GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ვიქტორ დოლიძე

ქეთო და კოტე

ოპერა სამ მოქმედებად

ლიბრეტო ვიქტორ დოლიძის. ავქსენტი ცაგარელის კომედიის „ხანუმას მიხედვით“

დამდგმელი დირიჟორი – რევაზ ტაკიძე 
დამდგმელი რეჟისორი – იოანე (ვანო) ხუციშვილი
სცენოგრაფია, კოსტიუმები – გიორგი ალექსი-მესხიშვილი
მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი

ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი


სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძე
 
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

შინაარსი

ვრცლად

პირველი მოქმედება


თავადი ლევან ფალავანდიშვილის ოჯახში ნადიმია. მალე, ნადირობიდან  დაბრუნებული თავადიც უერთდება სტუმრებს. 

შემოდის ლევანის ძმისწული კოტე. ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა შორეული მოგზაურობიდან. მაჭანკალი ბაბუსი, რომელსაც თავადისთვის საცოლეს ვაჭარ მაკარ ტყუილ-კოტრიაშვილის ქალიშვილი, ქეთო შეურჩევია, კოტესაც ჰპირდება მისთვის შესაფერისი ქალის მონახვას. მაგრამ ლევანს ამჟამად ქორწინება არ აინტერესებს, ხოლო კოტემ სიყვარული უკვე იპოვა, ამიტომ ბაბუსის გარჯა უყურადღებოდ რჩება
სტუმრები ბაღისკენ მიეშურებიან, მაგრამ კოტეს საქმე აქვს თავად ლევანთან: ის ცოლის შერთვას აპირებს და ეშინია, საცოლის მამა არ დათანხმდება. გახარებული ლევანი კოტეს ეუბნება, რომ ისიც იმავეს აპირებს, რადგან გაკოტრდა და მის სალაროს მხოლოდ მდიდარი ქალის მზითევი თუ შეავსებს. ეს ქალი კი, ქეთოა, მდიდარი ვაჭრის მემკვიდრე. კოტეს თავზარი დაეცემა, როცა მის ვინაობას იგებს, მაგრამ, სასწრაფოდ დაამშვიდებს შეშფოთებულ ბიძას და სტუმრებთან გაუშვებს.

შემოდის მეორე მაჭანკალი, ბაბუსის კონკურენტი ბარბალე. კოტე თავის გასაჭირს მას შესჩივის. ბარბალე ამშვიდებს და აიმედებს. მას მერე, რაც კოტესგან კარგი გასამრჯელოს დაპირებას მიიღებს, მაჭანკალი დაუყოვნებლივ მოქმედებას იწყებს. შემობრუნებულ თავადს ბარბალე ახარებს, რომ მისი აქორწინების საქმე მოათავა. ბაბუსი გაცეცხლდება და ბარბალესკენ გაიწევს. მაჭანკლებს ლევანი აშველებს, წილს ყრის და ბაბუსის უმართლებს.
ბარბალეს სასახლიდან მიაბრძანებენ, ისიც მიდის, მაგრამ იმუქრება, ჩაგიფუშავთ მაგ საქმესო.
 

მეორე მოქმედება


მდიდარი ვაჭარი მაკარ ტყუილ-კოტრიაშვილი მაგიდასთან ზის და თავისი ცხოვრების დიდ სიყვარულზე, ფულებზე მღერის. მას სხვა ამბავიც ახარებს - მისი შვილი დიდგვაროვან თავად ლევანზე თხოვდება, რომელიც საცაა ქალის სანახავად მობრძანდება. მაკარი უბრძანებს ქეთოს, მოირთოს და მოიკაზმოს, მაგრამ ქეთო ევედრება მამას, ნუ მიათხოვებს მას ლევანს. მაკარს არაფრის გაგონება არ სურს.

შემოდის კოტე, რომელსაც ქეთოს ნახვა სურს. შემოდიან ქეთო და ბარბალე. ქეთოს ეშინია, რომ მრისხანე მამა არ შემოესწროთ. მაგრამ ბარბალეს პასუხი მზად აქვს: თუ მაკარი გამოჩნდება, ისინი კოტეს როიალის ამწყობად გაასაღებენ.

ამ დროს საქო და სიკო, ორივენი მხიარულ გუნებაზე არიან, მღერიან ღვინოზე, ცოცხალზე, მწვანილზე, ტიკებზე, მწვადებზე. ულოცავენ ქეთოს, ჩქარა კნეინა გახდებიო. ქეთო უპასუხებს, რომ არასოდეს ბებერ თავადს არ გაყვება. მას თავადი კოტე უყვარს - და მიუთითებს თავის საქმროზე.

საქო და სიკო სახტად დარჩებიან და ალიაქოთის ატეხას აპირებენ, მაგრამ ბარბალე მათ უჩვენებს  წერილს, რომელიც, თითქოს, ქეთოს მაგიდაზე იპოვა. წერილში წერს, რომ თავის მოკვლა გადაწყვიტა, რადგან არ სურს ცოლად გაჰყვეს იმ კაცს, რომელიც არ უყვარს. თავის სიკვდილში იგი ბრალს სდებს მამას და აგრეთვე საქოსა და სიკოს, რომლებიც მას ეხმარებოდნენ.

