GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ლუდვიგ მინკუსი

ბაიადერა

ბალეტი ორ მოქმედებად

ნინო ანანიაშვილის ლიბრეტო მარიუს პეტიპას და სერგეი ხუდეკოვის მიხედვით

მარიუს პეტიპას ქორეოგრაფია
გამოყენებულია ფრაგმენტები ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიიდან (პა დ’აქსიონი)

ნინო ანანიაშვილის და ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა

ბალეტის მსოფლიოს პრემიერა გაიმართა 1877 წლის 23 იანვარს პეტერბურგში
ახალი რედაქციის პრემიერა თბილისში: 2023 წლის 14 ნოემბერი

ნიკია  - მარია კოჩეტკოვა

სოლორი - ეფე ბურაკი

ჰამზათი - მარიამ ელოშვილი

დამდგმელი დირიჟორი: პაპუნა ღვაბერიძე
დამდგმელი მხატვარი: დავით მონავარდისაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: კირილ გასილინი
კოსტიუმების მხატვრის კონსულტანტი: ალექსანდრ ვასილიევი
განათების მხატვარი: სტიინ ბიარკე

დამდგმელი ქორეოგრაფების ასისტენტები: ტატიანა რასტორგუევა, ეკატერინე შავლიაშვილი
კოსტიუმების მხატვრის ასისტენტი: ნინო ოჩიაური

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი
დირიჟორი: პაპუნა ღვაბერიძე

ბალეტის ხელმძღვანელი: ნინო ანანიაშვილი

შინაარსი

ვრცლად

პირველი მოქმედება

პირველი სურათი

რაჯა დუგმანტას ახალგაზრდა ქშატრია მეომრები, მათ შორის მამაცი სოლორი, მთვარის ღვთაება ჩანდრას ტაძრის შემოგარენში ვეფხვზე ნადირობენ. ტაძარში განწმენდის რიტუალი ტარდება, სადაც ქალღმერთ რაკას სადიდებელ ლოცვას აღავლენენ.

ფაკირი მაჰდავაია ულამაზეს ბაიადერა ნიკიას შეატყობინებს, რომ სოლორი ღამით ტაძართან დაელოდება.

ტაძრის კარი იღება და გამოდის დიდი ბრაჰმანი, რომელსაც მოჰყვებიან ბრძენი წმინდანი მუნები, წინასწარმეტყველი რიშები, ღვთისმსახური ბრაჰმაჩარები. დიდი ბრაჰმანი ბრძანებს მოიყვანონ ბაიადერა ნიკია და ტაძრის სხვა მოცეკვავე  დევადასები.

დიდ ბრაჰმანს თავდავიწყებით უყვარს ულამაზესი ბაიადერა ნიკია და უქორწინებელი ცხოვრების აღთქმის მიუხედავად, სიყვარულს გაუმხელს მას. სანაცვლოდ ბრაჰმანი ნიკიას მთელ თავის სიმდიდრეს სთავაზობს. ნიკია დიდი ბრაჰმანის სიყვარულს უარით პასუხობს და შეახსენებს, რომ მან ცხოვრება ღმერთებს მიუძღვნა.

ღამით, ტაძრის წინ, ნიკია და სოლორი ერთმანეთს ხვდებიან. მამაცი მეომარი მშვენიერ ბაიადერას წმინდა ცეცხლთან მარადიული სიყვარულის ფიცს აძლევს და ემუდარება, რომ გაიქცნენ იქ, სადაც ბედნიერები იქნებიან.

ტაძრის კართან დიდი ბრაჰმანი გამოჩნდება, რომელიც შეყვარებულთა ალერსს ხედავს. ეჭვიანობით აღსავსე, განრისხებული ბრაჰმანი ღმერთებს თავისი საშინელი შურისძიების მოწმედ მოუხმობს.

 

მეორე სურათი

რაჯა დუგმანტას სასახლის დიდებული დარბაზი

რაჯა დუგმანტა თავის ულამაზეს ასულ ჰამზათის ატყობინებს, რომ მამაც მეომარ სოლორთან ქორწინების დღე დანიშნულია. შემოდის სოლორი, რომელსაც რაჯა ჰამზათის წარუდგენს და ახარებს, რომ მათი ქორწინება მალე შედგება. გაოგნებულ სოლორს ახსენდება უმშვენიერესი ნიკია და მისთვის მიცემული მარადიული სიყვარულის ფიცი. სოლორი უძლურია მბრძანებლის ნების წინაშე და წინააღმდეგობას ვერ უწევს.

