GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

პიოტრ ჩაიკოვსკი

მაკნატუნა

ბალეტი ორ მოქმედებად

 ბარბარე - სესილი გუგუჩია
მაკნატუნა - მასააკი გოტო
ფერია დრაჟე - მარია კოჩეტკოვა
პრინცი - ეფე ბურაკი

დამდგმელი ქორეოგრაფები: ალექსეი ფადეეჩევი და ნინო ანანიაშვილი

დამდგმელი დირიჟორი: პაპუნა ღვაბერიძე
დამდგმელი მხატვარი: დავით პოპიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ანა კალატოზიშვილი
განათების მხატვარი:ვირჯინიო ლევრიო
მხატვარ-ვიზაჟისტი:ალექსანდრ შევჩუკი
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები: ტატიანა რასტორგუევა, ეკატერინე შავლიაშვილი

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის
სახელმწიფო თეატრის ორკესტრი

დირიჟორი - პაპუნა ღვაბერიძე

ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

შინაარსი

ვრცლად

ბალეტის ახალ დადგმაში, რომელიც ალექსეი ფადეეჩევს და ნინო ანანაიშვილს ეკუთვნით, მოქმედება ქართულ გარემოში, დადიანების სახლში და მთაწმინდის პარკში ვითარდება. ნაძვის ხის ირგვლივ ცეკვავენ ბარბარეს და ლევანის მეგობრები. თაგვების მეფისა და მანკატუნა-პრინცის შერკინების შემდეგ, ტკბილეულების სამყაროში, ზეიმს უერთდებიან ესპანური, ჩინური, ფრანგული, ინდური, რუსული მხიარული თოჯინები. იმართება მეჯლისი, სადაც ნაძვის ხესთან ულამაზეს ვალსს თოვლის ფიფქები ცეკვავენ.

 

შინაარსი

პირველი მოქმედება
დადიანების სახლში შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებიან. სტუმართა შორისაა ოჯახის ახლობელი, გერმანელი ინჟინერი და სათამაშოების ოსტატი დროსელმაიერი, რომელიც დადიანების ქალიშვილის-ბარბარეს ნათლიაა. დროსელმაიერმა შესანიშნავი საშობაო საჩუქრები მოუმზადა ბავშვებს, რომელთა შორის გამორჩეულია კაკლის სამტვრევი თოჯინა - მაკნატუნა.
ბავშვები მოუთმენლად ელიან საახალწლო ნაძვის ხის ანთებას და საშობაო საჩუქრების ნახვას. მოულოდნელად ოთახში ჯადოქრის ტანსაცმელში გადაცმული დროსელმაიერი შემოდის, რომელიც ბავშვების თვალწინ თოჯინებს აცოცხლებს. ნათლიამ ბარბარეს დათუნია აჩუქა, მის ძმას ლევანს კი - მაკნატუნა, რომელიც საოცრად მოსწონს ბარბარეს. ცელქი და მოუსვენარი ლევანი გულგრილად ექცევა მაკნატუნას და შემთხვევით ამტვრევს მას. გულდაწყვეტილი ბარბარე დამტვრეულ სათამაშოს ეფერება და ნათლიას მის შეკეთებას სთხოვს.
ღამეა. დადიანების ოჯახში ყველას დაეძინა. ბნელ ოთახში ჯადოქარი-დროსელმაიერი გამოჩნდება. ბარბარე გატეხილი მაკნატუნას სანახავად ბრუნდება. უეცრად ოთახის ბნელ კუთხეებში თაგვები ჩნდებიან. შეშინებული ბარბარეს წინ უეცრად ჯადოქარი გაჩნდება, რომელიც კეთილ ნათლია დროსელმაიერს წააგავს.
დროსელმაიერი ბარბარეს ჯადოსნურ სიზმარში მიუძღვება. ნელ-ნელა ადგილიდან იძვრიან კედლები, იზრდება ნაძვის ხე, უზარმაზარი კარადიდან გაცოცხლებული თოჯინები და თაგვების ბოროტი მეფე გამოცვივდებიან, რომლის ბრძანებით თაგვები თავს ესხმიან ბარბარეს და თოჯინებს.
შეშინებული ბარბარე და თოჯინები იმედით შესცქერიან მაკნატუნას, რომელიც ორ რიგად ჩამწკრივებულ სათამაშო ჯარისკაცებს საბრძოლველად მოიწვევს. არათანაბარ ბრძოლაში მაკნატუნა მარტო რჩება, მაგრამ მამაცად იბრძვის. სასოწარკვეთილი ბარბარე თაგვების მეფეს საკუთარ ფეხსაცმელს ესვრის. მეფე თაგვებს გაჰყავთ და თვითონაც გარბიან ოთახიდან. ბრძოლის ველი ცარიელდება. მხოლოდ მაკნატუნა წევს უსულოდ იატაკზე. ბარბარე მის დასახმარებლად მიემართება.
უეცრად ბარბარეს თვალწინ სასწაული ხდება - მაკნატუნა მშვენიერ უფლისწულად გადაიქცევა და მასთან ერთად მთაწმინდის პარკში აღმოჩნდება, სადაც ყველაფერი უცნაურად მოჩანს. თოჯინები თოვლის ფიფქებთან ერთად ტრიალებენ. ჯადოქარი ჯადოსნურ ჭიამაიას, ბარბარეს და მაკნატუნა-უფლისწულს მოიხმობს და ერთად მიემგზავრებიან ტკბილეულების ქვეყნისკენ.

 
მეორე მოქმედება
ტკბილეულის ქვეყნისაკენ მიმავალ ბარბარეს, მაკნატუნა-უფლისწულს და ჯადოსნურ ჭიამაიას უეცრად კვლავ თაგვები ესხმიან თავს. მაკნატუნა-უფლისწული ამარცხებს მათ.
ტკბილეულის ქვეყანაში ზეიმია. თოჯინები გათავისუფლდნენ ბოროტი თაგვებისაგან. გამოჩნდება დროსელმაიერი, რომელიც წარადგენს ბარბარეს და მაკნატუნა-პრინცს, ფერია დრაჟეს და მის კავალერს. ბარბარე და მაკნატუნა-უფლისწული ბედნიერები არიან. მათ საოცნებო სამეფოს მიაღწიეს, სადაც საშობაო ნაძვის ხე ნაირ-ნაირი ფერის ტკბილეულითაა სავსე. თოჯინები თავიანთი ქვეყნების ცეკვებს ასრულებენ.
შობის ღამე მიილია, დასრულდა ჯადოსნური სიზმარიც...
ნანახით გაოგნებული ბარბარე ისევ დიდ ოთახშია. მშობლებს უამბობს არაჩვეულებრივი თავგადასავალის შესახებ.
შემოდიან დროსელმაიერი და ლევანი. ყველანი ხვდება, რომ ბარბარემ საოცარი საშობაო სიზმარი ნახა. ლევანი ბარბარეს მაკნატუნას ჩუქნის.