Opera
GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ადოლფ ადანი

ჟიზელი

ბალეტი ორ მოქმედებად

ჟან კორალის, ჟიულ პეროს და მარიუს პეტიპას ქორეოგრაფია

თეოფილ გოტიეს და ჟიულ ანრი სენ-ჟორჟის ლიბრეტო

ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა

 

ჟიზელი - ტომონე კაგავა (პირველი შესრულება)

გრაფი ალბერი - მასაკი გოტო

მირტა- მარიამ ლომჯარია

 

დამდგმელი დირიჟორი დავით მუქერია

დამდგმელი მხატვარი ვიაჩესლავ ოკუნევი

განათების მხატვარი პოლ ვიდარ საევარანგი

დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტი ტატიანა რასტორგუევა

 

თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი

დირიჟორი ლევან ჯაგაევი

ბალეტის ხელმძღვანელი

ნინო ანანიაშვილი

 *დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მეორე მოქმედებიდან დაიშვება

 

სპექტაკლის პრემიერა 1841 წლის 28 ივნისს პარიზში, მუსიკის სამეფო აკადემიის თეატრში შედგა. „ჟიზელს“ საფუძვლად დაედო ძველი სლავური პოეტური ლეგენდა „ვილისების“ – ქორწილამდე გარდაცვლილი ქალწულების შესახებ.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე „ჟიზელი“ პირველად 1942 წელს დადგა ვახტანგ ჭაბუკიანმა (მეორე მოქმედება). 1946 წელს, ქორეოგრაფმა თბილისელ მაყურებელს ამ ბალეტის სრული ვერსია წარუდგინა, რომელიც 2006 წლამდე სრულდებოდა.

2006 წლის 17 მარტს თეატრში გაიმართა „ჟიზელის“ ახალი რედაქციის პრემიერა, რომლის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნის.

შინაარსი

ვრცლად

შინაარსი

პირველი მოქმედება

გრაფი ალბერი, რომელსაც სოფლის გლეხი გოგონა ჟიზელი უყვარს, საკუთარ დიდგვაროვნებას მალავს. მეტყევე ჰანსი ასევე შეყვარებულია ჟიზელზე და მის ცოლად შერთვაზე ოცნებობს. მას ეჭვი აქვს, რომ ალბერი დიდგვაროვანია და ცდილობს გამოარკვიოს ეს. მარტოდ დარჩენილი ჰანსი იმ ქოხიდან, სადაც ალბერმა თავისი დაშნა და მოსასხამი დამალა, მის დაშნას მოიპარავს, რომელზეც გრაფის გერბია ამოტვიფრული.

გაისმის ნადირობის მაუწყებელი საყვირების ხმა. ჰერცოგი და მისი მშვენიერი ასული ბატილდა, რომელიც დანიშნულია გრაფ ალბერზე, მეგობრებთან ერთად სწორედ იმ სახლის წინ ჩერდებიან, სადაც ჟიზელი და დედამისი ბერტა ცხოვრობენ. ჰერცოგის ქალიშვილი მოიხიბლება სოფლელი გოგონას უმანკოებით. ჟიზელი უყვება მას, რომ დანიშნულია და თხოვდება. ბატილდა ჟიზელს ყელსაბამს ჩუქნის და მოსასვენებლად მასთან სახლში შედის.

სოფელში მოსავლის აღებას ზეიმობენ, სადაც ჰანსი ჟიზელს უყვება სიმართლეს ალბერის შესახებ და აჩვენებს მის დაშნას. გოგონა ცდილობს პასუხი მიიღოს ალბერისგან. შეძრწუნებული ჟიზელი ცდილობს ალბერის დაშნით მოიკლას თავი. მას ესმის როგორ იხმობენ ვილისები და ჭკუიდან შეშლილი დედამისის მკლავებში კვდება.

 

მეორე მოქმედება

შუაღამეა. სოფლის სასაფლაოზე მთვარიან ღამეს გამოჩნდებიან ვილისები, ქორწინებამდე გარდაცვლილი ქალწულები. ისინი შეამჩნევენ ჰანსს, რომელიც ჟიზელის საფლავზე მოვიდა. ვილისები, თავიანთი მკაცრი მბრძანებლის, მირტას განკარგულებით, ჰანსს თავბრუდამხვევ ცეკვაში იწვევენ და აიძულებენ იცეკვოს მანამ, სანამ მიწაზე უსულოდ არ დაეცემა.

ჟიზელს ვერ ივიწყებს ალბერიც. ღამით ისიც მიდის საფლავთან და მაშინვე ვილისების გარემოცვაში ექცევა. ჰანსის საშინელი ბედის გაზიარება ალბერსაც ემუქრება. მაგრამ ჟიზელის აჩრდილის გამოჩენა, რომელსაც შეუნახავს თავგანწირული სიყვარული ალბერისადმი, იცავს და იხსნის მას ვილისების რისხვისაგან.

მზის პირველ სხივებთან ერთად ისმის ზარების ხმა, რომელთან ერთადაც ვილისების თეთრი აჩრდილები ძალას კარგავენ. უჩინარდება ჟიზელის აჩრდილიც, თუმცა იგი ყოველთვის იცოცხლებს ალბერის ხსოვნაში, როგორც მარადიული სევდა დაკარგული სიყვარულისადმი, რომელიც სიკვდილზე ძლიერია.