თბილისში პირველად წარმოდგენილი იქნა 2013 წლის 16 ნოემბერს
თბილისში პირველად წარმოდგენილი იქნა 2009 წლის 23 ნოემბერს
თბილისში პირველად წარმოდგენილი იქნა 2008 წლის 18 ოქტომბერს.
ირჟი კილიანის აღდგენილი პროგრამის პრემიერა-
2024 წლის 11 ოქტომბერს
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და
ბალეტის თეატრის ორკესტრი
დირიჟორი ლევან ჯაგაევი
პიანისტი - დავით ალადაშვილი (Petite Mort)
ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი
PETITE MORT სექსუალური აქტის ექსტაზის აღწერის პოეტური და უცნაურად ნიშანდობლივი გზაა. ფრანგულ და ზოგ სხვა ენაში ეს შეგრძნება აღიწერება, როგორც „პატარა სიკვდილი“.
შესაძლოა, სწორედაც ისე ხდება, რომ სიამოვნების (ან პოტენციურად ახალი ცხოვრების შექმნის) ამ მომენტში ჩვენ გვახსენდება, რომ ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა, სიკვდილი კი არასდროსაა შორს.
ჩემს ნამუშევარში ქორეოგრაფია მოცარტის ორი ყველაზე ცნობილი საფორტეპიანო კონცერტის ნელ ნაწილზე დავაფუძნე. ისინი სწრაფი ნაწილებისგან განვაცალკევე და დავტოვე, როგორც დასახიჩრებული ტორსები, რომლებიც უმწეოდ წვანან მსმენელისა და მაყურებლის წინაშე; წვანან, ზოგიერთი ანტიკური ტორსივით მკლავებისა და ფეხების გარეშე, სიარულის ან მოხვევის შესაძლებლობის გარეშე.
უეჭველია, რომ ასეთი რამის გაკეთება პერვერსიაა, თუმცა, ადამიანები მაინც ასე ვიქცევით და არც მე ვარ გამონაკლისი. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არაფერია წმინდა.
მოცარტის მუსიკის შექმნის დროიდან ვიდრე დღემდე, „დროის ხიდის“ ქვეშ უამრავმა ომმა და სისხლისღვრამ ჩაიარა. მახვილს მამაკაცები უმეტესწილად მათი ძალისა და შესაძლებლობის წარმოსაჩენად იქნევდნენ.
და ყოველთვის MORT - სიკვდილია, ჩვენს ცხოვრებას რომ მუდამ თან ახლავს. ზოგჯერ ის „პატარაა“, ზოგჯერ კი „დიდი“; თუმცა, არა გვყავს მასზე ერთგული თანამგზავრი არსებობის განთიადიდან დასასრულამდე.
ირჟი კილიანი. ჰააგა, ნიდერლანდები; 23 სექტემბერი, 2007 წ.
FALLING ANGELS რვა ბალერინისთვის შეიქმნა და ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთგვარად მსუბუქი, უდარდელი მიძღვნა ქალი შემსრულებლებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ სტივ რაიხის მუსიკის სტრუქტურა ძალიან მკაცრია, ის ამავდროულად ქორეოგრაფიული და ემოციური ინტერპრეტაციისთვის დიდ თავისუფლებას იძლევა.
ქორეოგრაფიულად ეს ბალეტი ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოების ორ ყველაზე საპირისპირო თვისებას - დისციპლინირებულობასა და თავისუფლებას იკვლევს. ამ ორი ურთიერთგამომრიცხავი ელემენტის გვერდიგვერდ თანაარსებობის მცდელობა, ჩემი აზრით, საინტერესო წამოწყებაა.
ბალეტს დასაწყისიდან დასასრულამდე რვა ქალი ცეკვავს. ისინი არასდროს ტოვებენ სცენას. მათი ერთმანეთზე დამოკიდებულება და გათავისუფლების აშკარა წყურვილი გასდევს ნაწარმოებს მთელი სპექტაკლის განმავლობაში. განათება სცენას სხვადასხვა გეომეტრიულ ზონებად ყოფს და სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, თუ სად შესრულდეს სხვადასხვა სოლო თუ ჯგუფური ცეკვები.
FALLING ANGELS - ეს არის ნაწარმოები შემსრულებლებისა და საშემსრულებლო ხელოვნების შესახებ, მთელი თავისი დახვეწილობით, შფოთვით, დაუცველობით, არასრულფასოვნების კომპლექსებითა და იუმორით. ეს არის სიმბოლო მიკუთვნებულობასა და დამოუკიდებლობას შორის დაპირისპირებისა, დილემის, რომელიც ყველა ჩვენგანს თან გვდევს აკვნიდან საფლავამდე.
ირჟი კილიანი - ჰააგა, 16 აპრილი, 2008 წ.
SECHS TÄNZE - მოცარტი, ვისი მუსიკაც ავირჩიე ამ დადგმისთვის, საუკეთესო მაგალითია იმ ადამიანისა, ვინც, მიუხედავად მტკივნეულად ხანმოკლე სიცოცხლისა, მოახერხა ცხოვრების სრულად შეცნობა მთელი მისი სიღრმით, ფანტაზიით, კლოუნადითა და სიგიჟით. სწორედ მისი ხასიათი, მისი მიმღებლობა იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მასკარადი ან გენერალური რეპეტიცია რაღაც უფრო ღრმად მნიშვნელოვნისთვის - გახდა ჩემი შთაგონება ამ ბალეტის შექმნისთვის.
ირჟი კილიანი - სექტემბერი, 2007 წ.