პიეტრო მასკანი
სოფლის ღირსება
ოპერა ერთ აქტად
ლიბრეტოს ავტორები: ჯოვანი ტარჯონი-ტოცეტი და გუიდო მენაში
ჯოვანი ვერგას მოთხრობის, „სოფლის ღირსება“ - მიხედვით
პრემიერა: რომის Teatro Costanzi, 1890 წლის 17 მაისი
პრემიერა საქართველოში: თბილისის არტისტული საზოგადოების კლუბი, 1892 წლის 12 იანვარი
სანტუცა ხათუნა ჭოხონელიძე
ტურიდუ გიორგი სტურუა
ალფიო გიორგი მჭედლიშვილი
ლოლა ირინა ალექსიძე
ლუჩია ელენე ჯანჯალია
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი
მთავარი ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი
დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი ალვიზე კაზელატი
დამდგმელი რეჟისორი – ვიქტორ გარსია სიერა
დამდგმელი მხატვარი – იტალო გრასი
გენუის კარლო ფელიჩეს თეატრის პროდუქცია
ჟიულ მასნე
ნავარელი ქალი
საოპერო ეპიზოდი ერთ მოქმედებად
ლიბრეტო: ჟიულ კლარეტი და ანრი კაენი
ჟიულ კლარეტის მოთხრობის „სიგარეტის“ მიხედვით
პრემიერა: 1894 წლის 20 ივნისი, ლონდონის კოვენტ-გარდენი
პრემიერა საქართველოში: 1895-96 წლების საოპერო სეზონი, თბილისის ოპერის თეატრი
ანიტა ირინა თაბორიძე
არაკილი ალექსანდრე თიბელიშვილი
გარიდო მამუკა ლომიძე
რემიჯო გივი გიგინეიშვილი
რამონი როსტომ იაშვილი
ბუსტამანტე ლაშა სესიტაშვილი
საბალეტო დუეტი: დავით ანანელი, თათია ისაკაძე
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი
მთავარი ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი
დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი ალვიზე კაზელატი
დამდგმელი რეჟისორი ვიქტორ გარსია სიერა
რეჟისორის ასისტენტი ზაზა აღლაძე
კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი
განათების მხატვარი სტეფანო გორერი
დამდგმელი ქორეოგრაფი ნინო ანანიაშვილი
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი – ამირან ანანიაშვილი
მხატვარი-მოდელიორი – თამარ ჩარგეიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე – გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი – მარინა ბურჭულაძე
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
სოფლის ღირსება
აღდგომის დილა სიცილიის პატარა სოფელში. შორიდან ტურიდუს სიმღერის ხმა ისმის – ის რამდენიმე წუთის წინ დაემშვიდობა საყვარელს, მეეტლე ალფიოს ცოლს, ლოლას.
მოედანზე თავს იყრიან სოფლის მცხოვრებნი. ზოგი მესაზე მიიჩქარის, ზოგიც უსაქმოდ დაეხეტება. ეკლესიის პირდაპირ დედა ლუჩიას ტავერნაა. ტურიდუს საცოლე, სანტუცა, მის საძებნელად სწორედ აქ მოდის. ახალგაზრდა ქალს ეჭვები არ ასვენებს. ის უამბობს დედა ლუჩიას, რომ ტურიდუ ღვინის საყიდლად ფრანკოფონტეში კი არ წასულა, როგორც მას ჰგონია, არამედ წუხანდელი ღამე სოფელში, ლოლასთან გაატარა. სახტად დარჩენილი მოხუცი ქალი სანტუცას შინ ეპატიჟება, მაგრამ ის უარყოფს და ახსენებს მას, რომ ეკლესიიდან განკვეთილია.
სანამ ლუჩია მეტს გამოარკვევდეს, მოედანზე თავშეყრილი სოფლელები ალფიოს ესალმებიან. მეეტლემ საყვარელი სამუშაო დაამთავრა და შინ ბედნიერი ბრუნდება, რადგან დარწმუნებულია, რომ მისი მშვენიერი ლოლა ერთგულად ელოდება. ალფიო გულითადად მოიკითხავს დედა ლუჩიას და ეკითხება, შემორჩა თუ არა ის ძველი ღვინო. „არ ვიცი, სწორედ ღვინის საყიდლადაა ჩემი ტურიდუ“, – ეუბნება ქალი. მაგრამ, დილაადრიან ალფიომ მის სახლთან სწორედ ტურიდუს მოჰკრა თვალი. ეს ამბავი კიდევ ერთხელ აოცებს ლუჩიას, მაგრამ სანტუცა ანიშნებს, არაფერი თქვას.
