედნის შუაში კოცონი გიზგიზებს და აუტოდაფეზე დასასწრებად ხალხი იკრიბება. აქვე არიან ფლანდრიელი დელეგატებიც. როდესაც რამდენიმე განსასჯელს კოცონზე დასაწვავად გაგზავნიან, დონ კარლოსი მამის წინაშე ფლანდრიელთა თავისუფლებისთვის შუამდგომლობს. ფილიპე მეორე უარობს, მოუსმინოს შვილს. მოთმინებადაკარგული დონ კარლოსი მამაზე ხმლით გაიწევს, მაგრამ, მას სწრაფად განაიარაღებს როდრიგო.
მესამე მოქმედება
გვიან ღამით, თავის პალატებში, ფილიპე მეორე ღრმა ფიქრებს მოუცავს: ელიზაბეტას არ უყვარს იგი. თუ გადაწყვეტს, რომ შვილი სიცოცხლეს გამოასალმოს, მოისურვებს თუ არა დიდი ინკვიზიტორი მისთვის ამ ცოდვის შენდობას? თანაც, დონ კარლოსის ეს „დანაშაული“ არაფერია ფლანდრიელების თავისუფლებისადმი კადნიერ მოწოდებასთან შედარებით, რომელიც როდრიგომ გააჟღერა, ამიტომ, სწორედ როდრიგოა ის, ვინც უნდა მოკვდეს. ფილიპე მეორეს არ სურს მისთვის ერთადერთი სანდო კარისკაცი გასწიროს.
გამოჩნდება ელიზაბეტა: მისი ძვირფასეულობის ზარდახშა ვიღაცამ მოიპარა. ირკვევა, რომ ზარდახშა მეფეს აქვს და ქალს მის გახსნას უბრძანებს. სამკაულებს შორის დონ კარლოსის მინიატურული პორტრეტია. ღალატში დადანაშაულებული დედოფალი გონებას კარგავს. მას ხელს შეაშველებს პრინცესა ებოლი, თავზარდაცემული, რადგან მეფისთვის ზარდახშის გადაცემა მის სინდისზეა. მას მერე, რაც დანაშაულს აღიარებს, შეძრწუნებული დედოფალი ებოლის სასახლის კარს დაატოვებინებს.
დატყვევებულ დონ კარლოსთან როდრიგო მოდის. ის მიხვდა, რომ განწირულია, რადგან კარლოსისგან მისთვის მიბარებული საიდუმლო დოკუმენტები აღმოუჩინეს. ამის თქმისთანავე, დაქირავებული მკვლელები ზურგიდან ესვრიან მას. როდრიგო კარლოსის ხელებში კვდება.
მეფე ათავისუფლებს პრინცს, მაგრამ ისუკვე სახალხოდ ავლენს მამისადმი უპატივცემულობას. აღშფოთებული ხალხი უფლისწულს მოითხოვს. მეფეს დიდი ინკვიზიტორი ექომაგება. ხალხი უკან იხევს.
მეოთხე მოქმედება
დონ კარლოსი გადაწყვეტს, დატოვოს ესპანეთი და ფლანდრიაში გაემგზავროს. მონასტრის სავანეში ელიზაბეტა უკანასკნელად, გამოსამშვიდობებლად ხვდება დონ კარლოსს, მაგრამ, მათდა გასაოცრად, იქვე აღმოჩნდება მეფე, რომელიც დიდი ინკვიზიტორისგან პრინცის დასჯას მოითხოვს. დონ კარლოსი თავს იცავს და კარლოს მეხუთის საფლავისკენ იხევს. იმავე წამს, მონასტრის ჩრდილიდან გამოჩნდება ბერი. იგი გარდაცვლილი იმპერატორის აჩრდილია, მოსასხამითა და სამეფო გვირგვინით. გაოგნებულ დამსწრეთა თვალწინ, კარლოს მეხუთე ხელს ჩაავლებს და მონასტერში მიათრევს დონ კარლოსს.