GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ჯუზეპე ვერდი

რიგოლეტო

ოპერა სამ მოქმედებად
 
ლიბრეტოს ავტორი: ფრანჩესკო მარია პიავე

დაფუძნებულია ვიქტორ ჰიუგოს დრამაზე „მეფე ერთობა“

 

მსოფლიო პრემიერა: 1851 წლის 11 მარტი, ვენეციის La Fenice 

პრემიერა საქართველოში: 1853 წლის შემოდგომის სეზონი, თბილისის „ქარვასლის“ თეატრი

 
დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი

დირიჟორი ფაბრიციო კარმინატი

დამდგმელი რეჟისორი ჟან ლუი გრინდა 
სცენოგრაფი რუდი საბნგი

კოსტუმების დიზაინერი  ესტერ მარტინი
განათების დიზაინერი ლორან კასტენი 
  
მონტე-კარლოს ოპერის თეატრის პროდუქცია

სამხატვრო ხელმძღვანელი: ბადრი მაისურაძ

შინაარსი

ვრცლად

პირველი მოქმედება

 

პირველი სურათი

მანტუის ჰერცოგი სასახლეში მორიგ ნადიმს მასპინძლობს. მას მიაჩნია, რომ ყველა ქალი, რა უმანკოდ და მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, ერთნაირად მატყუარაა, ამიტომ, ცხოვრების წესად დაუსახავს საყვარლების წარამარა ცვლა. მას არ ადარდებს ქმრების რისხვა ან ეჭვიანობა და ახლაც, ქმრის წინაშე ეარშიყება გრაფინიას. ჩეპრანოს სიბრაზეს უარესად აღიზიანებს ჰერცოგის კარის მასხარა რიგოლეტო, რომელიც მოკლე დიალოგისას ღიად მიანიშნებს, რქიანი ხარო. ჩეპრანო ყველა იმ კარისკაცს, რომელიც ოდესღაც რიგოლეტოს გესლიანი ენის მსხვერპლი გამხდარა, შურისძიებისკენ მოუწოდებს. მოხუცი არისტოკრატი მონტერონე მეჯლისზე შემოჭრას ცდილობს, მას სურს, ჰერცოგმა პატივი აგოს მისი ქალიშვილის შერცხვენისთვის. სანამ დაცვა მონტერონეს აკავებს, რიგოლეტო ახლა მის, მამის ტკივილს დასცინის. უბედური მოხუცი ორივეს წყევლის. ეს წყევლა კი ცუდად ენიშნა მასხარას. შეშინებული ტოვებს სასახლეს და შინისკენ მიიჩქარის.  

 

მეორე სურათი 

შინისკენ მიმავალ გზაზე, უკაცრიელ ჩიხში რიგოლეტოს მკვლელი სპარაფუჩილე ხვდება და თავის სამსახურს სთავაზობს. სახლში მასხარას ქალიშვილი, ჯილდა ელოდება. ის, რიგოლეტოს სურვილით, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და გარეთ მხოლოდ ტაძარში წასასვლელად გადის. რიგოლეტოსთვის ჯილდა ყველაფერია, მაგრამ, რამდენადაც დიდია მისი სიყვარული, იმდენადვე დიდია შიში შვილის დაკარგვის გამო. ამიტომაც, კიდევ ერთხელ, მკაცრად აფრთხილებს ჯილდას მომვლელ ქალს, ჯოვანას, კარი არასოდეს არავის გაუღოს.  

 

მესამე სურათი

ჯილდას სინდისი ქენჯნის. მან მამას დაუმალა, რომ უკვე სამი თვეა, ტაძარში ვიღაც მშვენიერ ახალგაზრდა კაცს ხვდება და უკვე შეუყვარდა კიდეც. მისთვის მოულოდნელად, ეს ახალგაზრდა კაცი - მანტუის ჰერცოგი - მის წინაშეა და სიყვარულზე ესაუბრება. ქუჩიდან ხმაური ისმის, ჰერცოგი უნდა წავიდეს. წასვლის წინ ის ჯილდას ეუბნება, რომ ღარიბი სტუდენტია და გუალტიერ მალდე ჰქვია. რიგოლეტოს გული ცუდს უგრძნობს, სახლისკენ მობრუნდება და საკუთარ შეთქმულებს ხვდება. ისინი არწმუნებენ, რომ ჩეპრანოს ცოლი უნდა და თანამონაწილეობას სთავაზობენ. მას  თვალებსა და ყურებსაც აუხვევენ და კედელზე ასასვლელ კიბეს დააჭერინებენ. როცა ყველაფერი დასრულდება, რიგოლეტო სახვევს იხსნის და ყველაფერს ხვდება.   