შეწუხებული საქო და სიკო პირობას დებენ, რომ შეყვარებულებს ხელს არ შეუშლიან და წასვლას აპირებენ, მაგრამ ბარბალე მათ არ უშვებს - მას მათი დახმარება სჭირდება.
ამ საუბრისას შემოდის აღელვებული მაკარი - ის თავადს ელის და ყველას სთხოვს სათანადოდ მოემზადონ.

მაკარის გასვლის შემდეგ, ბარბალე მოქმედების გეგმას აცნობს იქ მყოფთ. ის აპირებს, საპატარძლოს ტანსაცმელში გამოეწყოს და თავადს წარუდგეს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მაკარი როგორმე სახლს მოაშორონ. მაკარისთვის ამზადებენ წერილს, რომლითაც თითქოს გამომძიებელი ერთობ საჭირო საქმისათვის იბარებს.

შემოდიან სტუმრები, მალე თავადიც გამოჩნდება. მაკარი ეგებება მათ, მაგრამ, უცებ წერილს მიიღებს. იგი ბოდიშს იხდის სტუმრების წინაშე და მიდის.

შემოდის საპატარძლო გამოწყობილი ბარბალე. მახინჯი პატარძლის გამოჩენა და მისი ახირებული ქცევა შემოსვლა მოთმინებიდან გამოიყვანს ლევანს და სტუმრებს. აღელვებულ თავადს ძლივს აკავებენ, ყველაფერი აირევა, სტუმრები გარბიან.

მესამე მოქმედება


მაკარი სიკოს და საქოს ესაუბრება. ვერ გაუგია, როგორ გამოვიდა ისე, რომ თავადს არ მოეწონა მისი ქალი. საქო ეუბნება, რომ ამ საქმის ჩაშლა სულ ბაბუსის ბრალია. ბარბალეს მოხმობა კი ძალიან კარგი აზრია.

შემოდის ბარბალე და თავმდაბლად ესალმება მაკარს, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან აწყენინეს, მაინც მზად არის ორას თუმნად გამოასწოროს ჩაშილილი საქმე და ერთ საათში ქეთოს თავადზე ჯვარი დასწეროს. გაოცებული მაკარი სასწრაფოდ გადაუხდის თანხის ნახევარს და წერს ხელწერილს, რომ იგი თანახმაა თავისი შვილი მიათხოვოს თავადს, რომლის სახელიც დაავიწყდა. „კოტე“ - კარნახობს ბარბალე. შემოდის ქეთო. მამა ეუბნება მას, რომ უსიტყვოდ გაჰყვეს ბარბალეს და რასაც ის ურჩევს, ყველაფერი შეასრულოს. ბარბალე სიკოსა და საქოს თანხლებით ქეთოს ეკლესიაში გაგზავნის, სადაც მას კოტე ელოდება.

უცებ შემოირბენს მაჭანკალი ბაბუსი და ეუბნება მაკარს, რომ ბარბალემ ჩაუფუშათ მთელი საქმე. მაკარი გაოცებულია: მან ხომ ეს-ესაა თანხმობა მისცა ბარბალეს, თავისი ქალი მიათხოვოს თავად კოტეს! „თავადს ხომ ლევანი ჰქვიან!“ –შეიცხადებს ბაბუსი. ვაჭარი ახლაღა მიხვდება, რომ მოტყუვდა. ისინი საჩქაროდ გარბიან ეკლესიაში, მაგრამ უკვე გვიანაა, ქეთო და კოტე უკვე დაქორწინდნენ.

შემოდიან ახალდაქორწინებულნი. მცირე ხნის მისალმების შემდეგ ქეთო და კოტე მარტოდ რჩებიან. ამიერიდან ვეღარავინ ჩაშლის მათ ბედნიერებას.

შემოდის მაკარიც. მას ლევანი შემოჰყავს დასარწმუნებლად, რომ მისი შვილი არ არის მახინჯი. თანდათან იკრიბებიან სტუმრები.

საქო სთხოვს მაკარს დალოცოს ქალი და სიძე. მაკარი საჩხუბრად ემზადება, მაგრამ ლევანი ამშვიდებს: იგი გულწრფელად მოხარულია, რომ მისმა ძმისწულმა ასეთი მშვენიერი ქალი შეირთო ცოლად.  საჩუქრად მას თავის ნახევარ ქონებას აძლევს, იმ ქონებისა, რომელიც მაკართან აქვს დაგირავებული. ბარბალე ამაყობს თავისი გამარჯვებით და ლევანს სხვა ქალს ჰპირდება, რომელიც ადრევე შეურჩევია. ისე,როგორც პირველ მოქმედებაში ბარბალე გააგდეს, ახლა უკვე მხიარულ სტუმრებს შორის ბაბუსის ადგილი აღარაა. ყველანი ადიდებენ ბარბალეს, ყოჩაღ მაჭანკალს.