GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ჯუზეპე ვერდი

ტრავიატა

ოპერა ოთხ აქტად
 
ლიბრეტოს ავტორი: ფრანჩესკო მარია პიავე
ალექსანდრე დიუმა-შვილის რომანის „ქალი კამელიებით“ მიხედვით
 
პრემიერა: ვენეციის თეატრი LA FENICE, 1853 წლის 6 მარტი
პრემიერა საქართველოში: თბილისის ოპერის თეატრი, 1859 წლის 30 ნოემბერი

 

ვიოლეტა ვალერი - სალომე ჯიქია
ფლორა ბერვუა - ნატალია ვოლჩენკო 
ანინა, ვიოლეტას მსახური - მარიამ ქობალიანი 
ალფრედო ჟერმონი - ოთარ ჯორჯიკია
ჯორჯო ჟერმონი - სულხან გველესიანი 
გასტონე, ვიკონტი დე ლეტორიერი - თამაზ საგინაძე 
ბარონი დუფოლი - ირაკლი მუჯირი 
მარკიზი დ’ობინი - ლევან მაკარიძე
ექიმი გრანვილი - გიორგი გოდერძიშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, გუნდი და საბალეტო დასი
მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი 

 

დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი – ჯანა ფრატა (იტალია)
დამდგმელი რეჟისორი – ლორან გერბერი
რეჟისორის ასისტენტები – ზაზა აღლაძე, ლელა გვარიშვილი, თამარ გურგენიძე
სცენოგრაფი – მასიმო ბელანდო რანდონე
კოსტიუმების მხატვარი - ესტერ მარტინი
ქორეოგრაფი – ნინო ანანიაშვილი
 
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი  –  ამირან ანანიაშვილი
მხატვარი-მოდელიორი - თამარ ჩარგეიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე –  გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი – მარინა ბურჭულაძე


 
სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე

შინაარსი

ვრცლად

შინაარსი

პირველი მოქმედება

პარიზელი კურტიზანი, ვიოლეტა ვალერი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, მეჯლისს მართავს. სტუმართა შორის არის ახალგაზრდა ალფრედო ჟერმონი, რომელსაც ვიოლეტას წარუდგენენ, როგორც ერთგულ თაყვანისმცემელს, რომელიც მთელი წელი, ყოველდღე, ინკოგნიტოდ კითხულობდა მისი ჯანმრთელობის ამბავს. მაგრამ ვიოლეტას არ სურს ვინმე შეიყვაროს. სტუმრების თხოვნით, ალფრედო სადღეგრძელოს წარმოთქვამს: ის ნამდვილ სიყვარულს უმღერის, მაგრამ მასპინძელი სიყვარულს არ აღიარებს, ამიტომ პასუხად  მხიარულების სადღეგრძელოს სვამს.

სადღეგრძელოს შემდეგ ვიოლეტა სტუმრებს საცეკვაოდ ეპატიჟება, მაგრამ თავად შეუძლოდ ხდება და განმარტოვდება. სწორედ ასეთ მდგომარეობაში პოულობს მას ალფრედო და სიყვარულში გამოუტყდება. მაგრამ ვიოლეტა, რომელიც უკვე შეეგუა თავის სოციალურ სტატუსს და ისიც იცის, რომ მალე მოკვდება, პასუხობს, რომ მის ცხოვრებაში ამგვარი გრძნობებისათვის ადგილი არ არის. თუმცა, მზადაა ისეთივე ურთიერთობა ჰქონდეს ალფრედოსთან, როგორიც სხვა თაყვანისმცემლებთან და, ამის ნიშნად, კამელიას ჩუქნის. ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდა კაცს მომდევნო დღეს კვლავ შეუძლია მოსვლა.

გამთენიისას სტუმრები იშლებიან, ვიოლეტა მარტო რჩება. ის წინააღმდეგობრივ გრძნობებს შეუპყრია: ერთი მხრივ, სურს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები უზრუნველად და მხიარულად გაატაროს, მეორე მხრივ კი, ალფრედოს სიტყვებმა მასში გამოაღვიძა მიძინებული სურვილი - ეპოვნა ნამდვილი სიყვარული.

მეორე მოქმედება

პარიზის მახლობლად, სოფლის სახლში, ალფრედო და ვიოლეტა თავიანთი ბედნიერებით ტკბებიან. მოულოდნელად ალფრედო აღმოაჩენს, რომ უკვე კარგა ხანია, ვიოლეტა ჩუმად ყიდის თავის ქონებას, რომ აქ ცხოვრების ხარჯები უზრუნველყოს. შეურაცხყოფილი ალფრედო გადაწყვეტს, ამას ბოლო მოუღოს და სასწრაფოდ პარიზში მიემგზავრება.

