Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

კახი სოლომნიშვილი

კახი სოლომნიშვილი არის სლოვენიის ფილარმონიული ორკესტრის მთავარი დირიჟორი, თბილისი ოპერისა და ბალეტის და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი.
დაიბადა 1990 წლის 9 მაისს, თბილისში. მუსიკალური კარიერა პიანისტობით დაიწყო და აქტიურად მონაწილეობდა ფესტივალებსა და კონცერტებში.
2007 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტზე, რომელიც მან 2013 წელს მაგისტრის ხარისხით დაამთავრა.
2011 წელს კახი სოლომნიშვილი დაინიშნა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ასისტენტ-დირიჟორად. 2014 წლიდან - ამავე თეატრის დირიჟორია.
2016 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, რომლის დირიჟორიც 2017 წლიდან გახდა.
2017 წელს მიენიჭა „წინანდლის პრემია” მუსიკის დარგში.
2022 წლიდან ის ასისტენტობას უწევს მაესტრო შარლი დუტუას და აქტიურად თანამშრომლობს ბუენოს აირესის ფილარმონიულ ორკესტრთან და teatro Colon-თან, სადაც მისი დებიუტი სტრავინსკის ოპერა „ქარაფშუტას თავგადასავლის“ პრემიერით შედგა. 2024 წელს, ამავე თეატრში დადგა ჟორჟ ბიზეს „კარმენი”. 
2023 წლიდან კახი სოლომნიშვილი აქტიურ თანამშრომლობას იწყებს სლოვენიის ფილარმონიულ ორკესტრთან, 2024 წლიდან - ამ ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოზიციას იკავებს.

უთანამშრომლია ისეთ საერთაშორისო და ნაციონალურ ორკესტრებთან, როგორებიცაა: პოლონეთის ფრედერიკ შოპენის სიმფონიურ ორკესტრი, საქართველოს სინფონიეტა, ისრაელის სინფონიეტა, Teatro Colon-ის ორკესტრი და ა.შ.
მის სამომავლო გეგმებშია კონცერტები Teatro Colon-ში, სლოვენიის ფილარმონიულ ორკესტრთან, ბუენოს აირესის ფილარმონიულ ორკესტრთან და მონტე კარლოს ფილარმონიულ ორკესტრთან თანამშრომლობა. დირიჟორის რანგში მართა არგერიხის და ლუბლიანას ფესტივალებში მონაწილეობა, გასტროლები სლოვენიის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად გერმანიაში, იტალიაში, იაპონიასა და
სამხრეთ კორეაში.