ნიშნობის მისალოცად ჰამზათისთან ნიკია და დევადასები მოდიან. ნიკია ჰამზათის მოსასხამს აჩუქებს.

დარბაზში შემოდის დიდი ბრაჰმანი, რომელიც სოლორისადმი სიძულვილითა და შურისძიებითაა აღსავსე. მისი თხოვნით დუგმანტა იქ მყოფთ დაითხოვს. ბრაჰმანი რაჯას საიდუმლოს გაუმხელს: სოლორი ბაიადერა ნიკიას აღმერთებს და მასთან ერთად გაქცევაზე ოცნებობს. მოსმენილისგან განრისხებული რაჯა დიდ ბრაჰმანს ეტყვის, რომ მან ნიკიას განადგურება გადაწყვიტა. ბრაჰმანი ხვდება, სიკვდილის საფრთხე ნიკიას დაემუქრა, მას კი მხოლოდ სოლორის სიკვდილი სურდა.

დიდი ბრაჰმანი ემუდარება რაჯას შეიწყალოს ნიკია, მაგრამ დუგმანტა შეუვალია.

ჰამზათი შემთხვევით მოისმენს მამის საუბარს ბრაჰმანთან და ბაიადერას ნახვას გადაწყვეტს. ნიკიას მოსაყვანად ჰამზათი მსახურ აიას აგზავნის. ბაიადერა მორჩილად ეახლება რაჯას ქალიშვილს. ჰამზათი ნიკიასგან სოლორის სიყვარულზე უარის თქმას ითხოვს და სამკაულებს სთავაზობს, მაგრამ ბაიადერა არ თანხმდება. ჰამზათი შეურაცხყოფს ნიკიას: ეუბნება, რომ ის მხოლოდ მსახურია, ტაძრის მოცეკვავე. განრისხებული ბაიადერა მაგიდიდან ხანჯალს აიღებს და მეტოქეზე თავდასხმას ცდილობს, მაგრამ მსახური აია ქალბატონს გადაეფარება. შეშფოთებული ნიკია სასახლიდან გარბის.

ჰამზათი ბაიადერას სიკვდილით ემუქრება.

 

მესამე სურათი

რაჯა დუგმანტას სასახლის ბაღი

დიდი პროცესია პატივს მიაგებს ჰამზათის და სოლორს. ისინი საქორწინო ტახტზე სხედან. დუგმანტა ბაიადერას მოიხმობს და უბრძანებს ახალდაქორწინებულებისთვის იცეკვოს; მსახური აია, რაჯას დავალებით, ნიკიას ყვავილებით სავსე კალათს გადასცემს, როგორც სოლორის საჩუქარს. ნიკია ბედნიერია. მაგრამ ყვავილებში ჩამალული გველი სასიკვდილოდ დაგესლავს მას. ბრაჰმანი ნიკიას სიყვარულის სანაცვლოდ, შხამის საწინააღმდეგო წამალს სთავაზობს. ნიკია უარს ეუბნება დიდ ბრაჰმანს და სიკვდილს ამჯობინებს.

 

მეორე მოქმედება

სოლორი უსაზღვრო სევდას შეუპყრია. ნარგილეთი გაბრუებული სოლორის წინ მთვარის ქალღმერთი რაკა წარდგება, რომელიც სოლორს აჩრდილების სამეფოში იწვევს, სადაც ნიკიას სულიცაა.

რაჯა დუგმანტა, ჰამზათი, დიდი ბრაჰმანი და მათი თანმხლები პირები სოლორს სასახლის ბაღში პოულობენ. სოლორი ჰამზათს ეახლება. დიდი ბრაჰმანი მათ დალოცავს.

გაისმის ჭექა-ქუხილი. განრისხებული ღმერთები ყველას სიკვდილს მოუვლენს.

მთვარის ქალღმერთს  სოლორის სული ნიკიასთან ზეცაში მიჰყავს.