Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

რუჯერო ლეონკავალო

ჯამბაზები

ლიბრეტოს ავტორი: რუჯერო ლეონკავალო
პრემიერა: მილანის თეატრი Dal Verme, 1892 წლის 21 მაისი

პრემიერა საქართველოში: თბილისი, ქართული თეატრი 1893 წლის 4 ოქტომბერი; ოპერის („სახაზინო“) თეატრი, 13 ოქტომბერი. 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი
მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი

დამდგმელი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი 
დამდგმელი რეჟისორი: ფედერიკო გრაცინი
დამდგმელი მხატვარი: ანდრეა ბელი
კოსტიუმების დიზაინერი: ვალერია დონატა ბეტელა

სადადგმო სამსახურის უფროსი: ამირან ანანიაშვილი
მხატვარი მოდელიორი: თამარ ჩარგეიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე: გია გელაძე

სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი: მარინა ბურჭულაძე

პარმის ოპერის თეატრის პროდუქცია

პროდუქციის პრემიერა საქართველოში: 2026 წლის 26, 27,28 თებერვალი,1,6,7,8 მარტი

სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე

დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მეორე მოქმედებიდან დაიშვება

შინაარსი

ვრცლად

პროლოგი

ფარდის ახდისთანავე, ტრადიციული კომედიური პერსონაჟის, ტადეოს სამოსში გამოწყობილი ტონიო ავანსცენაზე გამოდის. იგი მაყურებელს მიმართავს და შეახსენებს, რომ მსახიობებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სცენაზე მათ მიერ გათამაშებულ ვნებებსა და ცრემლებს, ხანდახან, შესაძლოა, თვალთმაქცობასთან სრულიად არაფერი ჰქონდეთ საერთო; წარმოდგენისას მათი განცდები ისეთივე მძაფრი და ნამდვილი იყოს, როგორც რეალურ ცხოვრებაში.

 

პირველი მოქმედება

სოფლის განაპირას, ცნობისმოყვარე ხალხით გარშემორტყმული მოხეტიალე მსახიობები წარმოდგენისთვის კარავს ამზადებენ. მათი ხელმძღვანელი კანიო ყველას საღამოს სანახაობაზე ეპატიჟება. ნედა, მისი ცოლი და დასის ერთადერთი მსახიობი ქალი ოთხთვალადან ფრთხილად ეშვება. ტონიო თავაზიანად შეაშველებს ხელს, მაგრამ ეჭვიანი კანიო მას სილას გააწნის, გვერდზე მიაგდებს და თავად ეხმარება ქალს. იქვე მდგომი სოფლელები ტონიოს ნედასადმი ყურადღებაზე გაიხუმრებენ. მაგრამ კანიოს ეს სასაცილო სულაც არ ჰგონია, მოღუშული გამოსცრის, რომ „ზოგი თამაში, უმჯობესია არ ითამაშო“. იგი შეახსენებს ხალხს, რომ თეატრი და ცხოვრება სხვადასხვა რამაა; კანიო სულელი არ არის, უქმად არ დადგება, თუკი ვინმე მის ცოლს აედევნა; როგორც ქმარი სპექტაკლში ათასგვარ დაცინვას იტანს, მაყურებელი რომ გააცინოს, მაგრამ, თუ ნედამ ორგულობა სცენის გარეთ გაბედა, კომედია ტრაგედიად გადაიქცევა.

სოფლის მცხოვრებლები მსახიობებს ტავერნაში სასმელზე ეპატიჟებიან. კანიო და ბეპე მიჰყვებიან, ტონიო და ნედა კი რჩებიან.

ახალგაზრდა ქალი მარტოა. ჩიტის გალობა ამშვიდებს მას და თვითონაც წამოიწყებს სიმღერას თავისუფლებაზე. ტონიო შემთხვევით სარგებლობს და თავის სიყვარულს უმჟღავნებს. ნედა იცინის და აბუჩად იგდებს, მაგრამ, როდესაც კაცი, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, შეეცდება მოეხვიოს, იგი მათრახს წამოავლებს ხელს და გააგდებს. შეურაცხყოფილი და განრისხებული ტონიო „აგვისტოს ღვთისმშობლის“ წინაშე იფიცებს, რომ ნედა ამისთვის პასუხს აგებს.