 

მეორე მოქმედება

ჯილდას გაქრობის გამო აღელვებული ჰერცოგი სასახლეში ადგილს ვერ პოულობს. კარისკაცები ბრუნდებიან და თავიანთ ღამეულ თავგადასავალს უყვებიან. ჰერცოგი ყველაფერს ხვდება და იმ ოთახისკენ მიიჩქარის, სადაც ჯილდაა დატყვევებული. ჩვეული, მასხარის მანერებით, შემდეგ კი - თავისი ნამდვილი სახით რიგოლეტო ცდილობს დააცდენინოს კარისკაცებს, სად წაიყვანეს მისი შვილი. მაგრამ ვერაფერს იგებს, სანამ ჯილდა თავად არ გამორბის ჰერცოგის ოთახიდან და ყველაფერს არ უამბობს მას. რიგოლეტო ჯილდასთან ერთად სასახლეს ტოვებს. ის კვლავ შეეჩეხება მონტერონეს, რომელიც საპყრობილეში მიჰყავთ. გატეხილი მოხუცი ჰერცოგის პორტრეტის წინ ჩერდება - მისმა წყევლამ ჰერცოგზე არ იმოქმედა და, რაკი ასეა, ამიერიდან, კვლავ ბედნიერად ცხოვრებას უწინასწარმეტყველებს მას. მაგრამ, რიგოლეტო არ აპირებს უქმად ყოფნას. ის იფიცებს, რომ შურს ორივე მამის და ქალიშვილის გამო იძიებს.  

 

მესამე მოქმედება

ღამით, რიგოლეტო და ჯილდა სპარაფუჩილეს სახლისკენ მიდიან.  მამას სურს, ჰერცოგის  ორგულობა ჯილდას საკუთარი თვალით აჩვენოს: გადაცმული ჰერცოგი ახლა სპარაფუჩილეს დას, მადალენას  ეფიცება სიყვარულს. რიგოლეტო შვილს შინ გაუშვებს, რათა იქ კაცის სამოსი გადაიცვას და ვერონაში გაემგზავროს, თავად კი სპარაფუჩილეს ჰერცოგის მკვლელობაზე გაურიგდება, საფასურის ნახევარს გადასცემს და მეორე ნახევრის მოსატანად მიდის. სიბნელე და ჭექა-ქუხილი ჰერცოგს გადააწყვეტინებს, ღამე სპარაფუჩილეს დუქანში გაათიოს.  მადალენა ძმას ევედრება, არ მოკლას ეს მშვენიერი ყმაწვილი. დუქანს კაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჯილდა უახლოვდება და და-ძმის კამათს აყურადებს. სპარაფუჩილეს მადალენას მუდარა გამოსავალს აპოვნინებს: თუ შუაღამემდე მათ კარს ვინმემ მოუკაკუნა, ჰერცოგის ნაცვლად იმას მოკლავს. ჯილდა, რომელმაც ყველაფერი გაიგონა, კარებზე აბრახუნებს. შუაღამისას, რიგოლეტო ბრუნდება, რათა სპარაფუჩილეს თანხის მეორე ნახევარი ჩაუთვალოს და ტომარაში გამოკრული ჰერცოგის გვამი მდინარეში საკუთარი ხელით გადააგდოს. მაგრამ, როცა გამარჯვებას ზეიმობს, სახლიდან ჰერცოგის ნაცნობი სიმღერა ესმის. დაზაფრული ჭრის ტომარას და იქ სასიკვდილოდ დაჭრილ საკუთარ შვილს პოულობს. ჯილდა პატიებას სთხოვს მამას მისთვისაც, ჰერცოგისთვისაც და კვდება. „წყევლამ მიწია“ - აღმოხდება შვილის ცხედარზე დამხობილ რიგოლეტოს.