ოპერა სამ მოქმედებად
ლიბრეტოს ავტორი პეტრე მირიანაშვილი
აბიო მეფე - კახა თეთვაძე
აბესალომი - გიორგი სტურუა
ნათელა - ელენე ჯანჯალია
მარიხი - ირა იოსებიძე-მამალაძე
ეთერი - ირინა თაბორიძე
მურმანი - მამუკა ლომიძე
ნაანა - მანანა იორდანიშვილი
თანდარუხი - გიორგი მოციქულაშვილი
სტუმარი - გია მახარაძე
მსახურთუხუცესი - ზვიად ხუხუა
დირიჟორი – დავით მუქერია
დამდგმელი რეჟისორი – გიზო ჟორდანია
სცენოგრაფია, კოსტიუმები, განათება – გიორგი ალექსი-მესხიშვილი
მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი
ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი
ვიდეოპროექცია – დავით მაჭავარიანი
თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი
ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”
სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ შემდეგი მოქმედებიდან დაიშვება.
პირველი მოქმედება
ტყე
დედინაცვალთან უსიხარულო ცხოვრებით გატანჯული ეთერი ტყეში, ნაკადულთან ფურს მწყემსავს და ოცნებობს ისეთი ვინმეს გამოჩენაზე, ვინც ბედნიერებას მოუტანს. სულ უფრო და უფრო ახლოს გაისმის მონადირეთა ხმები. მალე ისინი უკვე ნაკადულთან არიან. მათ შორისაა მეფის მემკვიდრე აბესალომი, რომელსაც ქალი ერთი დანახვით შეუყვარდება და ცოლობას სთხოვს. მიუხედავად მისი ფიცისა, ეთერი უარზეა, შიშობს, რომ უფლისწულისთვის ის, შესაძლოა, მხოლოდ დროებითი თავშესაქცევი იყოს.
მაგრამ შინ, დედინაცვალთან დაბრუნებული, ეთერი აზრს იცვლის, თანხმდება და აბესალომს თვითონაც მარადიულ სიყვარულს შეჰფიცავს. ბედნიერი უფლისწული, ეთერთან ერთად, მამის სასახლეში საქორწინოდ გაემართება. თანმხლებთა შორის მხოლოდ ერთი, აბესალომის მეგობარი და ვეზირი მურმანი არ იზიარებს საყოველთაო სიხარულს, რადგან ქალი მასაც თავდავიწყებით შეუყვარდა. მურმანი გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ეთერის სიყვარული მოიპოვოს.
აბიო მეფის სასახლე
აბიო მეფის სასახლეში ქორწილია. ცეკვა, სიმღერა, სადღეგრძელოები ერთმანეთს ენაცვლება. ლხინში აბესალომი მურმანს მოიკითხავს. ისიც გაჩნდება, ხელში ძვირფასი და ლამაზი საჩუქრით, რომელიც, არავინ იცის, რომ მოჯადოებულია – მურმანმა ამ ჯადოს სანაცვლოდ სული ეშმაკს მიჰყიდა. საჩუქართან შეხებისთანავე ეთერი ავად გახდება, „ელფერი შეეცვლება“ და მისი ხსნა მხოლოდ მურმანს შეეძლება. ქალი დაუეჭვებლად იღებს ძღვენს. ბოროტი ძალა მოქმედებას იწყებს.
მეორე მოქმედება
განმარტოებული აბესალომი თავის უბედურებას დასტირის. მისი ბედნიერება საშინელი განსაცდელით დასრულდა. ეთერის გარეშე მისთვის მზეც კი აღარ ანათებს. დამწუხრებულ სეფექალებს გამოჰყავთ „სოსანივით გაყვითლებული“, სნეული ეთერი. მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. მეფე, დედოფალი, დიდებულები და თავად ეთერიც ურჩევს აბესალომს, ქალი „გაუშვას ველად“ და, რაკი ეს ეთერის თხოვნაცაა, უფლისწული თანხმდება. ეთერი მურმანს მიჰყავს.
მესამე მოქმედება
მურმანის ციხე-დარბაზის მიდამო
ეთერი მურმანის „ბროლის ციხეში“ საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემითაა გარემოცული, მაგრამ ბედნიერი მაინც არ არის. ვეზირს სასახლეში იბარებენ. აბესალომი სთხოვს გააგებინოს, როგორ გრძნობს თავს ეთერი და ისიც ამაყად უამბობს, რომ ეთერი შესანიშნავადაა, და თვითონაც, „ღმერთის მიერ მოძღვნილი“ ამ საჩუქრით უაღრესად კმაყოფილია. მაშინ უფლისწული, რომელიც დარდისგან მძიმედ ავადაა, მურმანს უკვდავების წყლის მოსატანად გზავნის.
იმედით, რომ საყვარელი ქალის ნახვამ, შესაძლოა, შვილი გამოუჯანმრთელოს, დედოფალი ნათელა მიდის ბროლის კოშკში ეთერთან და მას აბესალომის მონახულებას სთხოვს. ეთერი, რომელიც ჯერ ისევ გულგატეხილია საქორწინო ფიცის დარღვევის გამო, უარზეა. თუმცა, მის დაყოლიებას მეფის ასული, მარიხი ახერხებს. ეთერი მას სასახლეში მიჰყვება, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია – უკიდურესად დასუსტებული აბესალომი, მისი ნახვით გაბედნიერებული, კვდება. ეთერი თავს იკლავს – უსიყვარულოდ სიცოცხლე აღარც მას სურს.