ოპერა სამ მოქმედებად
ლიბრეტო: ლუიჯი ილიკა და ჯუზეპე ჯაკოზა
დაფუძნებულია დევიდ ბელასკოს ამავე სახელწოდების პიესაზე ჯონ ლუთერ ლონგის მოთხრობის მიხედვით
პრემიერა: მილანის ლა სკალა, 1904 წლის 17 თებერვალი
პრემიერა საქართველოში: თბილისის ოპერის თეატრი, 1909 წლის 3 ნოემბერი
მადამ ბატერფლაი - ნათია სტეფანიშვილი
სუძუკი - მარიამ ფირცხალაიშვილი
პინკერტონი ალექსანდრე თიბელიშვილი
შარპლესი - ლაშა სესიტაშვილი
გორო - გიორგი ხოფერია
იამადორი ცოტნე მოწონელიძე
ბონზა - გივი გიგინეიშვილი
იმპერატორის კომისარი - გიორგი გოდერძიშვილი
კეიტი - ელისაბედ ჩხეიძე
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, გუნდი
ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი
დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი ფილიპო კონტი
რეჟისორი კეიტა ასარი
კოსტიუმების მხატვარი ჰანაე მორი
რეჟისორის ასისტენტები: ზაზა აღლაძე, ლელა გვარიშვილი
მხატვრული განათება – სტეფანო გორერი
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი ამირან ანანიაშვილი
მხატვარი მოდელიორი თამარ ჩარგეიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი მარინა ბურჭულაძე
მილანის Teatro alla Scala-ს პროდუქცია
სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე
პირველი მოქმედება
ამერიკელი საზღვაო ოფიცერი ბენჯამინ ფრანკლინ პინკერტონი ნაგასაკიში, გორაკზე აგებულ მშვენიერ სახლს ქირაობს, სადაც აპირებს თავის ახალშერთულ იაპონელ ცოლთან დასახლდეს იქამდე, სანამ იაპონიას არ დატოვებს და შესაფერის ამერიკელ საცოლეს არ იპოვის. იაპონიის ქორწინების კანონები პინკერტონისთვის ძალიან ხელსაყრელია, ამასთანავე, ისინი არ მოქმედებენ იაპონიის საზღვრებს გარეთ. ამიტომ, მას შეუძლია იმდენ ხანს იცხოვროს 15 წლის ჩო-ჩო-სანთან (იაპონურად - პეპელა) როგორც ქმარმა, რამდენიც მოესურვება. ინგლისურ ყაიდაზე, პინკერტონი ახალგაზრდა ცოლს ბატერფლაის უწოდებს. გოგონა ისეთი აღტაცებულია ამერიკელ ბატონზე ქორწინებით, რომ მზადაა ნათესავებსა და რწმენაზეც უარი თქვას. საქორწინო წვეულების მხიარულებას ჩაშლის ბატერფლაის ბიძა, ბუდისტი ბერი, რომელიც წყევლის პატარძალს რწმენის უარყოფის გამო. ამის შემდეგ, ნათესავებიც ზურგს აქცევენ ახალგაზრდა ქალს. მიუხედავად ამისა, პინკერტონი და ბატერფლაი ბედნიერად ემზადებიან პირველი საქორწინო ღამისთვის.
მეორე მოქმედება
სამი წლის შემდეგ, ბატერფლაი ამაოდ ელოდება ქმარს, რომელიც ქორწინებიდან მალევე გაემგზავრა. მოახლე სუძუკი ხვდება, რომ პინკერტონი აღარ დაბრუნდება, მაგრამ, ქალბატონის დარწმუნებას ვერ ახერხებს. მაჭანკალ გოროს, რომლის მეშვეობითაც, სამი წლის წინ, წყვილის ქორწინება შედგა, ახლა სხვა საქმრო მოჰყავს: მდიდარი თავადი იამადორი, მაგრამ, ქალი ორივეს გააგდებს. მალე, სტუმრად მოსულ კონსულ შარპლესს მოაქვს პინკერტონის წერილი, სადაც ოფიცერი სთხოვს, გააგებინოს ბატერფლაის, რომ დაბრუნებას აღარ აპირებს. შარპლესი ცდილობს, ფრთხილად შეამზადოს ბატერფლაი და ეკითხება, რა მოხდება, თუ პინკერტონი არ დაბრუნდება. ქალს ეს შეუძლებლად ეჩვენება, ამასთან, სთხოვს კონსულს, გადასცეს ქმარს, რომ მისი წასვლიდან მალევე დაიბადა მათი შვილი, რომელიც ახლა სამი წლისაა. შარპლესი ვერ ბედავს, სიმართლე უთხრას ბატერფლაის და იქაურობას ტოვებს. გორაკიდან ნავსადგურში შემომავალი გემი მოჩანს - ეს პინკერტონის გემია. ბატერფლაი უბრძანებს სუძუკის, სახლი უამრავი ყვავილით მორთოს, ამის შემდეგ კი ბავშვთან ერთად ელის ქმრის გამოჩენას. გადის საათები. სუძუკის და ბავშვს ძილი ერევათ, ბატერფლაი კი გაუნძრევლად ზის და ელის.
მესამე მოქმედება
თენდება. სუძუკის ეღვიძება და ბატერფლაის აიძულებს, დასაძინებლად წავიდეს. სახლს უახლოვდებიან შარპლესი, პინკერტონი და მისი ამერიკელი ცოლი კეიტი, რომელიც მზადაა ბატერფლაის ბავშვი აღზარდოს. ისინი შედიან ყვავილებით მორთულ სახლში. პინკერტონი ხვდება, როგორ ელოდა მას ბატერფლაი, რა უსაზღვროა ქალის სიყვარული და დიდია შეცდომა, რომელიც მასთან დაკავშირებით დაუშვა, ამიტომ ვერ ბედავს პირისპირ შეხვედრას. შინ რჩებიან სუძუკი, შარპლესი და კეიტი. ისინი ცდილობენ, ბატერფლაი დაარწმუნონ, რომ ბავშვის უკეთესი მომავლისთვის უმჯობესია, თუ ის ამერიკაში გაიზრდება. ბატერფლაი თანხმდება, მხოლოდ იმ პირობით, თუ პინკერტონი შეხვდება მას. ამის შემდეგ, თავისი ძველი ღმერთების წინაშე ლოცვას აღავლენს, ბავშვს გამოემშვიდობება, შირმის უკან გადის და თავს იკლავს სეპუკუს დანით, რომელიც ოდესღაც, მშობლებისგან სახსოვრად, ამ სახლში გადმოსვლისას, ბედნიერმა და იმედებით აღსავსემ მოიტანა.