სოფლელები ეკლესიაში სალოცავად შედიან, მარტო დარჩენილი ლუჩია კი სანტუცას მწუხარე ამბავს ისმენს. ირკვევა, რომ ტურიდუ და ლოლა ადრე დაქორწინებას აპირებდნენ, მაგრამ ახალგაზრდა კაცი საომრად წავიდა, დაბრუნებულს კი ლოლა უკვე ალფიოზე გათხოვილი დახვდა. ტურიდუმ ტკივილის განელება ახალი სიყვარულით სცადა და სანტუცა შეიყვარა. მაგრამ, ახლა ლოლა შეიპყრო შურმა და ეჭვებმა და კვლავ თავბრუ დაახვია ტურიდუს. მიტოვებული და პატივაყრილი სანტუცა კი წუხილის გასაზიარებლად დედა ლუჩიასთან მოვიდა.
თავზარდაცემული ლუჩია სალოცავად ეკლესიაში მიდის, ტავერნაში დაბრუნებულ ტურიდუს სანტუცას ნახვა საერთოდ არ უხარია. იწყება დაძაბული დიალოგი, ტურიდუ დაჟინებით უარყოფს სანტუცას ბრალდებებს და მაშინ, როცა სანტუცა ეუბნება განთიადზე ლოლას სახლთან ყოფილხარო, განრისხებული იქით სდებს ბრალს ჯაშუშობაში.
მათ შეხლას ლოლას გამოჩენა წყვეტს, რომელიც ქუჩაში უზრუნველად მოიმღერის. ლოლა სარკასტულად ეკითხება სანტუცას, რატომ არაა მესაზე ამ აღდგომა დღეს. სანტუცა პასუხობს, რომ მესაზე იმათი ადგილია, ვინც უცოდველია, ამის გამგონე, ლოლა ღმერთს მადლობას სწირავს და ეს ირონია სანტუცას უსაზღვრო რისხვას და ბრაზს იწვევს. ლოლა გზას აგრძელებს, წყვილი – ურთიერთობის გარკვევას. საბოლოოდ, თავმობეზრებული ტურიდუ ლოლას დაედევნება. სანტუცას ამაო ხვეწნა-მუდარა, საბოლოოდ, წყევლით იცვლება: „ცუდი აღდგომა დღე გაგითენდა, ვფიცავ ყველაფერს!“, – დაადევნებს ის ყოფილ საქმროს.
სანტუცა ასრულებს თავის მუქარას. ალფიოს ქუჩაში ხვდება და მისი ცოლისა და ტურიდუს ღალატზე უყვება. „მზის ჩასვლამდე ვიძიებ შურს ღალატისათვის!“, – იფიცებს ალფიო.
მესა სრულდება. ეკლესიიდან გამოსულ ლოლას ტურიდუ დარჩენას სთხოვს, მაგრამ ქალი შინ მიიჩქარის, ქმრის სანახავად. ტურიდუ არწმუნებს, რომ ალფიოც აქ მოვა. ლოლა თანხმდება და ტურიდუ ყველას დედა ლუჩიას ტავერნაში ჭიქა ღვინოზე ეპატიჟება. ალფიოს გამოჩენისას სიტუაცია იძაბება. ის უარს ამბობს მასპინძლის შემოთავაზებულ ღვინოზე, „თქვენს მოწოდებულს ვერ მივიღებ, შხამად იქცევა ეგ ღვინო წამში!“, – ამბობს ის. ლოლა ქალებს გაჰყავთ, დაძაბულობა კი იმით სრულდება, რომ ტურიდუ ყურზე კბენს ალფიოს, რაც გამოწვევას ნიშნავს. ისინი დანებით იბრძოლებენ. მაგრამ, იმავე წამს, ტურიდუ ხვდება, რომ არასწორად მოიქცა, პირველ რიგში კი – სანტუცას წინაშე, რომელიც, თუ მას მოკლავენ, სრულიად მარტო დარჩება. ამიტომ, თავს ვალდებულად გრძნობს, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, ალფიოს გული გაუგმიროს. ალფიო ცივად პასუხობს, რომ ბაღის უკან დაელოდება.
მარტო დარჩენილი ტურიდუ დედას მოუხმობს, ეუბნება, რომ ღვინომ თავბრუ დაახვია და ჰაერზე გასვლას აპირებს. მაგრამ იქამდე, სთხოვს დალოცოს ისე, როგორც ჯარში წასვლისას დალოცა. და თუკი მას რამე შეემთხვევა, იზრუნოს სანტუცაზე, რომელსაც ოდესღაც საკურთხეველთან მიყვანას დაპირდა. შვილის გაუგებარი ფრაზები დედა ლუჩიას გაოგნებას და შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ტურიდუ ყველაფერს ღვინოს აბრალებს, სთხოვს ილოცოს მისთვის, ემშვიდობება და გარბის. ლუჩია დაედევნება გაქცეულ შვილს, მაგრამ კარებში მას სანტუცა ხვდება და ქალები ერთმანეთს ეხვევიან. შორიდან მომავალ გაურკვეველ ყვირილში თანდათან იკვეთება საშინელი სიტყვები: „ტურიდუ მოკლეს“.
