Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

პიოტრ ჩაიკოვსკი

მაკნატუნა

ბალეტი ორ მოქმედებად

 

დამდგმელი ქორეოგრაფები ალექსეი ფადეეჩევი, ნინო ანანიაშვილი

დამდგმელი მხატვარი სიმონ (სოლიკო) ვირსალაძე

მხატვარი იური გეგეშიძე

დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი ეკა შავლიაშვილი

 

პრემიერა შედგა 2010 წლის 25 დეკემბერს თბილისის „არტ ჰოლში“

 

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი

დირიჟორი: ლევან ჯაგაევი

 

 

ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი

 

შინაარსი

ვრცლად

პირველი მოქმედება

საშობაო დღესასწაულზე შტალბაუმების სახლში სტუმრები იკრიბებიან; მათ შორის არის დროსელმაიერი, მარის და ფრიცის - შტალბაუმის შვილების ნათლია. მან შესანიშნავი საშობაო საჩუქარი მოუმზადა ბავშვებს - კაკლის სამტვრევი თოჯინა, სასაცილო მაკნატუნა.

ბავშვები მოუთმენლად ელიან მორთული ნაძვის ხის და საშობაო საჩუქრების ხილვას. ნანატრი წამი დგება. ყველა ტკბება მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხით. მოულოდნელად გამოჩნდება ჯადოქრის ტანსაცმელში გადაცმული დროსელმაიერი, რომელიც აღფრთოვანებული, ბავშვების თვალწინ თოჯინებს აცოცხლებს. თუმცა მალე იხსნის ნიღაბს და მარი და ფრიცი ნათლიას ამოიცნობენ.

მარის სურს თოჯინებთან თამაში, მაგრამ სათამაშოები მიაქვთ. დროსელმაიერი მას სანუგეშოდ მაკნატუნას აჩუქებს. ეს ულაზათო, სასაცილო თოჯინა საოცრად მოსწონს მარის. ფრიცი, მარის ცელქი და მოუსვენარი ძმა, შემთხვევით ამტვრევს მაკნატუნას. გულდაწყვეტილი მარი ნაზად ეალერსება დამტვრეულ სათამაშოს.

ფრიცი და მისი მეგობრები აჯავრებენ დანაღვლიანებულ მარის. მეზობელი ოთახიდან დაბრუნებული სტუმრები უკანასკნელი ცეკვის შემდეგ იშლებიან.

ღამეა. მთვარის შუქით განათებული ოთახი იდუმალებითაა მოცული. შიშის დაძლევით მარი შემოდის „ავადმყოფი“ თოჯინას სანახავად. მარის მაკნატუნას გვერდით ჩაეძინება და ხედავს ფანტასტიკურ სიზმარს, სადაც დროსელმაიერი არა კეთილი ნათლია, არამედ ჯადოქარია. მისი ნებით გარშემო ყველაფერი გადასხვაფერდება: კედლები ზემოთ იწევა, ნაძვის ხე ზრდას იწყებს... მასთან ერთად ცოცხლდებიან და იზრდებიან სათამაშოებიც.

უეცრად თაგვების მეფის წინამძღოლობით შემოიჭრებიან თაგვები. ერთ რიგად ჩამწკრივებულ სათამაშო ჯარისკაცებს მაკნატუნა თაგვებს უპირისპირებს. მაგრამ ძალები არათანაბარია, მაკნატუნა მარტო რჩება თაგვების მეფის და მისი ამალის წინააღმდეგ ბრძოლაში. მარი სასოწარკვეთილებაშია. დროსელმაიერი მას ანთებულ სანთელს აწვდის, რომელსაც მარი თაგვებს ესვრის. შეშინებული თაგვები სხვადასხვა მხარეს გარბიან.

ბრძოლის ველი ცარიელდება. მხოლოდ მაკნატუნა წევს უსულოდ იატაკზე. მარი მის დასახმარებლად მიემართება.

უეცრად სასწაული ხდება. მარის თვალწინ მაკნატუნა მშვენიერ უფლისწულად გადაიქცევა. სახლის კედლები ქრება. მარი  ვარსკვლავიანი ცის ქვეშ, ზღაპრული ნაძვის ხის მახლობლად აღმოჩნდება.

ჯადოსნურ ფერხულში ტრიალებენ თოვლის ფიფქები. მარისა და მაკნატუნა-უფლისწულს, თავისკენ იხმობს ნაძვის თავზე მოციმციმე ვარსკვლავი. ისინი  ჯადოსნურ ნავში სხდებიან და ნაძვის ხის კენწეროსკენ მიემართებიან.

 

მეორე მოქმედება

მარი და მაკნატუნა-უფლისწული ჯადოსნური ნავით საშობაო ნაძვის ხის სამყაროსკენ ისწრაფვიან. მათთან ერთად არიან მათი მეგობრები - თოჯინები, რომლებიც დროსელმაიერმა მოიწვია. სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ისინი მშვენიერ ვარსკვლავს. და აი, თითქმის უკვე მიაღწიეს ჯადოსნური ნაძვის ხის კენწეროს... მაგრამ, უეცრად მათ კვლავ თაგვები ესხმიან თავს. მაკნატუნა-უფლისწული თამამად იგერიებს მათ. მარი და თოჯინები შიშით თვალყურს ადევნებენ ორთაბრძოლას. მაკნატუნა-უფლისწული ამარცხებს მტერს.

იმართება საერთო ზეიმი. თოჯინები გათავისუფლდნენ ბოროტი თაგვებისაგან. გამოჩნდება დროსელმაიერი, რომელიც წარადგენს მარის და მაკნატუნა-პრინცს, ფერია დრაჟეს და მის კავალერს, თანმხლები პირებით. მარი და მაკნატუნა-უფლისწული ბედნიერები არიან - მათ მიაღწიეს საოცნებო სამეფომდე.

მაგრამ... ყოველივე ეს მხოლოდ სიზმარია. საშობაო ღამე მიილია, მასთან ერთად გაქრა ჯადოსნური ზმანებაც... დგება ახალი დღე. მარი ზის სახლში, ნაძვის ხესთან, მუხლებზე კი მაკნატუნა თოჯინა უდევს.