მოგვიანებით, ახალგაზრდა ქალთან საყვარელი, ახალგაზრდა გლეხი სილვიო მოდის და სთხოვს, მიატოვოს ეჭვიანი ქმარი და მასთან ერთად გაიქცეს. ნედას ეშინია, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც თანხმდება. ტონიო, რომელიც მათ საუბარს აყურადებდა, ახლა კანიოს მოსაყვანად მიიპარება. მათი მოახლოებისთანავე სილვიო გარბის. ბრაზისგან გაგიჟებული კანიო ნედას საყვარლის სახელის გამხელას უბრძანებს, მაგრამ, რაკი ქალი არაფრით უმხელს, დანით ემუქრება. ბეპე მის დაშოშმინებას ცდილობს: სოფლელები უკვე გამოვიდნენ ეკლესიიდან, დასი წარმოდგენისთვის უნდა მოემზადოს. ტონიო კანიოს აიმედებს, რომ მისი მეტოქე აუცილებლად გასცემს თავს პიესის განმავლობაში.

კანიო მარტოა, ჯამბაზის კოსტიუმს იცვამს და სცენაზე გასასვლელად ემზადება. მისი ხვედრი ასეთია: მაშინაც უნდა იცინოს, როდესაც მწუხარებისგან თვალები ცრემლებით ევსება და ლამისაა ჭკუიდან შეიშალოს.

 

მეორე მოქმედება

გვიანი საღამოა. ხალხი სცენის წინ თავს იყრის და წარმოდგენას ელოდება. კოლომბინას სამოსში გამოწყობილი ნედა მათ შორის დადის და ფულს აგროვებს. მაყურებელთა შორის იგი სილვიოს შენიშნავს და ჩუმად აფრთხილებს.

სანახაობა იწყება. ამბავი, რომელიც სცენაზე თამაშდება, ტყუპისცალივით ჰგავს მსახიობებს შორის დილით მომხდარს:

კოლომბინას ქმარი, ჯამბაზი (კანიო) შინ არ არის. ფანჯრიდან შეყვარებული არლეკინის (ბეპე) სერენადა ისმის. ამასობაში, მსახური ტადეო (ტონიო) ბაზრიდან ბრუნდება. მასაც უყვარს კოლომბინა და შემთხვევით სარგებლობს, რომ თავისი გრძნობები გაუმხილოს. მაგრამ, ქალი ხელს ჰკრავს მას და გააგდებს. არლეკინი ფანჯრიდან ძვრება, მან საყვარელს ბანგი მოუტანა, რომლითაც ქმარი უნდა დააძინოს და შემდეგ მასთან ერთად გაიქცეს. მოულოდნელად, ჯამბაზი, რომელიც ეჭვებს შეუპყრია, უკან ბრუნდება. არლეკინი ფანჯრიდან ხტება და გარბის. კოლომბინა კი, გამოსამშვიდობებლად, დაადევნებს სწორედ იმ სიტყვებს, რომელიც კანიომ ნედასგან ამ დილით გაიგონა.

ახლა მან კიდევ უფრო მძაფრად გააიგივა საკუთარი თავი მისსავე პერსონაჟთან - მოტყუებულ, რქებდადგმულ ქმართან. ბრაზისგან გაცოფებულ კანიოს თამაშის გაგრძელება აღარ შეუძლია, ცოლისგან დაჟინებით მოითხოვს საყვარლის სახელის გამჟღავნებას. მაყურებელი, რომელსაც ეს ყველაფერი სანახაობის ნაწილი ჰგონია, აღტაცებული ტაშს უკრავს მის ოსტატურ თამაშს. ნედა ცდილობს, მოვლენები კვლავ კომედიის კალაპოტში დააბრუნოს და ეძახის: „ჯამბაზო, ჯამბაზო“... მაგრამ მრისხანე პასუხს იღებს: არა, კანიო ჯამბაზი არაა, მისი სახე სრულიად გათეთრებულია არა საღებავის, არამედ აუტანელი სირცხვილისა და მწუხარებისგან.

ხალხი ახლა უკვე ხვდება, რომ სცენაზე რაღაც უჩვეულო ხდება. ეჭვიანობისა და ღალატისგან გონდაკარგული კანიო ცოლს იქვე დაგდებულ დანას ჩასცემს. მომაკვდავი ნედა საშველად უხმობს სილვიოს, რომელიც ბრბოში გზის გაკვლევას ცდილობს, მაგრამ კანიოს დანა მასაც მისწვდა. ახლა სცენაზე ორი მოკლული წევს.

შეძრწუნებული მაყურებლის ყურამდე უკანასკნელი ფრაზა აღწევს:

„კომედია დამთავრებულია!“