ნავარელი ქალი
მოქმედება მიმდინარეობს ბილბაოს მახლობელ სოფელში, მეორე კარლისტური ომის დროს, 1874 წლის გაზაფხულზე. სოფლის მოედანზე თავს იყრიან ბილბაოზე შტურმიდან დაბრუნებული ჯარისკაცები, მოჰყავთ დაჭრილები და დაღუპულები. გენერალი გარიდო წუხს, რომ შეტევა ძვირად დაუჯდა და ქალაქი კვლავ კარლისტების მეთაურმა, სუკარაგამ იგდო ხელთ.
ნავარელი გოგონა ანიტა სამოსში დამალულ ღვთისმშობლის მცირე ქანდაკებაზე ლოცულობს, რომ მან დაიცვას ჯარისკაცი არაკილი, რომელიც, უცებ ჯარისკაცებს შორის გამოჩნდება. რემიჯო, არაკილის მამა ამრეზით უყურებს ჩამოკონკილ ქალს და შვილს ეკითხება, რა ესაქმება ამ ნავარელ მაწანწალასთან. ანიტა უამბობს, რომ პამპლონადან არის, სადაც მისი ოჯახის წევრები დაიხოცნენ. ორი წლის წინ დღესასწაულზე როგორ არაკილს და მაშინვე შეუყვარდათ ერთმანეთი. რემიჯო გადაწყვეტს, წყვილს დაქორწინების ნება მისცეს, თუკი ქალი მოიტანს მზითევს - ორიათას დუროს. ანიტა და არაკილი ევედრებიან მამას, გადაიფიქროს, მაგრამ ის შეუვალია.
არაკილს უახლოვდება გარიდო და მისი ოფიცრების შესახებ კითხვებს უსვამს. აღმოჩნდება, რომ ყველანი ბრძოლისას დაიხოცნენ. გარიდო არაკილს ლეიტენანობას უბოძებს. რემიჯო უაღრესად კმაყოფილი რჩება და მამა-შვილი მოედანს ტოვებს.
მოედანზე სასოწარკვეთილი ანიტა რჩება და ყურს მოჰკრავს, როგორ სახავს გენერალი შეტევის გეგმას. მას თითქმის აღარ ჰყავს ოფიცრები. გარიდო მზადაა, ნებისმიერი თანხა გადაუხადოს იმას, ვინც სუკარაგას თავიდან მოაცილებს. ანიტა სასწრაფოდ უთანხმდება მას და მოედნიდან ქრება.
ლეიტენანტის მუნდირში გამოწყობილ არაკილს სურს ანიტას დაენახოს, მაგრამ ის არსადაა. ჯარისკაცი რამონი მას გადასცემს ახლახან მოყვანილი დაჭრილების საუბარს: მათ დაინახეს ქალი, რომელიც კარლისტების ბანაკისაკენ მიეშურებოდა და ზუკარაგას კითხულობდა. ალბათ ჯაშუშიაო, ასკვნის რამონი. არაკილს ეჭვი ერევა და ანიტას მოსაძებნად მიეშურება.
გამთენიისას, ჯილდოს მისაღებად გარიდოსთან ცხადდება სისხლში მოსვრილი ანიტა. ის იღებს დაპირებულს, მაგრამ, ამავდროულად, არავის უნდა გაუმხილოს, რა ფასადაა მოპოვებული ეს ფული. სოფელში ბრუნდება თავში დაჭრილი არაკილიც. ანიტა სიხარულს ვერ მალავს - მან მოიპოვა სანატრელი ორიათასი დურო და ახლა მათ შეუძლიათ, დაქორწინდნენ. მაგრამ, არაკილს ჰგონია, მან ეს ფული საკუთარი სხეულის გაყიდვით იშოვა. ანიტას მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ მას არაფერი დაუშავებია, მაგრამ არაკილს არ სჯერა.
შორეული ზარების რეკა ახლავს თან რემიჟიოს, რამონის და ექიმის გამოჩენას. ირკვევა, რომ სუკარაგა ვიღაცას მოუკლავს. არაკილი ახლაღა ხვდება ყველაფერს. „სისხლის საფასური! რა საშინელებაა!“ - აღმოხდება მას და კვდება. მწუხარებით თავზარდაცემული ანიტა ცდილობს რაიმე იპოვოს, რითაც თავს მოიკლავს და ხელში ღვთისმშობლის მცირე ქანდაკება მოხვდება. ის ჭკუიდან იშლება და ისე ლაპარაკობს, თითქოს არაკილი ჯერაც ცოცხალია და სამგლოვიარო ზარები სინამდვილეში მათი ქორწილისთვის რეკენ. ამის შემდეგ საზარლად გადაიხარხარებს და უგონოდ ეცემა.