ვიოლეტასთან ალფრედოს მამა მოდის. სწორედ მისგან იგებს ვიოლეტა, რომ ალფრედოს მისთვის საკუთარი ქონების გადაცემა გადაუწყვეტია. განრისხებული უფროსი ჟერმონი ვიოლეტას შესარისხვადაა მოსული. თუმცა, გაიგებს რა, რომ ვიოლეტამ ალფრედოს განზრახვის შესახებ არაფერი იცის, მოლბება და უამბობს, რომ მისი ანგელოზივით მშვენიერი და უმანკო ქალიშვილის ბედნიერება და სიყვარული ვიოლეტასა და ალფრედოს ამორალურ ურთიერთობას ეწირება. ვიოლეტა თავზარდაცემულია. იგი მზადაა, დროებით დაშორდეს თავის სიყვარულს, მაგრამ ჟერმონი სამუდამო განშორებას ითხოვს. საბოლოოდ, ვიოლეტა თანხმდება მას იმ პირობით, რომ ალფრედო მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგებს ამ გადაწყვეტილების მიზეზს. შემდეგ გამოსამშვიდობებელ წერილს ტოვებს და პარიზში მიემგზავრება. დაბრუნებული ალფრედოს რისხვას და ეჭვიანობას მამამისის მოულოდნელი გამოჩენა და მუდარაც ვერ აცხრობს. ღალატის გამო ის ვიოლეტაზე შურისძიებას გადაწყვეტს.

ფლორას სახლში, ბალ-მასკარადზე, სწრაფად ვრცელდება ვიოლეტას და ალფრედოს დაშორების ამბავი. სანამ ბოშებად და მატადორებად გადაცმული მსახიობები სტუმრებს ართობენ, ალფრედო მარტო, ხოლო ვიოლეტა თავის ახალ საყვარელთან, ბარონ დიუფოლთან ერთად მოდის. მეტოქეები ერთმანეთს სათამაშო მაგიდასთან ხვდებიან. ალფრედოს ბედი სწყალობს, ის დიდძალ თანხას მოუგებს ბარონს.

მოგვიანებით, აღელვებული ვიოლეტა ალფრედოს თავისთან იხმობს და სთხოვს, დატოვოს ფლორას სახლი - ბარონისგან მას საფრთხე ემუქრება. ალფრედო მასთან დაბრუნებას სთხოვს. ვიოლეტა უარზეა. უდიდესი ძალდატანებით, მოახერხებს და ეუბნება, რომ ბარონი უყვარს. გაშმაგებული ალფრედო სტუმრებს შეკრებს,  მოგებულ ფულს ვიოლეტას შეაყრის და გამოაცხადებს, რომ ამ ქალმა მთელი თავისი ქონება გაფლანდა, მაგრამ ახლა უკვე მისი აღარაფერი მართებს. საშინლად შეურაცხყოფილი ვიოლეტა გონებას კარგავს, სტუმრები - მათ შორის უფროსი ჟერმონიც - ალფრედოს სისასტიკეზე აღშფოთდებიან, ბარონი კი მას დუელში იწვევს.

მესამე მოქმედება

მარტოსული და გაღატაკებული ვიოლეტა თავის პარიზის ბინაში კვდება. ერთადერთი მეგობარი, ვინც იგი არ მიატოვა, ექიმი გრანვილია, რომელმაც იცის, რომ ქალს სიცოცხლის სულ რამდენიმე საათი დარჩენია.

ქუჩიდან მხიარული კარნავალის ხმები შემოდის. ვიოლეტა მოსამსახურეს სთხოვს, უკანასკნელი ლუიდორები ღარიბებს დაურიგოს. მარტო დარჩენილი, ის კიდევ ერთხელ კითხულობს ჯორჯო ჟერმონის წერილს. ალფრედოს მამა მას ატყობინებს დუელის შედეგს და იმასაც, რომ შვილს ყველაფერი გაუმხილა და ორივენი, პატიების სათხოვნელად, მალე მოინახულებენ. მაგრამ ალფრედო არ ჩანს და ვიოლეტამ იცის, რომ უკვე ყველაფერი გვიანია, წარსულის ბედნიერ ოცნებებს უნდა გამოემშვიდობოს.

ალფრედოს მოსვლა სასიკვდილო აგონიაში მყოფ ვიოლეტას უკანასკნელი ენერგიით და სიხარულით ავსებს - თითქოს ყველა დარდი და ტკივილი უკან დარჩენილა. ილუზორული იმედი ბედნიერებაზე - ესაა, რასაც ვიოლეტა განიცდის, როცა სიკვდილი მოუსწრებს.