ოპერა ორ მოქმედებად
მსოფლიო პრემიერა საკონცერტო შესრულებით
ლიბრეტო: ალექსი მაჭავარიანისა და გურამ მელივასი
უილიამ შექსპირის ერთსახელიანი ტრაგედიის ივანე მაჩაბლისეული თარგმანის მიხედვით
დამდგმელი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი
სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე
პირველი მოქმედება
დანიის პრინცი ჰამლეტი მელანქოლიას შეუპყრია. ეს განსაკუთრებით მძიმეა იმ ფონზე, როცა მთელი სასახლე დედამისის, დედოფალ გერტრუდას და ახალი მეფის, ჰამლეტის ბიძა კლავდიუსის ქორწინებას აღნიშნავს.
ჰამლეტი გარდაცვლილი მამის სულს ხვდება და მისი აღსასრულის შესახებ იგებს. ამის შემდეგ კი, მას კიდევ ერთი შეხვედრა ელის სასახლის კარის დიდებულის, პოლონიუსის ასულ ოფელიასთან, რომელიც ჰამლეტს საიდუმლოდ უყვარს.
პოლონიუსი პარიზში გასამგზავრებლად აცილებს შვილს, ლაერტს და რჩევა-დარიგებებს აძლევს. ოჯახის წევრები ლაერტს ემშვიდობებიან.
მამისგან მოსმენილით შეძრული ჰამლეტი შურისძიების გეგმას სახავს და ამის მიხედვით თავს იგიჟიანებს კარისკაცთა და სეფექალთა წინაშე, მათ შორის, ოფელიასაც აგებინებს, რომ აღარ უყვარს.
სასახლეს მოხეტიალე მსახიობთა დასი ეწვევა. ჰამლეტი გადაწყვეტს, მათი სპექტაკლის მეშვეობით მამამისის მკვლელებს რაღაც მიანიშნოს.
მეორე მოქმედება
ჰამლეტი მსახიობებთან ერთად მონაწილეობს სპექტაკლში. წარმოდგენაში მსახიობი ყურში ააწვეთებს საწამლავს მსახიობ მეფეს, რომელსაც სძინავს. შემდგომ ჯვარს იწერს მეფის, მისი ძმის მეუღლეზე. მეფე და იქ მყოფნი აღშფოთდებიან, დედოფალი კი ჰამლეტს თავისთან სალაპარაკოდ იბარებს.
დედასთან მიმავალი ჰამლეტი ხედავს, მეფე კლავდიუსი მარტოა და ლოცულობს. ჰამლეტი გადაწყვეტს, სიცოცხლეს გამოასალმოს, მაგრამ, შემდეგ გადაიფიქრებს: ამ მდგომარეობაში სიკვდილი ცოდვილი მეფისთვის, შესაძლოა, კარგიც კი იყოს.
ჰამლეტის მოსვლამდე დედოფალთან პოლონიუსი იმყოფება და რჩევებს აძლევს, თუ როგორ აკონტროლონ ჰამლეტის სიგიჟე. ნაბიჯების ხმაზე პოლონიუსი ფარდის უკან იმალება. ჰამლეტი ბრალს სდებს დედას სისხლის აღრევაში და არასათანადო გლოვაში, რა დროსაც ხმაური ესმის, ფარდას დაშნას უყრის და იქ დამალულ პოლონიუსს კლავს.
დანიაში ბრუნდებიან ჰამლეტის მეგობრები, როზენკრანცი და გილდენსტერნი. მათ ევალებათ, თვალი არ მოაშორონ ჰამლეტს და ინგლისში წაიყვანონ, თუმცა, გზად მისი მკვლელობაც იგეგმება.
ჰამლეტის მიერ მისი სიყვარულის უარყოფით და მამის მკვლელობით თავზარდაცემული ოფელია ჭკუიდან იშლება და მდინარეში იხრჩობს თავს.
დანიაში ბრუნდება ლაერტი. მას მამის მკვლელობაში დამნაშავე კლავდიუსი ჰგონია, მაგრამ კლავდიუსი ლაერტის რისხვას ჰამლეტისკენ მიმართავს.
სასაფლაოზე მყოფი ჰამლეტი ოფელიას დაკრძალვის ცერემონიალის მომსწრე ხდება. საყვარელი ქალის სიკვდილი მისთვის საშინელი მოულოდნელობაა.
ლაერტი ბრძოლაში იწვევს ჰამლეტს. მეფე კლავდიუსი წამლავს საბრძოლო დაშნებს და ასევე ღვინოს, რომელიც, მისი გეგმით, ბრძოლაში დაღლილ ჰამლეტს გასამხნევებლად უნდა შესთავაზოს. ჰამლეტი კლავს ლაერტს, მაგრამ, თავადაც იჭრება მოწამლული დაშნით. დედოფალი სვამს ჰამლეტისთვის განკუთვნილ ღვინოს და კვდება. ჰამლეტს საწამლავი ერევა, მაგრამ სიკვდილამდე მაინც ასწრებს კლავდიუსის მოკვლას.